ფრთხილად!!! როგორ გავარჩიოთ ნიყვი მისი შხამიანი ორეულისგან (+ რეცეპტი) - Gemrielia.ge

ფრთხილად!!! როგორ გავარჩიოთ ნიყვი მისი შხამიანი ორეულისგან (+ რეცეპტი)

ნიყვი, რომელსაც სხვანაირად სოკოწითელასაც უწოდებენ, ქუდიანი ნარინჯისფერი სოკოა. მისი სეზონი აგვისტო–სექტემბერია.


საქართველოში, ძირითადად მოიპოვება დასავლეთ რეგიონებში. სეზონურად შეგროვებული ნიყვი იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ სწრაფად და მაღალ ფასში იყიდება. ასე რომ, თუ ნიყვს სადმე გადააწყდით, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ. ერთი კილო ნიყვის ფასი დაახლოებით 40-50 ლარია.
სავარაუდოდ, ნიყვის გაპოპულარება უკავშირდება მის გამოჩენას ქალაქის ბაზარზე და ასევე იმას, რომ ნიყვის მოყვარულები მას ხშირად ადარებენ შემწვარი ქათმისა და გოჭის ხორცს.
                  

 

როგორ გავარჩიოთ ნიყვი შხამიანი ორეულისგან? ორივე სოკო თეთრი პარკიდან ამოდის. ნიყვი ცენტრში ხევს ამ პარკს, შხამა სოკო კი ნაფლეთებად აქუცმაცებს და თეთრი ფიფქები რჩება ქუდზე. წვიმები ამ ფიფქებს სოკოს ქუდს აცილებს, ეს კი ნამდვილ თავსატეხს აჩენს. ამ შემთხვევაში დააკვირდით სოკოს ფეხს, ნიყვს ძირში თეთრი ბუდე შემორჩენილია, შხამას ძირში კი - არა.

 

                

ნიყვს მართლაც სამეფო გემო და გარეგნობა აქვს, ალბათ ამიტომაც მოიხსენიებენ მას სხვადასხვა ქვეყნებში აღმატებული სახელწოდებებით. მაგალითად: ინგლისურად მას ეძახიან "კეისრის სოკოს", რუსულად – "სამეფო სოკოს". ქართულ ანალოგში კი ალბათ, გვახსენდება ძველი ფილმი, სადაც ნიყვს მოიხსენიებენ როგორც "ღმერთების საჭმელს".
                    
 საინტერესო ფაქტები ნიყვზე:

1.შეიცავს: კალციუმს, ფოსფორს, ასორბინის მჟავას, A  D და B ჯგუფის ვიტამინებს.
 

2.არ იწვევს სიმძიმეს კუჭში.
 

3. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც უმი, ასევე შემწვარი სახითაც.
 

4. ნიყვის სათბურში მოყვანა არის შეუძლებელი.
 

5.გამოიყენება ფარმაკოლოგიაშიც. მიკრობიოლოგებმა შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან დაადგინეს, რომ კეისრის სოკოში შემავალ ფერმენტებს პრევენციული ეფექტი აქვთ კიბოს სიმსივნეების წინააღმდეგ. 
 

6.ამ სოკოს კომპონენტები ამცირებენ პროსტატის დაავადებების რისკს. 

გთავაზობთ კარაქში მოთუშული ნიყვის რეცეპტს:
                 
ინგრედიენტები:
 

1. ნიყვი – 300 გრ
 

2. კარაქი – 150 გრ 
 

3. ლიმონის წვენი – 50 გრ
 

4. ქონდარი – 3 ღერი
 

5. პილპილი
 

6. მარილი

 

მომზადების წესი: 

გაასუფთავეთ სოკო და მოაცილეთ ფეხები.

 

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და დაალაგეთ სოკოს ქუდები. მოშუშეთ ნელ ცეცხლზე, პერიოდულად გადააბრუნეთ. 5-6 წუთში დაადეთ კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

 

კარაქი მალე დაადნება, შეერევა სოკოს წვენს და სოუსივით გახდება.

 

დააცადეთ კიდევ 2-3 წუთი, მოაყარეთ მწვანილი, მოასხით ლიმონის წვენი და ნიყვის სოუსიც მზადაა.