LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შენდებოდა საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტი ატომური ელექტროსადგური რუსეთსა და უკრაინაში და რატომ ვერ განახორციელეს გეგმა საქართველოში

911
275435830_941281909886179_6816511374300124329_n

პირველი ატომური ელექტროსადგური მსოფლიოში ყოფილ საბჭოთა კავშირში, 1954 წლის 27 ივნისს ამუშავდა. სადგური ქალაქ ობნისკში, მოსკოვის მახლობლად აშენდა.

საბჭოთა კავშირში ატომური ელექტროსადგურები ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში შენდებოდა. რამაც  დღეს უკრაინას პრობლემები შეუქმნა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ  პუტინმა, უკრაინაში ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უკრაინას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს ბირთვული იარაღის შესაქმნელად, და  რომ ურანის გასამდიდრებლად მათ ყველაფერი აქვთ. სხვა ქვეყნებმა კი იმავეს გაკეთება რომ მოინდომონ, ჯერ ის უნდა ააშენონ, რაც უკრაინას მემკვიდრეობით უკვე ერგო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

რატომ იყო პრიორიტეტული ატომური ელექტროსადგურის აშენება რუსეთსა და უკრაინაში და სად იყო ამ დროს საქართველო, რატომ არ მოიაზრებოდა საქართველო ამ ყველაფერში?

თემაზე „ფორტუნა“ ენერგეტიკოს გია არაბიძეს ესაუბრა. 

 

 

„ატომურ ელექტროსადგურებში გამდიდრებული 4,5, 6 პროცენტიანი ურანი გამოიყენება. ატომურ ბომბს კი სჭირდება, რომ ის 90 %-მდე გამდიდრდეს.
მაგრამ მოდით, უფრო ვისაუბროთ  საკითხზე, რატომ შენდებოდა უკრაინასა და რუსეთში და რატომ არ იყო ეს პრიორიტეტი საქართველოში.

რუსეთისა და უკრაინის ელექტროენერგიის მოხმარება რამდენჯერმე აღემატებოდა საბჭოთა კავშირში შემავალი სახელმწიფოების ელექტროენერგიის მოხმარებას.

უკრაინაში ძალიან ცოტა არის ისეთი მდინარე, რომელთა ენერგია შეიძლება გამოყენებული იქნეს ელექტროენერგიის მისაღებად.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინის ელექტრომომარაგების მხოლოდ 7 %  მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე.  ქვეყანაში არ იყო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის პირობები. არ იყო მთის მდინარეები.

უკრაინაში მიმართულება წავიდა 2 გზით: პირველი – თბოელექტროსადგურების მშენებლობა თავიანთი ნახშირის ბაზაზე. იცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახშირი მოიპოვება უკრაინაში. უკრაინის ელექტრომომარაგების 47 % დღეისათვის არის თბოელექტროსადგურები, რომელიც ნახშირით და ნავთობით მუშაობს
და მეორე – ატომური ელექტროსადგურები, რომელიც  43 %-ს შეადგენს,“- ამბობს გია არაბიძე „ფორტუნასთან“.

 

„რატომ მოიხმარდა უკრაინა ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას“

 

„უკრაინაში იყო უზარმაზარი საბჭოთა კავშირის მრეწველობა, დაწყებული სამხედრო მრეწველობით.

უამრავი მეტალურგიული ქარხანა იყო, რომელსაც სჭირდებოდა ელექტროენერგია.

თავისთავად, მოსახლეობაც ბევრი იყო, მაგრამ მრეწველობა იყო ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული და აქედან გამომდინარე, მას სჭირდებოდა განვითარება,” – განმარტავს ენერგეტიკოსი.

 

რატომ ვერ ააშენეს ატომური ელექტროსადგური საქართველოში

 

„1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის მთავრობამ გადაწყვიტა ატომური ელექტროსადგური საქართველოშიც აეშენებინა.
ერევანში მოგეხსენებათ 2 აგრეგატი იდგა, დღეს ერთი მუშაობს.

შედგენილი იქნა 27-ტომიანი პროექტი. საქართველოში მე-9, მე-10 და მე-11 თბოელექტროსადგურებთან ერთად დაიგეგმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

ყველაზე დიდი პრობლემა შეიქმნა ადგილის შერჩევისას. კარგ ადგილას იქნა მიჩნეული გალის რეგიონი, რადგან ატომურ ელექტროსადგურებს სჭირდება ძალიან დიდი რაოდენობის გამაციებელი წყალი, აუცილებელია  წყლის დიდი რეზერვუარები.

ამიტომ არის აშენებული ზაპოროჟიეს ელექტრული სადგური და გნებავთ, ჩერნობილი პრიპიატთან, მდინარეებთან ახლოს,  მათ დიდი რაოდენობით გამაციებელი წყალი სჭირდებათ.
ამ ლოკაციით, გალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ გეოლოგებმა დასვეს სერიოზული პრობლემა, რადგან იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სადგური უნდა აშენებულიყო, გეოლოგიურად არამდგრადი გამოდგა და მეწყრული საშიშროებები იყო.

