გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
595 24 26 62 / 595 24 23 63

ცხელი ხაზი
ხელოვნება და კულტურა

 

ეკლესია-მონასტრები
 

გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 

გარდაბანში, 1992 წლის 4 ოქტომბერს ამოქმედდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. ტაძარი აშენდა მოსახლეობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შემოწირულობებით. დარბაზული ტიპის, გუმბათოვანი ტაძარი მთლიანად მოხატულია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი XX საუკუნის სვეტიცხოვლად აკურთხა.
ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს მამა ზურაბი (ხაჩიძე). დღესასწაული აღინიშნება ღვთისმშობლის შობის დღეს - 21 სექტემბერს.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი

ღვთაების მონასტერი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარეობს.  სამონასტრო კომპლექსი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლია, ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცების მიზნით VI საუკუნეში დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ანტონ მარტყოფელმა. ნაგებობა გუმბათოვანია, მთავარი ტაძრიდან სამხრეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო. მონასტერში კიდევ რამდენიმე პატარა ტაძარია. გარდა კულტურული ღირებულებისა, ხეებში ჩაფლული მონასტრიდან ვრცელი, ძალიან ლამაზი ხედებიც იშლება, რაც ბუნებისა და არქიტექტურის მშვენიერ სინთეზს ქმნის.
წმ.ანტონ მარტყოფელი დაკრძალულია მონასტრის მთავარ ტაძარში საკურთხევლის წინ. 

ღვთაების მონასტრის დღესასწაულებია 1 თებერვალი - მამა ანტონობა, 29 აგვისტო - ღვთაებობა.

აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

გვიანი შუა საუკუნეების ძეგლი, ცალნავიანია, დარბაზული ტიპის ტაძარი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარეობს.

საუკუნეების წინ აპარანთან მეფეთა საზაფხულო პალატა უნდა ყოფილიყო, ხოლო თვით აპარანი-სამეფო კარის ეკლესია. ამგვარი მოსაზრების საფუძველს გვაძლევს ეკლესიის სახელწოდება-აპარანი, რაც პროფესორი ი.აბულაძის განმარტებით სამეფო პალატას, სასახლეს ნიშნავს. 

2000 წელს ტაძარი აღადგინა დიტო კახურაშვილმა, ხოლო 2001 წელს ეკლესიასთან ახლოს დაიდგა თორმეტმეტრიანი ჯვარი (ვტ.ზურაბ მათიაშვილი), რომელიც აპარნობის დღესასწაულზე აკურთხა მამა ზაზამ ბეჟანიშვილი.

დღესასწაული აპარნობა აღინიშნება აღდგომის მესამე კვირას.

 

ბორკილიჯვარის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი მარტყოფი) 

ტაძარი სოფლის უძველეს ბორკილიჯვრის სასაფლაოზე დგას, მისი აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ VII საუკუნის ძეგლია. მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხდა მისი რესტავრაცია ბერი დავით დილებაშვილის მიერ, თუმცა გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის კვლავაც საჭიროებდა შეკეთებას. ეს საღვთო საქმე 2003წელს დააგვირგვინა ბესიკ იობაშვილმა.  

ეკლესიაში გაკეთებულია აფხაზეთში დაღუპული მარტყოფელი ვაჟკაცების მემორიალური დაფა. 

ამჟამად ტაძარი მოქმედია.წირვა-ლოცვა აღევლინება დღესასწაულებზე.

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი  (სოფელი მარტყოფი) 

1993 წელს გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი (აქ დავანებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი), უფრო მოგვიანებით მონასტრის ეზოში აიგო წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ამოქმედდა 1995 წლის 23 ნოემბერს.  

მონასტერი მოქმედია. დღესასწაული იმართება 25 თებერვალს, 6 მაისსა და 23 ნოემბერს.

 

წმინდა სამების ეკლესია (სოფელი მარტყოფი) 

იგი  1876  ააგო  მღვდელმსახურმა  პეტრე  ეპიტაშვილმა,1882 წლიდან ეკლესიას  ემსახურებოდნენ: მღვდელმსახური  პეტრე  ეპიტაშვილი,ეკლესიის  მამასახლისი  მიხეილ  გოგოლაძე და  მედავითნე  ნიკოლოზ  კირეულიშვილი.

დროთა განმავლობაში  ეკლესიამ  დაშლა დაიწყო, 1997  წლის ზაფხულში კოკისპირული  წვიმებისა და ქარის  დროს  მთლიანად დაინგრა.1998  წელს კი  დაიწყო ტაძრის აღდგენა,მისი  აღდგენა  იკისრეს  მამა  ანტონმა და მამა ზაზამ (ბეჟანიშვილები).აღდგენილი ტაძარი  2003 წლის 7 აგვისტოს აკურთხა  მეუფე  დანიელმა.

ამჟამად ეკლესია  მომოქმედია.

ქართული მართლმადიდელური  ეკლესია  სამებობის (სულთმოფენობის)  დღესასწაულს  აღნიშნავს,ბრწყინვალე  შვიდეულის  სამშაბათს.

 

კვირაცხოვლის  სახელობის ეკლესია  (სოფელი მარტყოფი) 

ეკლესიის  აშენების ზუსტი თარიღი  ცნობილი რა არის, სავარაუდოდ  იგი  IX-X  საუკუნეების ძეგლია,რომელიც რამდენჯერმე  იყო  აღდგენილი.გასული საუკუნის  80–იან  წლებში  ეკლესია დაინგრა.10 წლის წინ  აღადგინა  ბაკურ ობოლაშვილმა.ტაძარში წირვა–ლოცვა დღესასწაულებზე აღევლინება.

ალ. ნეიმანის  განმარტებით  სიტყვა  კვირაცხოველი  ახალკვირას ნიშნავს.

კვირაცხოვლობის  დღესასწაული  აღინიშნება  ბრწყინვალე  აღდგომის  მომდევნო კვირას.

 

მთავარანგელოზ  მიქაელისა და  გაბრიელის  სახელობის  ეკლესია  (სოფელი მარტყოფი) 

ეკლესია მდებარეობს  თუშმალიშვილების  უბანში და იგი დარბაზული  ტიპის ნაგებობაა, ტაძარი აიგო 1779 წელს მამა–შვილ  გაბრიელ და დავით მაისურაძეების  მიერ.

1899  წელს  ადგილობრივი  მოსახლეობისგან  შეგროვილი თანხით  ეკლესია  საფუძვლიანად  შეუკეთებია დავით თუშმალიშვილს.ხოლო  1992  წელს  იქნა  აღდგენილი  დღეს არსებული  დარბაზული ტიპის ეკლესია.საბოლოო  სახით ეკლესია  მოხატეს  დეკანოზებმა  ზაზა და ანტონ ბეჟანიშვილებმა.

ქართული მართლმადიდებლური  ეკლესია  მთავარანგელოზობას  დღესასწაულობს 21  ნოემბერს.

 

მარიამ ღვთისმშობლის  მიძინების  ტაძარი  ეკლესია მაცხოვრისა (სოფელი მარტყოფი)   

ტაძარი აგებულია  რუსთავ–მარტყოფის  მთავარეპისკოპოსის  სტეფანე რუსთველის (ჯორჯაძე) მიერ  1810 – 1825 წ.წ.  ტაძრის მშენებლობაზე  მუშაობდა განთქმული  კალატოზი გლახა  ზაზიასვილი. ეკლესია თავდაპირველად  იკურთხა  მაცხოვრის  ხელთუქმნელი ხატის  სახელობაზე.ტაძარი შიგნიდან მოხატული იყო წმინდა  ნინოკაბადოკიელის,წმ. ანტონ მარტყოფელის, წმ. დემეტრე თავდადებულის, ქეთევან წამებულისა და სხვა წმინდათა ფრესკებით.

1978 წელს უწმინდესისა და უნეტარესი, სრულიად  საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწყო ტაძრის აღდგენითი სარესტავრაციო სამუშაოები.

ეკლესია მოქმედია.

ტაძარში წირვა–ლოცვას აღავლენს მამა ლევანი (ნავროზაშვილი).

 

წმ.ნინოს სახელობის ეკლესია  (სოფელი მარტყოფი) 

ტაძარი დარბაზული ტიპისაა, განეკუთვნება  შუასაუკუნეების ძეგლს. გასული  საუკუნის  80 –იან  წლებისთვის  იკითხებოდა ეკლესიის  კონტური.  გეგმით  სწორკუთხა  ყოფილა, აღმოსავლეთით  იხაზებოდა  ნავისებური აბსიდი, ჩრდილოეთ  მხრიდან  იკითხებოდა  საყრდენი  კედლის  ფრაგმენტი, ტაძარი თანდათან  დაიშალა, ნანგრევებად  იქცა.ეკლესიის  ნანგრევებზე ადგილობრივი მკვიდრის  ლევან  ბანეთიშვილის მიერ  გაღებული  თანხით  აიგო  დღეისათვის  არსებული  დარბაზული  ტიპის ეკლესია.

 

ივერიის ღვთისმშობლის  ხატის  სახელობის  დედათა  მონასტერი  (სოფელი მარტყოფი) 

XX  საუკუნის 80 –იან  წლების დამდეგს  მარტყოფის  გარეუბანში აშენდა  უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად  საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, ილია  II –ის საზაფხულო  რეზიდენცია, რომლის ეზოშიც  პატრიარქის  ინიციატივით  დაიდგა  მარმარილოს ქვაში  გამოკვეთილი  ძეგლი  ივერიის  ყოვლადწმინდა  ღვთისმშობლის, თეთრი წმ.  გიორგის  და წმ. ანტონ  მარტყოფელის  გამოსახულებით, რომლის საფუძველზეც  1993  წელს  გაიხსნა  ივერიის  ღვთისმშობლის ხატის სახელობის  დედათა  მონასტერი, უფრო  მოგვიანებით  მონასტრის ეზოში  აიგო  წმ.  გიორგის  სახელობის   ეკლესია,  რომელიც  ამოქმედდა  1995  წლის  23  ნოემბერს.

1992  წელს  პატრიარქის რეზიდენცია  გადაეცა  დედათა  მონასტერს,  სადაც  ამჟამად  მოღვაწეობს  8 მუდმივი  წევრი.

მონასტერი მოქმედია.

მონასტერს  სათავეში უდგას  იღუმენია  მარიამი. დღესასწაულები  იმართება  25 თებერვალს,  6 მაისს  და 23  ნოემბერს.

 

ეკლესია ღვთისმშობლისა (სოფელი სართიჭალა)

მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, იგი XVIII საუკუნის დასასრულის და XIX საუკუნის დასაწყისის ძეგლია. ეკლესია ერთნავიანია, დარბაზული ტიპის, ნაგებობის გეგმა სწორკუთხედშია მოქცეული. აფსიდის ცენტრალურ ნაწილში ბრტყელი ქვებით ტრაპეზია ამოშენებული.  ეკლესია აშენებულია გიორგი მირიანაშვილის მეუღლის მოსახსენიებლად. საკურთხეველი მოხატულია აწ. გარდაცვლილი გია ჭავჭანაძის მიერ. ეკლესიის ეზოში ზედაშეებია. აქვე არის უძველესი საფლავები.

 

წმინდა ლაზარეს ეკლესია (სოფელი სართიჭალა)

მდებარეობს ბუდიონის უბანში. ეკლესია XIX საუკუნის ცალნავიანი, ბაზილიკური ტიპის ნაგებობაა, გეგმით სწორკუთხედი. დარბაზი ნათდება ნახევრადწრიული სარკმელებით. სახურავის ხის კონსტრუქცია გადახურულია კრამიტით. ეზოში რამდენიმე სასაფლაოა, რომელიც თარიღდება XIX  საუკუნის I ნახევრით. ეკლესია მოხატულია ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით. 

 

მთავარანგელოზების ეკლესია (სოფელი სართიჭალა)

მდებარეობს თბილისი-კახეთის ცენტრალური გზის პირას, სოფლის შემოსასვლელში ტაძარი აშენდა მოსახლეობის შემოწირულობებით. არის დარბაზული ტიპის. ნაგებია რიყის ქვის ლამაზი წყობით. აშენდა 6 წლის წინ. მისი პირველი წინამძღოლი გახლდათ მამა შალვა (შუბითიძე), რომელიც გარდაიცვალა 2007 წელს და დაკრძალულია ეკლესიის ეზოში. ეკლესია მოქმედია. წირვა-ლოცვას აღავლენს მამა გიორგი კეჟერაშვილი.

 


შავნაბადას მამათა მონასტერი (სოფელი თელეთი) 

მდებარეობს სოფელ თელეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, შავნაბადას მთაზე. მონასტერში ფუნქციონირებს ხატწერის სკოლა-სახელოსნო. სწორედ ამ ხატმწერების მიერ შექმნილი არაერთი წმინდანის ხატი დაივანებს მონასტერში. ამ ეკლესიის შემოწირულობებით დარიალის ხეობაში მიმდინარეობს წმ.გიორგის, წმ.მიქაელის და წმ.გაბრიელის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. 

ეკლესია მოქმედია. დღესასწაული აღინიშნება ოქტომბრის მეორე კვირას. 

 

წმ. გიორგის სამონასტრო კომპლექსი (სოფელი თელეთი)

XIII საუკუნის ძეგლია, გადაკეთებული XIX საუკუნეში. მდებარეობს ზემო თელეთში, მუხრან თელეთის დასავლეთ განაპირას, ხატის უბანში. აქ სამი ეკლესიაა: წმ.გიორგის,ღვთისმშობლის და წმ.ნინოს. წმ.გიორგის ეკლესია მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“–ში. წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი შედგება ეკლესიისა და კოშკ–სამრეკლოსგან. ეკლესია დიდი ზომის დარბაზული ნაგებობაა. გეგმით სწორკუთხედი. ტაძარი მოქმედია. წირვა–ლოცვას აღავლენს მამა ამბროსი (ჩომახაშვილი). ,თელეთობის დღესასწაული აღინიშნება ამაღლების დღესასწაულის დღეს. ე.ი. ბრწყინვალე აღდგომიდან 40–ე დღეს.   

 

                                                                           

წმინდა ნინოს დედათა მონასტერი (სოფელი თელეთი)

მდებარეობს ზემო თელეთში, წმინდა გიორგის ეკლესიასთან სულ რაღაც ათიოდე მეტრში. გუმბათიანი ეკლესია სამსართულიანია, ახალი აშენებული. ნაგებობა აშენდა მოსახლეობის შემოწირულობებით, წმ.გიორგის სამონასტრო კომპლექსის წინამძღოლის მამა ამბროსი (ჩომახაშვილის) თაოსნობით.

 

ეკლესია ღვთისმშობლია (სოფელი თელეთი)

გვიანი შუა საუკუნეების ძეგლი მდებარეობს ზემო თელეთში. ეკლესია ერთნავიანია,დარბაზული ტიპის ნაგებობის გეგმა სწორკუთხედშია მოქცეული. ინტერიერი შელესილია, შეთეთრებული, ფასადები სადაა. თელეთის წმ.გიორგის ეკლესიის წინამძღოლის მამა ამბროსის ინიციატივით ეკლესიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. კედლები მთლიანად მოხატულია. ეკლესიის ეზოში ძველი საფლავებია, რომელიც თარიღდება XIX  საუკუნის პირველი ნახევრით.

  

წმ. დავითის ეკლესია (სოფელი თელეთი)

XIX საუკუნის ძეგლი მდებარეობს  წალასყურში. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იანი  წლებისთვის ეკლესია იყო ავარიული  და ბუნებრივია, თანდათან დაიშალა. ნაკვეთი, სადაც  ეკლესია მდებარეობდა  ეკუთვნოდა ალბერტ  ჭეშმარიტაშვილის ოჯახს, რომელმაც  ამ წმინდა ტაძრისათვის  დათმო იგი. ეკლესია აშენდა 1998–2004 წ.წ.–ში. მოსახლეობის  მიერ გაღებული  თანხით   წალასაყურელი  ახალგაზრდობის  მიერ  დავით  მახნიაშვილის  თაოსნობით. 

დღესასწაული  აღინიშნება  ამაღლების  მეორე  კვირას.

 

წმ. გიორგის ეკლესია (სოფელი კრწანისი) 

მდებარეობს სოფელ კრწანისის განაპირას ჩრდილო-დასავლეთით. აგებულია მეოცე საუკუნის 90-იან წლებში მოსახლეობის შემოწირულობებით, ძმების რამაზ და რობიზონ მარგველანების ინიციატივით. 

ეკლესია მოქმედია. 

 

წმ. მთავარანგელოზის მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესია (სოფელი კრწანისი)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და მარტყოფისა და გარდაბნის იმჟამინდელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის უშუალო ზედამხედველობით კრწანისში (ზოოვეტის დასახლება) დადგენილ მოძღვარს მღვდელ მოსე ჭელიძეს დაევალა შეექმნა წინაპირობა ახალი ტაძრის მშენებლობისა და შემდეგ ღვთის ნებით დაესრულებინა ის.  

ღმერთმა მიიღო დიდი წყალობა და მღვდელ მოსე ჭელიძის ირგვლივ გაერთიანდნენ ამ საქმეში ბ-ნ თემურ ფეიქრიშვილი, ზაზა ონიანი, ჯანო დადეშქელიანი, ჯეირან ჭელიძე და სამშენებლო საქმეში მეტად გამოცდილები ბ-ნ ამირან ბოკუჩავა და ბ-ნ ელგუჯა ჭელიძე. ამ წამოწყებამ მოსახლეობის უმეტესობას სიხარული მოგვარა. 

მღვდლის მოსე ჭელიძის წარდგინებით ტაძრის სახელწოდება მისმა უწმინდესობა-უნეტარესობამ ილია მეორემ წმ. მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა და ყოველთა ანგელოზთა დასთა დაამტკიცა.  

2011 წლის 21 აგვისტოს პირველი ბარი დაერტყა სამშენებლო პოლიგონს. (ისტორიული პირველი ბარი ეკუთვნის კრწანისის მოსახლეს ლევან ღარიბაშვილს).

იმავე წლის 22 ოქტომბერს იკურთხა ტაძრის საძირკველი. 2012 წლის 26 დეკემბერს ეკურთხა ტაძარი ეპარქიის იმჟამინდელი მმართველის ეპისკოპოსი მეუფე იაკობის მიერ.

რამ გამოიწვია ტაძრის ასეთი სწრაფი მშენებლობა, რაღა თქმა უნდა ერთსულოვნებამ. ხალხის ნება-აშენებულიყო ტაძარი და ღვთის ნება-მადლი მოჰფენოდა კრწანისის ისტორიულ ველს ჰარმონიულად შეერწყა ანუ დამყარდა სინერგია.

მშენებლობა, რომელმაც უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღტაცება გამოიწვია (მოკლე ხანში აშენებისა ტაძრისა) ასევე მშენებელ ექსპერტთა მაღალი შეფასება მიიღო.  

დღეს ეპარქიაში ახალი მღვდელმთავარი მობრძანდა მეუფე გრიგოლი, იგი ეპარქიაში აღმშენებლობისა და გაძლიერების სულისკვეთებითაა განმსჭვალული.  

ტაძრის არქიტექტორი გახლავთ ღვაწლმოსილი და ქრისტეს მოყვარე ბატონი რევაზ ჯანაშია.

ტაძარში მოღვაწეობს მამა მოსე ჭელიძე.

 

 

წმ. გიორგის ეკლესია (სოფელი ლემშვენიერა)

2001 წლის 6 მაისს გიორგობის დღეს სოფელ ლემშვენიერაში წმ.გიორგის სახელობის ეკლესია აკურთხა გარდაბნის მარიამ ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა. ეკლესია აშენდა ხალხის მიერ. ერთ-ერთი ინიციატორი იყო ელგუჯა პირველი. 

ეკლესია მოქმედია.

 

წმ. ნიკოლოზის ეკლესია (სოფელი ვახტანგისი)

ეკლესია სოფლის განაპირას, მართლმადიდებლური სასაფლაოს გვერდით მდებარეობს. ეკლესიის საძირკველი 1993 წლის 4 ოქტომბერს აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-მ. ტაძრის მშენებლობაც იმ დროს დაიწყომოსახლეობის შემოწირულობით და მაყვალა კიკაბიძის ხელმძღვანელობით  დაიწყო. მის დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა დავით ნადაშვილმა.

მონასტერში წირვა-ლოცვას აღავლენს მამა ნეოფიტე (იოსებ უროტაძე). დღესასწაული აღინიშნება წმ.ნიკოლოზის ხსენების დღეს 19 დეკემბერს და 22 მაისს აღმ.ნაწ.წმ.ნიკოლოზის საკვირველ-მოქმედისა მირონ ლუკიიდან ბარში (1087).

 

სამების ეკლესია (სოფელი კუმისი)

მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით მაღალი კლდის თავზე, ზეგანზე. ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობის გეგმა სწორკუთხედშია მოქცეული. ძეგლი ჯერ კიდევ VII საუკუნეში არსებობდა, რომელიც  იავარქმნილა.  XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მონასტერი თბილისის გუბერნატორმა ნიკოლოზ ფალავანდიშვილმა ააგო. თავად ორბელიანებმა იგი საგვარეულო სავანედ აქციეს და 1846 წლის 1 ოქტომბერს რესტავრაცია–რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. 1968 წელს ტაძარი დაანგრიეს და ცეცხლს მისცეს.  1996 წელს დაიწყო ძეგლის აღდგენა, კუმისელი დედა სალომე (შერაშაშვილის) თაოსნობით. ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მთლიანად მოხატულია. ტაძარში განისვენებენ ქართველი ხალხის მრავალი სახელოვანი მამულიშვილი, მათ შორის მანანა ორბელიანი, დავით ორბელიანი, ყაფლან ორბელიანი, ნიკოლოზ ფალავანდიშვილი, მისი შვილები და სხვ. ეზოში განისვენებს პროდიაკვანი გიორგი ახალკაცოვი. დღესასწაული სამებობა იმართება სულთმოფენობის კვირის პირველ სამშაბათს.

 

წმინდა გიორგის ეკლესია (სოფელი კუმისი)

მდებარეობს კუმისის მთაზე ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. ძეგლი XVII-XVIII საუკუნისაა და მხოლოდ ნანგრევები და ნიში იყო შემორჩენილი. ეკლესია ამჟამად აღდგენილია მოსახლეობის შემოწირულობებით, კუმისის წმ.სამების ეკლესიის წინამძღვრის დედა სალომეს ინიციატივით. თამაზ ედიშერაშვილის მიერ ეკლესიისთვის შეწირულია რკინის კარები და ჯვარი. ძეგლი დარბაზული ტიპისაა, ორფერდა გადახურვით.  წირვა–ლოცვა აღევლინება გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულებზე.   

 

ეკლესია სურბ–სარქისისა (სოფელი კუმისი)

მდებარეობს სოფლის დასავლეთ ნაწილში. ძეგლი XIX საუკუნისაა. აღდგენილ იქნა ადგილობრივი მკვიდრის მამუკა მინდორაშვილის მიერ. დღესასწაული იმართება 6 მაისს და 23 ნოემბერს.   

 

 წმ. გიორგის  ეკლესია (სოფელი ახალი სამგორი)

წვერის  უბანში  სულ 2006 წელს აიგო წმ.  გიორგის  სახელობის  ეკლესია, გია  აფციაურის მიერ. ეკლესია  დარბაზული  ტიპის  ნაგებობაა,  გეგმით  სწორკუთხედი.

 


წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი მარტყოფი)  

მდებარეობს სოფლის ამაღლებულ გორაკზე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, 1990 წელს ამ შემაღლებულ გორაკზე ამოსულა და უთქვამს-აქ უნდა აშენდეს გვირგვინი მარტყოფისა, წმინდა გიორგის ეკლესია...კტიტორობა მარტყოფის მკვიდრმა, ცნობილმა ძიუდოისტმა გიორგი შინჯიკაშვილმა ითავა და ტაძრის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. 2015 წლის შემოდგომაზე მშენებლობა დასრულდა. 2015 წლის 26 ნოემბერს, მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსმა იოანემ და აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა, წმ.გიორგის სახელობის ეკლესია აკურთხეს. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, წირვა-ლოცვა კურთხევის დღიდან, ყოველ უქმე დღეს აღევლინება. 

 

 

პ.ს. მასალის გარკვეული ნაწილი მომზადებულია ინეზა ხახიაშვილის წიგნის "გარდაბნის რაიონის ციხე–ტაძრების" მიხედვით

 
 
მნახველთა რაოდენობა: 17206
 
 
 
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები