აკაკი წერეთელი

a58b0f3858c8f0ccc2b3e086d19258a4

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.

აკაკის ძლიერ უყვარდა თავისი სოფელი სხვიტორი, მოსწონდა მისი წარმტაცი ბუნება. განსაკუთრებით ხიბლავდა მდინარე ჩიხურა, რომლის შესახებ წერდა: “წყლებში ყოველგვარ მდინარეს ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთ მათგანს _ ჩიხურას ვაძლევ. ეს იყო საკუთარი ჩემი ემბაზი და პირველი სარკე”.

აკაკის მამა თავადი როსტომ წერეთელი იმერეთში ცნობილი მებატონე ყოფილა, თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული და მწიგნობარი, მჭერმეტყველი, მოსწრებული სიტყვა-პასუხის კაცი, ხანდახან ენამწარეც .

პოეტის დედა ეკატერინე აბაშიძე შვილიშვილი იყო იმერეთის მეფე სოლომონ პირველის ასულის _დარეჯანისა. აკაკი წერეთელი თავისი მშობლების დახასიათებას თვითვე იძლევა “ჩემს თავგადასავალში”.

აკაკის დედა მეტად მხნე, გამრჯე, შრომისმოყვარე ადამიანი ყოფილა. მთელ ოჯახს თურმე ის განაგებდა. მამა საოჯახო საქმეებისათვის არ იწუხებდა თავს. მეურნეობის მართვა-გამგეობაში თითქმის სრულებით არ მონაწილეობდა…

ძველად ქართველ ფეოდალებს ჩვეულება ჰქონიათ: შვილებს ძიძას აზრდევინებდნენ. “ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება,- გადმოგვცემს აკაკი,- ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში; მეფეები და მთავრები ერისათავებს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავიანთ შვილებს, ერისტავები და დიდებულები- აზნაურებს და აზნაურები კი_ გლეხებს, უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ”.

პატარა აკაკი სხვიტორის მახლობლად სოფელ სავანეში იზრდებოდა გლეხის ქალის, ფარსადან ყინჩაველის მეუღლის მანო სადუნაშვილის მზრუნველობით.

აკაკი დიდი სიყვარულით აღწერს თავის “თავგადასავალში” სოფელ სავანეს და იქ გატარებულ დროს. ” საწერეთლოში , ზემო იმერეთში, _ წერს აკაკი,_ ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც , ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი, როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამოტომაც დაურქმევიათ “სავანე” , ე.ი. მოსასვენებელი ადგილი… აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც”.

სოფელში აკაკი უშუალოდ გაეცნო გლეხის ყოფა-ცხოვრებას, გლეხის ჭირსა და ლხინს , რამაც მასზე მეტად კარგი გავლენა მოახდინა. არ შემიძლია არ გამოვტყდე,-წერს აკაკი, _ რომ თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი”.

სოფელში გატარებულმა ბავშვობის წლებმა ჩაუყარეს საფუძველი აკაკის სიყვარულს მშრომელი ხალხისადმი.

ექვსი წლის ასაკში მშობლებმა ძიძას მოაშორეს და ოჯახსი დააბრუნეს. სასახლეში პატარა აკაკიმ პირველ ხანებში მოიწყინა, ეს გარემოება დედას არ დარჩა შეუმჩნეველი და გასართობად შვილს ტოლი ბიჩები მიუჩინა. ” მე ამხანაგებთან ერთად, _მოგვითხრობს აკაკი, _ დილიდან საღამომდე სულ მინდორში დავრბოდი, მხოლოდ სადილად დამიძახებდნენ ხოლმე”.

აკაკის სწავლა-განათლებას ოჯახში დედა და მისი უფროსი და ხელმღვანელობდნენ. ანამ შასწავლა ქართული წერა-კითხვა, დედამ კი _ რუსული. აკაკის ბავშვობაში გადაუკითხავს “ვეფხისტყაოსანი”.

1850 წ. ათი წლის აკაკი ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც გამეფებული იყო სწავლების სასტიკი რეჟიმი და ცემა-ტყეპა, რომელიც ჭირივით შეიძულა მომავალმა პოეტმა.

1859 წელს აკაკი გამოვიდა გიმნაზიის მეშვიდე კლასიდან და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. აქ იგი ეწვია თავის ძმას _ ილიკოს. როგორც ვიცით აკაკის განზრახული ქონდა სამხედრო სამსახურში შესვლა და თანაც ისეთი პირობებით, რომ სწავლის განგრძობის საშუალებაც მისცემოდა. მაგრამ ასეთი სამხედრო უწყების აღმოჩენა ძნელი შეიქნა.

1908 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ხალხმა გადაიხადა საყვარელი პოეტის სამწერლო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლის იუბილე

1909 წლის ივლისში აკაკი წერეტელი პარიზში გაემგზავრა სამკურნალოდ, იქ მყოფმა ქართველობამ აკაკის გაუმართა ბანკეტი, რომელზედაც პოეტმა სიტყვა წარმოთქვა. პარიზის გაზეთებმა წერილები უძღვნეს დიდებულ ქართველ პოეტს.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ აკაკი წერეთელი გაემგზავრა პეტერბურგს , სადაც იმ დროს იმყოფებოდა პოეტის ცოლ-შვილი. პეტერბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, რუსეთისა და სხვა მოძმე ერთა მოწინავე საზოგადოებასთან ერთად, საგანგებო შეხვედრა მოუწყეს საყვარელ პოეტს. პეტერბურგიდან აკაკი მიიწვიეს მოსკოვში.

1914 წლის 24 დეკემბერს პოეტს დამბლა დაეცა. ეს სამწუხარო ამბავის ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს. ხალხი გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს საყვარელი პოეტის ჯანმრთელობას. მის სანახავად სხვიტორში სისტემატიურად მიდიოდა მოწინავე ქართველი საზოგადოება. სოფლებიდან შეუჩერებელ ნაკადად მიედინებოდნენ მშრომელები ავადმყოფის სანახავად.  1915 წლის 25 იანვარს კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა. ქართველმა ხალხმა საყვარელი პოეტი უღრმესი მწუხარებითა და პატივისცემით წაასვენა სხვიტორიდან თბილისს და დიდი გლოვით დაკრძალა მთაწმინდაზე, ქართველ მოღვაწთა პანთეონში.

ილია ჭავჭავაძე

ილია

ილია  ჭავჭავაძე დაიბადა  1837  წლის 27 ოქტომბერს სოფელ ყვარელში .  ილიას  მამა, გრიგოლ პაატას ძე  ჭავჭავაძე,  ერთ დროს  ოფიცრად მსახურობდა   ნიჟეგოროდის  დრაგუნთა  პოლკში,  შემდეგ  კი  თავი  დაანება  ოფიცრობას (ამ დროს  მას  პორუჩიკის ჩინი  ჰქონდა)  და  საბოლოოდ  დასახლდა  მამაპაპეულ  მამულში.  მთელს  კახეთში  მას  იცნობდნენ  როგორც  ენამახვილსა  და  სიტყვამოსწრებულს  (გარდაიცვალა  1852 წელს ).  ილიას  დედა  მაგდა  (მარიამ),  თბილისელი  მოქალაქის  _ ქრისტეფორე  ბებურიშვილის  ქალი იყო.  მარიამი  ფრიად  ნაკითხი  და განათლებული  ქალი  ყოფილა .  მარიამი  სულ  მთლად  ახალგაზრდა  გარდაიცვალა    1848  წელს.  ილია  მაშინ  10  წლისა  იყო .

გრიგოლსა  და  მარიამს  ექვსი  შვილი  ჰყავდათ  ( კონსტანტინე ,  ნინო,  ილია,  ელისაბედ,  თეიმურაზ (თემური)  და  სვიმონი ).

პატარა  ილია  გულკეთილი, წესიერი,  ფაქიზი  ბავშვი  ყოფილა.  პოეტის  დის  გადმოცემით  ილია  ბავშვობიდანვე  თავის  ტოლებში  გამოირჩეოდა  როგორც  მშვიდი , წყნარი ,  და -ძმობაში  მოსიყვარულე.

პირველდაწყებითი  სწავლა  ილიამ  სოფლის  საშინაო  სკოლაში  მიიღო.  8  წლის  ბავშვი  მშობლებს  სასწავლებლად  მიუბარებიათ  ადგილობრივი  სოფლის  მთავარ  დიაკვანთან .  დიაკვანს  კარგად  სცოდნია  მდიდარი  ქართული  მწერლობა  და  საქართველოს  ისტორია.  ამ  სკოლაში  მომავალი  პოეტი  სწავლობდა  გლეხის  შვილებთან  ერთად.  ილია  მოგვითხრობს  :  “ყველანი  შინიდან  დავდიოდით  მთავართან  დილ-დილით  და  სწავლა  გვქონდა  მხოლოდ  შუადღემდე.  წერა-კითხვას,  როგორც   მახსოვს,  სულ  ერთ  საათს  არ  ვანდომებდით  ხოლმე ,  დანარჩენი დრო  შუადღემდე  იმაში  გადიოდა,  რომ   ვისხედით  და  ვისმენდით  იმის  გასატაცებელ ნაამბობს “.

1848-1851  წლებში  ილია  სწავლობდა  იანიშევსკისა  და  ჰაკეს  პანსიონში  .

დაობლეებულ ილიასა და მის და-ძმებს  პატრონობდა მამიდა მაკრინე ,  რომელიც  საკმაოდ  განათლებული  და  ნაკითხი ადამიანი  ყოფილა.

პანსიონის შემდეგ (1852-1856) ილიამ თბილისის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა. მომავალი პოეტი გიმნაზიაში მეცადინეობისას დიდ ნიჭსა და უნარს იჩენდა. სასწავლო საგნებს გულმოდგინებითა და საფუძვლიანად სწავლობდა.

1856 წელს ილიამ გიმნაზია დაამთავრა და დაიწყო მზადება უნივერსიტეტში შესასვლელად.

1857 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ილია ჭავჭავაძე პეტერბურგს გაემგზავრა. რუსეთს მიმავალ ჭაბუკს სამშობლოსთან დაშორების გამო გული მწუხარებით ევსებოდა. ეს განწყობილება მან კარგად გამოხატა ლექსში “ყვარლის მთებს” .

ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ილია ჭავჭავაძე ჩავიდა პეტერბურგს და შეუდგა უნივერსიტეტშიშესასვლელი გამოცდებისათვის მზადებას (რაკი ილიას გიმნაზიაში გამოსაშვები გამოცდები არ ჩაუბარებია, ამიტომ მისთვის სავალდებულო იყო უნივერსიტეტში შესასვლეი გამოცდების ჩაბარება).

ილიამ ჩააბარა  უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტად. საჭირო ფულადი სახსრების  უქონლობის გამო იგი ღარიბად ცხოვრობდა;  ახლობლებთან და ნათესავებთან  გამოგზავნილ  წერილებში პოეტი უჩიოდა უფულობას,  მიუხედავად მძიმე  მატერიალური მდგომარეობისა ,  ილია ჭავჭავაძე დაეწაფა სწავლას, შეუდგა  მეცნიერების დაუფლებასა და თვითგანვიტარებას .

1861  წლის ოქტომბერში  მეოღხე კურსის სტუდენტი  ილია ჭავჭავაძე იძულებული გახდა უნივერსიტეტში სწავლისათვის თავი დაენებებინა რეაქციული წესებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

ილია ბრუნდება საქართველოში და  მეთაურობს თავისი  ქვეყნის ა და ხალხის ბრძოლას ეროვნული და სოციალური  ჩაგვრის  მძიმე უღლისაგან  განთავისუფლებისათვის .1863  წელს ილიამ ცოლად შეირთო ოლღა გურამიშვილი.

1864 წლის აპრილში ილია დაინიშნა  ქუთაისის  გენერალ – გუბერნატორის  საგანგებო  მინდობილობათა  მოხელედ .

1907  წლის  30 აგვისტოს , დღის 3 საათზე  წიწამურთან მოკლეს ილია  .

ნიკოლოზ ბარათაშვილი

nikoloz_baratashvili

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა – ეფემია, და გრიგოლ  ორბელიანისა, ერეკლე  II-ის  შვილიშვილი იყო. თბილისის  კეთილშობილთა გიმნაზია   (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ  დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად, რუსეთში   გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832   წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844  წელს დაინიშნა ნახიჩევანში  მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო  1845  ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით  მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893-წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანტეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი ნტაწმინდის პანტეონში  განისვენებს.

გრიგოლ ორბელიანი

700a196c33caff6819d1445339c42bbf

გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს თბილისში.

ორბელიანთა საგვარეულო შტოში იხსენიება ყაფლან ორბელიშვილი. იგი გახლდათ პაპა სულხან-საბა ორბელიანისა – XVII საუკუნის საქართველოში ფრიად გავლენიანი პირი. მის პატივსაცემად გრ. ორბელიანი თავს ხშირად ყაფლანიშვილსაც უწოდებდა.

გრიგოლის მამა დიმიტრი (ზურაბ) ორბელიანი საქართველოს მეფეების – გიორგი XII და ერეკლე II კარზე დიდი გავლენითა და პატივით სარგებლობდა.

დედის მხრიდან პოეტი საქართველოს სამეფო ოჯახს ენათესავებოდა – ხორეშანი ერეკლეს ქალის, ელენეს შვილი იყო.

გრიგოლ ორბელიანს ორი ძმა, ზაქარია და ილია, და ერთი და – ეფემია ჰყავდა. ეს უკანასკნელი იყო დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა.

პატარა გრიგოლი სასწავლებლად ანჩისხატის დეკანოზს – დიმიტრი ალექსი მესხიშვილისთვის მიუბარებიათ; შემდეგ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ გრიგოლი იმთავითვე სამხედრო საქმით იყო გატაცებული და გიმნაზიის დასრულებამდე გადასულა საარტილერიო სასწავლებელში. აქედან მიეცა დასაბამის მის სამხედრო კარიერას. 1821 წელს ორბელიანს პრაპორშჩიკის ჩინი უბოძეს.

1822 წელს ორბელიანმა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, 1826 წელს კი სპარსელებს ებრძოდა შამქორსა და განჯაში. 1826-29 წლებში პოეტი ჩაბმული იყო რუსეთ-ირანის, შემდეგ კი რუსეთ-ოსმალეთის ომებში. საქართველოს ამ უძველეს მტერთა წინააღმდეგ ბრძოლა, თუნდაც რუსის ოფიცრის ჩინით, მას ერთგვარ სიამოვნებას და სიამაყეს გვრიდა.

1831 წელს იგი რუსეთში გაემგზავრა. ამ პერიოდში ურთიერთობა დაამყარა რუსეთში გადასახლებულ მარიამ დედოფალთან და ქართველ უფლისწულებთან. პეტერბურგისა და მოსკოვის შემდეგ ორბელიანი ერთი წლით ნოვგოროდში ცხოვრობდა.

1833 წელს პოეტი დააპატიმრეს და ბრალად 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა წაუყენეს. გაირკვა, რომ პოეტს შეთქმულთა ორგანიზაციის წევრებისაგან დავალებული ჰქონდა, ფარული მოლაპარაკება ეწარმოებინა რუსეთში მყოფ ქართველებთან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ორბელიანი შეთქმულებასთან აქტიურად დაკავშირებული არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ იგი დამნაშავეთა მეშვიდე კატეგორიაში ჩარიცხა. ნოვგოროდში, პოეტის ბინის გაჩხრეკისას იპოვეს შეთქმულთა შორის მეტად პოპულარული ნაწარმოებები: ორბელიანის მიერ გადმოქართულებული „ნალივაიკოს აღსარება“ (რილეევისა) და იარალი შანშიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი – „იარალის!“ აგრეთვე დღიურები: „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“, რომელშიც პოეტი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, საუბრობს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების აუცილებლობაზე და ეროვნული რეგულარული (მუდმივი) ჯარის შექმნის აუცილებლობაზე.

დაპატიმრებული გრ. ორბელიანი ხელისუფლებამ თბილისში ჩამოიყვანა, მაგრამ ავლაბრის ყაზარმებში გრიგოლმა მხოლოდ სამი თვე დაჰყო. ამ მსუბუქი სასჯელის მოხდის შემდეგ მან სამხედრო სამსახური გააგრძელა, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთის რომელიმე მხარეში უნდა ემსახურა. სამშობლოში ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდა. გრიგოლმა რუსეთის იმპერიის არაერთი კუთხე მოინახულა. დიდხანს ცხოვრობდა ბალტიისპირეთში. პოეტი მეტად განიცდიდა სამშობლოსთან, ახლობლებთან განშორებას. შემორჩენილია ამ პერიოდში დაწერილი მისი რამდენიმე პირადი წერილი, სადაც უნაპირო სევდა იგრძნობა.

პოეტს სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1837 წელს მისცეს. მალე იგი ქართველ გრენადერთა პოლკის წევრი გახდა. 1841 წელს მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ არღუთინსკის მიერ გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში.

1842 წელს ორბელიანი დაღესტანში იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. მალე ის დააწინაურეს და ავარიის მმართველად დანიშნეს. 15 წელი იმსახურა ორბელიანმა დაღესტანში – ჯერ როგორც სხვადასხვა ოლქის მმართველმა და პოლკის უფროსმა, შემდეგ კი როგორც დაღესტნის ჯარის სარდალმა. ამ დროს იგი ჰაჯი მურატსაც შეხვედრია. დაღესტნელ ნაიბებს თავზარს სცემდა მრისხანე ქართველი გენერლის სახელის გაგონებაც კი. თავად შამილი ორბელიანს თავის ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევდა.

1857 წელს, გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, რუსეთმა მოახერხა შამილის რაზმების წინააღმდეგობის გატეხვა. 1858 წელს გრიგოლ ორბელიანის სახედრო ღვაწლი რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ არაერთი ჯილდოთი აღნიშნა. მცირე ხანში იგი თბილისში გადაიყვანეს მთავარმართებელ ბარიატინსკის სამსახურში.

ერთი წლის შემდეგ ორბელიანი მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ცოტა ხნით პეტერბურგსაც ესტუმრა, სადაც შეხვდა თავის დაუძინებელ მტერს – შამილს, რომელიც უკვე დატყვევებული იყო. მაგრამ ეს უკვე აღარ იყო მტრების შეხვედრა: „შამილა გავიცან პეტერბურღში. კარგი დარბაისელი კაცი ყოფილა… დიდი სიმწრით მიამბო, რომ მიღალატეს ყოველთა მათ, ვინც იყვნენ დაახლოებულნი ჩემთანო“. – იგონებდა გრ. ორბელიანი.

ცხოვრების უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ორბელიანი თბილისში ცხოვრობდა. ამ პერიოდში იგი განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში, პოლიტექნიკური სკოლის დაარსებაში, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში.

70-იან წლებში ჩაება ე.წ. „თაობათა ბრძოლაში“ და ილია ჭავჭავაძის „გამოცანები“ უპასუხა ლექსით „პასუხი შვილთა“.

1871 წელს მეფის ხელისუფლებამ აღნიშნა 50 წლის იუბილე გრიგოლ ორბელიანის სამხედრო მოღვაწეობისა. პოეტი ხელისუფლებამ რუსეთის იმპერიის ყველაზე დიდი ჯილდოთი – წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა. ის პოეტს პირადად იმპერატორმა გადასცა.

1883 წლის 21 მარტს გრ. ორბელიანი გარდაიცვალა. იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული ნეკროლოგიდან ვიგებთ, რომ მის დასაფლავებას 60 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

პოეტის ნეშტი ზარბაზნების გრიალში მიაბარეს მიწას, ქაშუეთის ტაძარში.

ალექსანდრე ჭავჭავაძე

alexander_chavchavadze_portrait_chavchavadze_hou

ქართული რომანტიზმის პირველი წარმომადგენელი ალექსანდრე ჭავჭავაძე დაიბადა 1786 წელს, პეტერბურგში.

პოეტის მამა – გარსევან (დავით) პაატას ძე ჭავჭავაძე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს მხრიდან სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი ხელისმომწერი 1783 წელს რუსეთთან დადებულ გეორგიეგსკის ტრაქტატზე. ერთი წლის შემდეგ გარსევანმა რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაც მიიღო. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ბრგე, ახოვანი, „წმინდა ქართული ნაკვთების მქონე მამაკაცი“ ყოფილა. პიროვნული თვისებების, გონიერებისა და შესანიშნავი გარეგნობის წყალობით მან დიდი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე.

1803 წელს გ. ჭავჭავაძე ქართველ თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლად აირჩიეს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის დედა – მაია ივანეს ასული ავალიშვილი, – მწერალ გიორგი ავალიშვილის და იყო. იგი სილამაზით, კეთილგონიერებით, სათნოებით და ოჯახისადმი ერთგულებით გამორჩეული ქალბატონი ყოფილა. „მეტად ჭკვიანი ბანოვანი“, ასე ახასიათებენ მას თანამედროვენი.

როგორც უკვე ვთქვით, ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა. იგი თვით ეკატერინე II მონათლა. ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა პოეტის ბიოგრაფიაში. მომავალი პოეტი იმპერატორის კარზე იზრდებოდა. ბავშვობიდანვე შეისწავლა რუსული, ფრანგული, გერმანული ენები.

ქართულ ენასა და ლიტერატურას პირველად დედამ აზიარა.

ცხრა წლის ალექსანდრე პეტერბურგის ერთ-ერთ ყველზე ცნობილ სასწავლებელში – ბამანის პანსიონში მიაბარეს. აქ მან ოთხი წელი დაჰყო, 1799 წელს კი მამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

1804 წელს იგი აქტიურად ჩაება ფარნაოზ ბატონიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ მთიულეთის აჯანყებაში, რომელიც მიმართული იყო რუსული მმართველობის წინააღმდეგ, აჯანყება დამარცხდა. მისი მონაწილეები მკაცრად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძეს სამი წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებაში შვილს გარსევანიც გაჰყვა. მისი მეცადინეობით (იმპერატორს თხოვნით მიმართა – მაჩუქეთ შვილი, შეიწყალეთ, სიყმაწვილით მოუვიდაო), ალექსანდრე ვადაზე ადრე – 1805 წელს გაათავისუფლეს და პაჟთა კორპუსში ჩარიცხეს. სწორედ ამ პერიოდში თარგმნა პოეტმა „ახლოით განჩხრეკილი კაცი“, რომელიც ფარნაოზ ბატონიშვილს მიუძღვნა.

1809 წელს ალექსანდრემ პაჟთა კორპუსი დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი პორუჩიკის წოდება მიიღო. მალე იგი თბილისში დაბრუნდა და მარკიზ პაულიჩის ადიუტანტად დაინიშნა.

1812 წელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობიერებასა და ბიოგრაფიაში შემობრუნების წელი იყო. 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო დასჯილი პოეტი, 1812 წელს რუსებთან ერთად კახეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა (ამ ბრძოლაში იგი მძიმედ დაიჭრა ფეხში).

1813-14 წლებში ალ. ჭავჭავაძე ნაპოლეონის წინააღმდეგ იბრძოდა გენერალ ბარკლაი დე ტოლის მეთაურობით. მონაწილეობდა საქსონიაში გამართულ ბრძოლებმი. გამარჯვებულ რუსულ არმიასთან ერთად შევიდა პარიზში. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის პოეტმა არაერთი ჯილდო მიიღო. 1817 წელს ალ. ჭავჭავაძე პოლკოვნიკი გახდა. 1818 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, 1822 წელს კი ამ პოლკის უფროსი გახდა, მაგრამ სამსახურში მომხდარი უსიამოვნების გამო იგი ქართველ გრენადერთა პოლკში გადავიდა. მოგვიანებით ალექსანდრე ჭავჭავაძე დაინიშნა საგანგებო დავალებათა შემსრულებლის თანამდებობაზე გენერალ ერმოლოვთან.

1826 წელს პოეტმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ამას მოჰყვა ყუბანის ჯარების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. მის სამხედრო კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა 1827 წელი, როდესაც ალექსანდრემ რუსეთ-სპარსეთის ომში მიიღო მონაწილეობა და დაიპყრო თავრიზი. ამ პერიოდიდან ალექსანდრე ხან აზერბაიჯანშია, ხან – სომხეთში. ინიშნება ერევნის ოლქის მმართველად. მონაწილეობს რუსეთ-ოსმალეთის ომში (1828 წ.) და სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ იპყრობს ბაიაზეთს. როცა პასკევიჩისთვის ეს ამბავი უცნობებიათ, აღტაცებულს დაუძახია – „ყოჩაღ, ჭავჭავაძევ!“.

ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1832 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაში. როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, პოეტს შეთქმულების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში დიდი თანამდებობა უნდა დაეკავებინა. შეთქმულებასთან ალექსანდრე მთელი ოჯახით იყო დაკავშირებული. ცნობილია, რომ შეთქმულთა შორის მეტად პოპულარული ლექსი – გრ. ორბელიანის აიარალისა, მისმა მეუღლემ სალომემ გაავრცელა. მაგრამ შეთქმულება დამარცხდა და მის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ. სასჯელს, ბუნებრივია, ვერც ალექსანდრე ჭავჭავაძე ასცდა. იგი კვლავ ტამბოვში, მხოლოდ ახლა უკვე ოთხი წლით გადაასახლეს. თუმცა სასჯელი არც ამჯერად მოუხდია ბოლომდე – ცოტა ხანში იმპერატრიცას ნათლული პეტერბურგში გაიწვიეს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა და მას შემდეგ რუსეთის იმპერიისადმი ორგულობაში შემჩნეული აღარ ყოფილა.

1841 წელს პოეტს კვლავ აწინაურებენ – იგი გენერალ-ლეიტენანტი გახდა. 1842 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის საფოსტო ნაწილის უფროსად. მას დაავალეს ახალი ექსპედიციის მოწყობა შამილის მომხრეთა წინააღმდეგ. 1843 წლის 21 სექტემბერს იგი კავკასიისკენ დაიძრა და დაიპყრო დიდოეთი. 1843-ში დაინიშნა კახეთის მილიციის უფროსად, რომლის შექმნის უშუალო მიზანი კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის – შამილის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ცნობილია ერთი საინტერესო ფაქტი ალ. ჭავჭავაძის ამ პერიოდის მოღვაწეობიდან. 1845 წელს თბილისში სტუმრად მყოფ მთავარმართებელ ვორონცოვისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძეს ქართული გაზეთის დაარსება უთხოვია.

1845 წელსვე პოეტი ახლად დაარსებული სათეატრო კომიტეტის წევრი გახდა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. მის სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეეები, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, დისკუსიები საზოგადოებრივ საკითხებზე, შეკრებილნი კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს. იონა მეუნარგიას გადმოცემით, ქართული მუდმივი თეატრის შექმნის იდეა ალექსანდრეს ოჯახში ჩასახულა. სცენისმოყვარეთა პატარა წრეც ჩამოუყალიბებიათ, რომლის სათავეში თავად პოეტი მდგარა. სწორედ ამ პერიოდში უთარგმნია მას პიერ კორნელის ტრაგედია „სიდი“, საოჯახო წარმოდგენაც მოუმზადებიათ, რომელშიც ერთერთი მთავარი როლი ალექსანდრეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წარმოდგენა ჩაშლილა.

ალ. ჭავჭავაძემ 1810 წელს შეირთო სარდალ იონა ორბელიანის ასული სალომე ორბელიანი – მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. ნინო (რუსი პოეტის ალ. გრიბოედოვის მეუღლე), ეკატერინე (ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავარს – დავით დადიანს), დავითი (რომელიც ლეკებმა გაიტაცეს კახეთში ერთ-ერთი შემოსევის დროს) და სოფიო (კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ბარონ ნიკოლაის მეუღლე). ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ასულები ნინო და ეკატერინე არაერთი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულან. მათ ლექსებს უძღვნიდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ცარსკოე სელოში ყოფნის დროს ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისას“, „მერანის“ და სხვა ლექსების ხელნაწერი რვეული.

ალექსანდრე ჭავჭავაძე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 1846 წლის 6 ნოემბერს პოეტი ვორონცოვის დაბადებისადმი მიძღვნილ ნადიმზე იყო მიწვეული. გზად მიმავალს ეტლში შებმული ცხენი დაუფრთხო ბინიდან გადმოღვრილმა წყალმა. ალექსანდრე წამოდგა, უნდოდა აღვირს სწვდომოდა, მაგრამ შინელის კალთა ბორბალმა ჩაიხვია და ეტლიდან გადმოვარდა. გონწასული პოეტი იმავე ღამეს გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

მესამე დღეს მთელმა თბილისმა გააცილა პოეტის ნეშტი კახეთში. დაკრძალეს შუამთის მონასტერში – საგვარეულო აკლდამაში. მის საფლავზე ძევს ქვა, რომელსაც აწერია: „მარად უვიწყოსა სიმამრისა სამარესა დავსდე ფიქალი ესე მთავარმა დავით დადიანმან“.

სულხან საბა ორბელიანი

a12003_8841

სულხან  საბა  ორბელიანი  დაიბადა  1658  წელს  სოფელ  ტანძიაში,  დმანისის ახლოს,  დღევანდელი  ბოლნისის  რაიონში.  იგი  წარჩინებულ  ფეოდალურ  საგვარეულოს  ეკუთვნოდა.  სულხანის  მამა  ვახტანგ  ყაფლანის  ძე  ორბელიშვილი (ორბელიანი)  ქართლის  სამეფოს  მოსამართლეთუხუცესი (ანუ  დივანგები) ქართლის  მეფეების  ახლო  ნათესავი  იყო.  იგი  დიდად  განსწავლული  პიროვნება  ყოფილა.  დედა ,  თამარი,  დიდი  ფეოდალის,  ზაალ  არაგვის  ერისთავის  ასული  იყო.  დიდი  და  ზვიადი  ფეოდალი  ზაალი  გამუდმებით  ოპოზიციაში  ედგა  კახეთის  ტახტის  მემკვიდრეებს.  სულხან-საბა  ორბელიანის ახლო  ნათესავობა  აკავშირებდა  ქართლის  სამეფო  კართან: მამიდამისი  ქართლის  მეფე  ვახტანგ  V  შაჰნავაზს  ჰყავდა  ცოლად.

სულხანის  საპატიო  აღმზრდელად  ითვლებოდა  მეფე  გიორგი  XI (სულხანი  ამბობს,  რომ  ის  იყო  გიორგისგან  „შვილურად  გაზრდილი  და  განსწავლული“),  მწვრთნელ-მასწავლებლად  კი  ჰყოლია  მცხეთელი  ზედგენიძე  ბერუკა.  მისი  მამიდაშვილები  გიორგი  და  არჩილი  ქართლის  მეფეები  გახდნენ,  ლევანი  კი  მამა  იყო  ვახტანგ  VI-ისა.  სამეფო  კართან  მჭიდროდ  დაკავშირებული  სულხანი  შემდეგ  ვახტანგ  VI-ის  აღმზრდელი  და  თანამებრძოლიც  იყო  სიკვდილამდე .

სულხანს  7  ძმა  და  3  და  ჰყავდა.  ისინი  მოღვაწეობდნენ  ქართული  კულტურის  სასიკეთოდ.   ერთი  ძმა,  დემეტრე  ორბელიანი,  ცნობილი  პოეტი  იყო;  მეორე, ნიკოლოზ  ტფილელიც  პოეტი  და  კალიგრაფი  გახდა;  სხვებმაც  მნიშვნელოვანი  ღვაწლი  დასდეს  ქართულ  მწიგნობრობას.

წარჩინებულმა  და  განათლებულმა  სულხანმა  საპატიო  ადგილი  დაიჭირა  მეფის  კარზე.  მისი  მოღვაწეობა  ქართლის  ძნელბედობის  ჟამს  თანხვდება.

იგი  მხარში  ედგა  გიორგი  მეთერთმეტეს  და  ქვეყნის  განმტკიცებისათვის  იბრძოდა,  მაგრამ  როდესაც  ირანის  შაჰმა  ქართლის  მეფობა  გამაჰმადიანებულ  ერეკლეს (ნაზარალიხანს)  უბოძა,  გიორგი  ქართლიდან  გააძევეს,  იგივე  ბედი  ხვდა  სულხანსაც.   მ. თამარაშვილის  ცნობით,  1687  წლიდან  საბა  ფარული  კათოლიკეა.  1689  წელს  სულხანი  ბერად  აღიკვეცა  და  ეწოდა  საბა.

1073  წლიდან  სულხანი  დიპლომატიურ  საქმიანობას  იწყებს.  ორჯერ  იყო  სპარსეთს,  ევროპაში.  1714 წლის  აპრილში  ვერსალში  საბა  მიიღო  ლუდოვიკო  მეთოთხმეტემ. პარიზიდან  გამობრინებული  იმავე  წლის  ივლისში  საბა  ორჯერ  მიიღო  რომის  პაპმა კლიმენტოს  მეთორმეტემ.  საბას  ყველგან  დიდი  პატივით  დახვდნენ,  მაგრამ  რეალური  დახმარება  არ  გაუწიეს.  ევროპა  ირან-ოსმალეთს არ  დაუპირისპირდა  პატარა  საქართველოს  გამო.  მართალია,  ეს  დიპლომატიური  ნაბიჯი  იყო  ევროპულ  სამყაროსთან  საქართველოს  კავშირის  აღდგენის  ისტორიული  გამოხატულება,  მაგრამ  ქართველი  პოლიტიკოსები  არ  აღმოჩნდნენ  იმდროინდელი  ევროპის  შიდა  პოლიტიკური  ამოცანების  საქმის  კურსში.  მათ  ალღო  ვერ  აუღეს  ევროპის  მიზნებსა  და  ამოცანებს  აღმოსავლეთში.

სამშობლში  დაბრუნებულ,  გაკათოლიკებულ  და  ხელმოცარულ  საბას  ეჭვის  თვალით  შეხედა  ქართველმა  არისტოკრატიამ,  „ჩხუბიანმა  კაცებმა“  განხეთქილება  ჩამოაგდეს  ვახტანგთან.  სულხანი  მოღალატედ  გამოაცხადეს  და  სასახლიდან  განდევნეს.

ვახტანგისა  და  სულხანის  შერიგება  მოხერხდა  მას  შემდეგ,  რაც  მეფემ  სთხოვა  „ქილილასა  და  დამანას“  „გაჩალხვა“ ,  რომელსაც  ვახტანგი  სპარსულიდან  თარგმნიდა.  ქართლის  აწეწილი  პოლიტიკური  ვითარების  გამო  ვახტანგ VI  იძულებული  გახდა ,  სამშობლო  დაეტოვებინა.  იგი  1724  წელს  რაჭის  გავლით  1200  წარჩინებულ  ქართველთან  ერთად  გაემგზავრა  რუსეთს.  სხვა  მრავალ  ორბელიანთან  ერთად  სულხანიც  გადაყვა  ვახტანგს  რუსეთში,  სადაც  მალე , 1725  წლის  26  იანვარს,  გარდაიცვალა კიდეც  ვსეხვსიატსოკში,  არჩილ  მეფის  სასახლეში.  იგი  იქვე,  კარის  ეკლესიაში  დაასაფლავეს.  მართმადიდებულ  ეკლესიაში  საბას  დაკრძალვა,  გვაფიქტებინებს,  რომ  სულხანი  კვლავ  ხომ არ  დაუბრუნდა  მართმადიდებულ  სარწმუნოებას?

სულხანი  ჭაბუკობიდანვე  ჩაბმულა  სამწერლო  საქმიანობაში.  როგორც  გვაუწყებენ  ხელნაწერები  „ჟამსა  სიჭაბუკისა თვისასა“  დაუწერია  დიდაქტიკური  ხასიათის  იგავ-არაკული ჟანრის  ნაწარმოები  „სიბრძნე  სიცრუისა“.  სიჭაბუკეშივე  შესდგომია  სულხანი  „ქართულ  ლექსიკონზე“  მუშაობს,  რაც  30 წელს გაგრძელებულა.  სამოგზაურო  ჟანრის  ნიმუშია სულხან-საბას „მოგზაურობა  ევროპაში“ , რომელშიც  დღიურების  სახით  აღწერილია  საფრანგეთსა  და  იტალიში მოგზაურობის  შთაბეჭდილებები.  თხზულების  პირველი  ნაწილი,  საფრანგეთის  აღწერა დაკარგულია.  განსაკთრებით  მნიშვნელოვანია  მისი  ქადაგების  კრებული _ „სწავლანი“ .

სულხან-საბა  ორბელიანი  ქართული  კულტურის  მარადიული  თანმდევი  სულია.  ასეთი  დონის  მოღვაწით  ყველა  ქვეყანა  იამაყებდა.

შოთა რუსთაველი

CYMERA_20141010_130459

მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას ბევრი დიდებული სახელი ამშვენებს,  მათ შორის უპირველესი შოთა რუსთაველია.  რუსთაველის გენია შეუდარებელია.  „ვეფხისტყაოსანი“  კი,  ქართველმა ერმა  „მეორე სახარება“ რომ უწოდა,  ის ძვირფასი საუნჯეა,  რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს დააკლებს.  რუსთაველი საქართველოს ისტორიის  „ოქროს ხანად წოდებულ“  ეპოქაში ცხოვრობდა.  მიუხედავად ამისა,  ცნობები რუსთაველის შესახებ ცოტა შემონახულა.  გენიალური პოეტის შესახებ თითქმის არაფერია ნათქვამი ძველ საისტორიო წყაროებში, თვით თამარ მეფის ისტორიკოსებიც კი არაფერს გვაუწყებენ მის შესახებ.  ლიტერატურულ წყაროებში  „რუსთაველი“  მხოლოდ XVI საუკუნიდან ჩნდება. მაგალითად, XVI საუკუნის დასაწყისის ქართველი მწერალი სერაპიონ საბაშვილი იხსენიებს რუსთაველს,   რომელმაც შეაქო ის,  „ვინ სოფელი დაამშვენა “ (იგულისხმება თამარ მეფე ).  XVI  საუკუნეში გადმოთარგმნილი  „იოსებ ზილიხანიანის“  შესავალშიც მოხსენიებულია რუსთაველი ,  რომელმაც  შეაქო  თინათინი  და  ნესტან-დარეჯანი .  „თუმცა  ხელქმნილი  რუსთაველი  თინათინს  აქებს  არ  ავსა,  ნესტან-დარეჯანს ბროლვარდსა,  გიშრის  მანითა  სარავსა“, ვკითხულობთ აღნიშნულ  ნაწარმოებში.

რუსთაველის  ვინაობისა  და  მსოფლმხედველობის  გასაგებად  ყველაზე  საიმედო  წყარო   თვით  პოემაა,  კერძოდ  პროლიგი.  „ვეფხისტყაოსნის“  შემსწავლელმა  მეცნიერებამ _ რუსთველოლოგიამ,  ბევრი  პრობლემური  საკითხი  პოემის  მეშვეობით ახსნა .

სახელწოდება  „რუსთაველი“  უნდა  ნიშნავდეს  რუსთავის  მკვიდრს,  ან  რუსთავის  ციხე-ქალაქის  მფლობელს.  საქართველოში  რამდენიმე  რუსთავია  ცნობილი.  ამათგან  ჩვენი  პოეტის  სახელს  უკავშირდება  ორი:  რუსთავი  მესხეთისა (ახალციხიდან  20  კილომეტრის  დაშორებით ) და  თბილისის  რუსთავი  (თანამედროვე  რუსათავის  ტერიტორიაზე).  ბევრი  მკვლევარი  ფიქრობს,  რომ  რუსთაველი  იყო  მესხეთის  რუსთავიდან,  რომელიც  იმ  ხანად  კულტურის  ძლიერი  კერა  იყო.

რუსთაველს  რომ  შოთა  რქმევია,  ამას  გვიდასტურებს  ჯვრის  მონასტრის  სვეტზე  პოეტის  ფრესკული  გამოსახულების  წარწერა : „ამის  დამხატავსა  შოთას  შეუნდვნეს  ღმერთმან  ამინ “.

შოთა  რუსთაველი  პოემას  უძღვნის  თამარ  მეფეს.  აქვე  დასახელებული  და შემკობილია  დავითი ,  მაგრამ  თამარის  მეფური  სიდიადე  რომ  არ  დაიჩრდილოს,  რუსთაველი  სოსლანს  მეტაფორულად  მოიხსენიებს – „ ვის  შვენის – ლომსა, – ხმარება შუბისა,  ფარ-შიმშერისა“. დავითი  ლომია  ოღონდ  თამარის  ლომი.

გიორგი მერჩულე

575-2700-4_0

გიორგი  მერჩულე  ცნობილი  საეკლესიო  მოღვაწე  და  მწერალია.  ის  ავტორია  თხზულებისა  „გრიგოლ  ხანძთელის  ცხოვრება“

გიორგი  მერჩულის  ცხოვრების  წლები  ზუსტად  არ  არის  ცნობილი.  პ. ინგოროყვას  ვარაუდით ,  ის  x  საუკუნის  მოღვაწეა  (875-885-950-960). მკვლევარის  განმარტებით,  ფორმა  „მერჩულე“  ნიშნავს  სჯულის  მეცნიერს,  კანონიკური  სამართლის  მცოდნეს.

გიორგი მერჩულე, როგორც სასულიერო პირი, საეკლესიო ცხოვრების საუცხოო მცოდნეა. ბუნებრივია, ყველაზე მეტი ნაწარმოებსი მაშინდელი საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაა წარმოდგენილი.

გიორგი  მერჩულე  პოეტი-ჰიმნოგრაფიც  ყოფილა.  მიქელ  მოდრეკილის  ცნობილ  ჰიმნოჰრაფიულ  კრებულში  ერთ  ტექსტს  აწერია  „მერჩულიული“ ,  მეორეს – „უცხონი  მერჩულიულნი “. ეს  იმას  ნიშნავს ,  რომ  აღნიშნული  ჰიმნები  ან  მერჩულეს  ეკუთვნის,  ან  იმ  ფორმითაა  დაწერილი,  რომელიც  პოეზიაში  გიორგი  მერჩულემ  დანერგა.

გიორგი მერჩულეს უპირველესი ნაწარმოებია  „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ .  მან  შთამბეჭდავად  გადმოგვცა  ცხოვრება  და  ღვაწლი  გრიგოლ  ხანძთელისა  ,  რომლის  სახელთან  დაკავშირებულია  სამხრეთ  საქართველოში  გაშლილი  სამონასტრო  მშენებლობა  VIII  საუკუნის  მიწურულსა  და  IX  საუკუნეში  .  გრიგოლის  მეთაურობით,  საქართველოს  ეს  კუთხე  იქცა  ქართული  კულტურის  ოაზისად.  ამ  მონასტეტში  შექმნილი  სულიერი  ფასეულობანი  საუკუნეთა  განმავლობასი  ასაზრდოებდნენ  ქართულ  კულტურას .

იოანე საბანისძე

abo2

იოანე საბანისძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VIII საუკუნეში . ის განათლებული და ნიჩიერი კაცი ყოფილა.  ამას ადასტურებს მისი თხზულება  „აბოს წამება“ ,  რომელიც ჰაგიოგრაფიული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.  თხზულება მან დაწერა ქართლის კათალიკოსის სამოელის შეკვეთით  786-790  წლებში.  კათალიკოსს კარგად სცოდნია  „მეცნიერება და გულმოდგინებბა“  იოანე საბანისძისა,  ამიტომ გაუგზავნია მისთვის წერილი და უთხოვია _ იკისროს განზრახული შრომის დაწერა. იოანეს,  ერთგვარი ყოყმანის შემდეგ დაუწერია შეკვეთილი შრომა და გაუგზავნია სამოელისათვის.  მასთან დაურთავს წერილი,  რომელშიც მადლობას სწირავს სამოელს ასეთი საპატიო დავალებისათვის და უმატებს : თუმცა ეს საქმე ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა,  მაგრამ ურჩობა ვერ გავბედე და,  მსგავსად ჭიანჭველისა,  რომელიც თავის თავზე უფრო დიდ ტვირთს მოიდებს ხოლმე ზურგზე და მიათრევს, ხელი მოვკიდე ამ საქმესო.

ავტორის  შესახებ,  ამ  მიმოწერის  გარდა,  არავითარი  სხვა  ცნობა  არ  მოგვეპოვება.  დანამდვილებით  გარკვეული  არ  არის,  სასულიერო  პირი  იყო  იოანე  თუ  საერო,  მაგრამ  ერთი  რამ  ცხადია : მას ბრწყინვალე  განათლება მიუღია .

იოანე  საბანისძე  თხუთმეტსაუკუნოვანი  ქართული  მწერლობის  ერთ-ერთი  ღირსეული  წარმომადგენელია,  მან  პირველმა  აუწყა  ერს  ქვეყნის  კატასტროფული  მდგომარეობის  შესახებ ,  პირველმა  აუხილა  თვალი  თანამემამულეებს,  რათა  გულისა  და  გონების  კარები  გაუღონ  ქრისტეს  მოძღვრებას  და  მით  გაძლიერდნენ  თავსდატეხილი  განსაცდელის  წინააღმდგომად.

იაკობ ცურტაველი (ხუცესი)

Tsurtaveli

ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლის ავტორია იაკობ ხუცესი, საპიტიახშოს კარის მღვდელი,როგორც ეს ნაწარმოებიდან ჩანს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ იაკობი იყო აღწერილ ამბავთა მოწმე და აქტიური მონაწილე, საკმაოდ გავლენიანი პირი.მეტიც შეიძლება ითქვას, იგი ნაწარმოების ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია.

იაკობი შუშანიკთან დახლოებული პირია.იგი ნაწარმოებს ასე იწყებს: „ და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმინდისა და სანატრელისა შუშანიკისი“.

იაკობ ხუცესს პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა ვარსქენ პიტიახშიც. იაკობი იყო იმ სასულიერო პირთა შორის რომლებიც ვარსქენმა სპარსეთიდან დაბრუნების მეორე დღესვე მიიწვია და სთხოვა, შთაეგონებინათ დედფლისათვის, დაბრუნებოდა ოჯახს.

ნაწარმოებიდან აშკარად ჩანს, რომი აკობი არის უაღრესად განათლებული, ეროვნული სულისკვეთების, ნათელი პიროვნება. იგი ქვემო ქართლის პიტიახშის მიერ ჩადენილ ღალატს ეროვნული უძლურების მომასწავლებლად მიიჩნევს და ამიტომაც სავსებით სამართლიანად გმობს მის საქციელს.

მკვლევარები ფიქრობენ, რომი აკობს სხვა ნაწარმოებებიც უნდა ჰქონოდა დაწერილი  (გაიხსენეთ, ფრაზა „ვითარცა-იგივთქუთ“).

იაკობი რომ სიტყვის ნამვილი დიდოსტატია, ეს ოდნავ ეჭვსაც არ იწვევს .  „შუშანიკის წამება “  ნამდვილი მწერლის ხელიდან გამოსული ბრწყინვალე თხზულებაა.

ფიქრობენ რომ  VI  საუკუნის დასაწყისში იაკობი ცურტავის ეპისკოპოსი გამხდარა.

როდის უნდა დაწერილიყო „შუშანიკის წამება“?

ნაწარმოების დასაწყისში ნათქვამია : „იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა , კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში “. სპარსეთში პეროზი გამეფდა 459 წელს; მაშასადამე , ვარსქენი  პეროზის კარზე გამგზავრებულა 467 წელს .  469 წლის 8 იანვარს მას პირველად უწამებია შუშანიკი.  ამავე  წელს  წამებული  შუშანიკი  ციხეში  ჩააგდო,  სადაც  მან  ექვსი  წელი  გაატარა  და  მეშვიდე  წელს  გარდაიცვალა (17 ოქტომბერს). ე.ი.  შუშანიკი  აღესრულა  475 წლის  17  ოქტომბერს.

ნაწარმოები  დაწერილია  შუშანიკის  გარდაცვალების  შემდეგ ,  მაგრამ  მასში არაფერია ნათქვამი ვარსქენის სიკვდილის შესახებ (მოღალატე  პიტიახში  ვახტანგ  გორგასალმა  4 82  წელს  მოაკვლევინა ).

მაშასადამე ,  დაწერილი  უნდა  იყოს  476-482  წლებში.  „შუშანიკის  წამება “  თავდაპირველი  სახით  არ  შემორჩენილა ,  გადარჩა  მხოლოდ   XI ს.  ხელნაწერი