 

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური

 

მოიძებნა მეორე ლოკაცია. ერთი უნდა ყოფილიყო გარდაბანი, სადაც ახლა თბოელექტროსადგურებია განთავსებული, მაგრამ წყლის ხარჯი, პლუს ატომური, არ ჰყოფნიდა და გადაწყდა შენებლობის დაწყება დედოფლისწყაროში.

არამარტო პროექტი იყო უკვე მზად, არამედ მშენებარე ატომური ელექტროსადგურის დირექტორიც კი გვყავდა ჩვენ, ზურაბ მინდელი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ენერგეტიკის მინისტრი გახდა.

ის გახლდათ მშენებარე ატომური ელექტროსადგურის დირექტორი. ადმინისტრაციაც იყო ჩამოყალიბებული და გარკვეული სამუშაოებიც ტარდებოდა. ზურაბ მინდელი მანამდე ერაყში მუშაობდა და იქიდან იყო ჩამოსული.

მოვიდა 1986 წლის 26 აპრილი, ჩერნობილის ავარია და იქიდან შეწყდა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა არამარტო საქართველოში არამედ ბევრ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ამ სიტუაციამ დაამუხრუჭა საქართველოში ატომური ენერგეტიკის განვითარება, რომ არ მომხდარიყო ჩერნობილი, შესაძლოა, ჩვენ ახლა გვქონოდა ატომური ელექტროსადგურის ერთი ბლოკი მაინც.

მაშინ კვლევებიც და სამეცნიერო ნაშრომებიც კი შეწყდა ატომურ ენერგეტიკის მიმართულებით. ჩემი სამეცნიერო ნაშრომიდან ასსზე მეტი გვერდი ამოვიღე. საქართველოს პერიფერიაზე არავის სცხელოდა ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად და ეს საკითხი საერთოდ მოკვდა.

ჩერნობილის აფეთქებამ საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაასამარა და შესაძლოა კარგიც ქნა, რომ დაასამარა.

თუ საექსპლუატაციო პირობები დაცულია, საშიში არაა ატომური სადგური. ატომურ ელექტროსადგურში, ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში დასხივებისგან და ა.შ. დაავადებული და გარდაცვალებული ხალხის დაახლოებით 50 -ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სიგარეტის მოწევის შედეგად ფილტვის კიბოთი გარდაცვლილი ხალხის რაოდენობა. ანუ ეს სადგური არის ძალიან საშიში საექსპლუატაციო პირობების დარღვევის დროს.

 

ჩერნობილის ავარია. 1986 წელი

 

ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციისა და მშენებლობის გამოცდილება საქართველოში არავინ ჰქონია.

სომხეთშიც ატომურ ელექტროსადგურზე უმეტესად რუსები მუშაობენ.

ატომურ სადგურის შენახვა და სწორი ექსპლუატაცია სჭირდება. იმ ქაოსებს, რაც ჩვენ გამოვიარეთ აუცილებლად  დაემატებოდა  ის პრობლემები, რაც შეიძლება  ატომური ელექტროსადგურს მოჰყვეს.

მისი თანამშრომლები აუცილებლად იქნებოდა არაქართველი მოქალაქე, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეგვიქმნიდა გასული საუკუნის -90-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მომარაგების თვალსაზრისით ბევრ პრობლემას მოგვიგვარებდა.

მაგრამ ელექტროენერგიით მომარაგება გენერაციის საკითხია, მაგრამ პოლიტიკური და ტექნიკური უსაფრთხოება კიდევ სხვა საკითხია“. – ამბობს გია არაბიძე „ფორტუნასთან“.

 

ცნობისთვის დღეს,  უკრაინაში 15 ბირთვული რეაქტორი მოქმედებს ოთხ ელექტროსადგურზე და გამოიმუშავებს ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს.

ჩერნობილის კატასტროფამდე ყველაზე დიდი ავარია აეს-ში, რომელიც მსოფლიომ შეიტყო და რომელმაც აშშ-ში შეცვალა ატომური ენერგეტიკის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, მოხდა 1979 წელს ვაშინგტონიდან 120 კმ-ით დაშორებულ აეს-ში – კუნძულ ტრიმაილ-აილენდზე.

1986 წლის აპრილამდე ჩერნობილის აეს-ში ენერგობლოკები 104-ჯერ იყო ავარიულად გამორთული. აქედან მხოლოდ 35-ჯერ გამორთეს პერსონალის მიზეზით.

2011 წლის 11 მარტს იაპონიაში 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამი მოჰყვა. ცუნამმა კი ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა 1“- ზე ავარია გამოიწვია.

იყო სხვა ბევრი ავარიაც, მაგრამ მსოფლიომ ჯერ ვერ თქვა უარი ატომურ ელექტროსადგურებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები