LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიხრული მინანქრის სახელოსნოს წარმატების გზა წეროვანში – „წამოწყებას სკეპტიკურად ვუყურებდი, ვფიქრობდი, დევნილთა დასახლებაში ვინ მოვა-მეთქი.. ვცადეთ და გაამართლა“/„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

17
იკ

სოციალური საწარმო „იკორთა“ ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაიწყო.

ადგილობრივი ქალების მიერ ჩადებული მცირე ინვესტიციით შექმნილი სოციალური საწარმო, დღეს უკვე მინანქრის წარმატებული სახელოსნოა, რომელიც დევნილთა დასახლებაში ქმნის სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

„იკორთას“ მისიაა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პირების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

ამისთვის საწარმო სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლების დასაქმებაზე ზრუნავს და ორგანიზებას უწევს პროფესიული გადამზადების კურსებს.

 „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ნანა ჩქარეული – „იკორთას“ დამფუძნებელი საუბრობს.


– რადიო „ფორტუნა“ და გადაცემა „ბიზნესკურიერი“ ხშირად უთმობს დროს სოციალურ საწარმოებს, რომლებიც გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, სოციალური საქმიანობითაც არიან დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია..

ნანა, გვიამბეთ სიახლეებზე, რასაც უახლოეს პერიოდში გეგმავთ. როგორც ვიცი, პანდემიის პერიოდის შემდეგ ახალი კოლექცია გამოუშვით.

– პანდემია ჩვენთვის იყო გამოწვევა. პროდუქციას, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, ძირითადად ტურისტებზე იყო გათვლილი.

პანდემიამ გვაჩვენა, რომ ტურიზმი როდესაც შეჩერებულია, ჩვენი წარმოება და შემოსავლებიც გაჩერდა.

პრობლემის საპასუხოდ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა და გვემუშავა ახალ კოლექციაზე, რომელიც უფრო ქართულ მომხმარებელზე იქნებოდა გათვლილი.

მომზადებას რაღაც პერიოდი დასჭირდა, იმისათვის, რომ ეს კოლექცია ჩამოყალიბებულიყო, შექმნილიყო და დამზადებულიყო.

სულ ცოტა ხნის წინ გავუშვით გაყიდვაში. დიდი მოწონებით სარგებლობს მომხმარებელში და მგონია, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთი ტიპის საწარმო ქმნის პროდუქციას, მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირება, იმისთვის, რომ ისეთი ტიპის გამოწვევებს უპასუხოს, როგორიცაა პანდემია.

– მესმის, რომ თქვენი ბიზნესი ტურიზმზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ახლა სიტუაცია გამოსწორდა. როგორც ვიცი, თქვენთან სტუმრები მასტერკლასებზე მოდიან. უყვებით ისტორიას, იმ აგრესიაზე, რაც თქვენ და თქვენმა თანასოფლელებმა გამოცადეთ.
როგორი როგორი რეაქციაა აქვთ ტურისტებს თქვენს ისტორიაზე?

– ჩვენი ვორქშოფი გამორჩეულია. შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვორქშოფიდანაა მიღებულია. ეს არამხოლოდ ჩვენი პროდუქციის გაყიდვას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი საჭიროებების და პრობლემების ადვოკატირებისთვისაც ძალიან საინტერესოა.

ვორქშოფი ისე გვაქვს შედგენილი, რომ არამარტო ჩვენ ტექნოლოგიაზე და მინანქარზე ვუყვებით ჩვენს სტუმრებს, არამედ ვუყვებით დევნილთა ჩასახლების ისტორიასაც. ვუყვებით ადამიანებზე, რომლებიც აქ დასახლდნენ.

ვუყვებით ოკუპაციაზე და ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენი, დევნილების ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს და ასევე მოვახდინოთ ჩვენი საჭიროებების ადვოკატირება.

სიმართლე გითხრათ, ამ წამოწყებას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ საქართველო როდესაც ასეთი ლამაზი და საინტერესოა უცხოელი ტურისტებისთვის, მაინცდამაინც დევნილთა დასახლებაში ვინ უნდა მოვიდეს -მეთქი, მაგრამ ჩვენ ვცადეთ და შემიძლია, ვთქვა, რომ გაამართლა.

ნამდვილად დიდი ინტერესი ჩანს ჩვენი სტუმრების მხრიდან საკითხისადმი, სვამენ ძალიან ბევრ კითხვებს და მგონია, რომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ – საქართველოს უახლოესი წარსულის პოპულარიზაციას ვახდენთ და ვავრცელებთ ინფორმაციას მთელ მსოფლიოში იმის შესახებ, თუ რა მოხდა უახლოესი 20 წლის განმავლობაში.

– რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული. ფიქრობთ თუ არა გაფართოებას და როგორ მიდის ბიზნესის პროცესი, როდესაც შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა?


– ამ ეტაპზე საწარმოში 6 ადამიანია დასაქმებული. თუმცა კოვიდამდე 12 ადამიანი მუშაობდა ჩვენთან. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი მიზანია, დავუბრუნდეთ კოვიდამდელ პერიოდის მდგომარეობას და უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია გაყიდვებზე, შემოსავლებზე და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის და მომავალი წლის დასაწყისისთვის, ძალიან ბევრი სიახლე შეგვეძლება შევთავაზოთ ადამიანებს, რომლებიც წეროვანში ცხოვრობენ. გვინდა მათ შევთავაზოთ დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

– ძირითადად რა ტიპის ნამუშევარი მოსწონს უცხოელ ტურისტს? რელიგიური ნივთების შეძენა უფრო უნდათ, თუ ვთქვათ, სამკაულების?

– რელიგიური დატვირთვის ნივთები ნაკლებად მოსწონთ, თუმცა არიან ხოლმე ჯგუფები, რომლებიც ამ თემით ინტერესდებიან, მაგრამ  ძირითადად სამკაულები მოსწონთ.

ტურისტი, რომელიც საქართველოში მოდის, უკვე იცის, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც შეიძლება შეიძინოს, არის ტიხრული მინანქრის სამკაული. ამისთვის წინასწარი მზაობა თითქმის უკვე აქვთ.

ჩვენ საწარმოს იმიტომ არჩევენ, რომ მემინანქრეები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, თვითონვე არიან თავიანთი ნამუშევრის ავტორები.
ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია არის ძალიან მრავალფეროვანი და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს შეუძლია იპოვოს ის ნივთი, რომელიც მისთვის არის სასურველი.

უკუკავშირს ხშირად ვიღებთ ხოლმე ჩვენი მომხმარებლებისგან. მათ ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩვენ მრავალფეროვან პროდუქციაში ამოარჩიონ ის, რაც უნდათ.

ძირითადად ვქმნით სამკაულებს, საყურეებს, კულონებს, ჯვრებს და ასევე გვაქვს მხოლოდ ვერცხლის სამკაულის ხაზის სამკაულები და სუვენირები საქართველოს ხედები მინანქარში გადატანილი, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებში საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს.

– სოციალური საწარმოები ხშირად გარკვეულ დაფინანსებას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან და ორგანიზაციებიდან. ამ მიმართულებით თუ გამოსწორდა მდგომარეობა?

– ვფიქრობ, რომ სოციალური საწარმოებისთვის დონორების მხრიდან აღმოჩენილი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სტარტს იღებენ არაკონკურენტულ გარემოში, ნაკლები შესაძლებლობებით, ამიტომ გარკვეულ ეტაპებზე მათ ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. ამ ტიპის დახმარებები სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირადაა.

გამიჭირდება რომ ვთქვა, ეს დახმარება გაიზარდა, თუ შემცირდა.

გარდა ფინანსური საგრანტო პროგრამებისა, არსებობს ძალიან კარგი საკონსულტაციო პროგრამები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია საწარმოების განვითარებისთვის. უმრავლეს შემთხვევაში სოციალური საწარმოები, რომლებიც საქართველოშია იქმნება ხოლმე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბაზაზე, ადამიანების ჯგუფის მიერ, რომლებსაც არ აქვთ ბიზნეს გამოცდილება, მაგრამ აქვთ დიდი მოტივაცია, რომ ასეთი ტიპის საქმიანობა აწარმოონ.

საკონსულტაციო მომსახურებებს, რომელსაც ანაზღაურების გარეშე ვიღებთ, არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ტიპის ორგანიზაციებისთვის.

ვსარგებლობთ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერითაც, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ძალიან ადგება ხოლმე ორგანიზაციას, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს თვითშენახვადი ბიზნესი და ძირითად ოპერაციებს საკუთარი შემოსავლებით ვახორციელებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები