ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „ყოფილი პრეზიდენტი“ ედუარდ კოკოითი სოციალურ ქსელში წერს სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე.

კოკოითი 2008 წლის ომში მონაწილე გინტურს „ომის დამნაშავეს“, საქართველოს კი "ტიფლისის გუბერნიას" უწოდებს.

„როგორც ვიცით, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია ტიფლისელ პროვოკატორებს ჩაუვარდათ ხელში. როგორ და საიდან მოხვდა მათ ხელში ეს ინფორმაცია, ცალკე საუბრის თემაა. დაე, ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და თავის ხალხს ღალატობს. ქართველი რადიკალები [ინტერნეტ] ქსელებში ავრცელებენ პერსონალურ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების შესახებ და ასევე პირად ინფორმაციას მათი ოჯახის წევრების შესახებ. ასეთი საზიზღარი ქმედებები არ შეგვაშინებს. იცოდნენ მათ, ვინც აგროვებს და ავრცელებს ამ მონაცემებს, რომ არც ჩვენს და არც რუს მესაზღვრეებს და არც მათი ოჯახის წევრებს არავის დავაჩაგვრინებთ“, - წერს კოკოითი.


მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში მოსამსახურე რუსი მესაზღვრეების შესახებ. ამასთან, მოკლული თამაზ გინტურის ძმამ ჟურნალისტებს მისთვის სანდრო წყაროზე დაყრდნობით უთხრა, რომ მისი ძმის მკვლელების ვინაობა ცნობილია. გივი (ნიკოლოზ) გინტურმა მაიორის წოდების ორი მესაზღვრის ვინაობა დაასახელა.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს კირბალის სიახლოვეს, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი რუსმა სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს. საქართველოს ხელისუფლება დოთიაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას, გინტურის სიკვდილში პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და დასჯას მოითხოვს.