კვრინჩხი - ქლიავის გვარის ხილი, რომლის სასარგებლო თვისებები ძალიან ცოტამ იცის - Gemrielia.ge

კვრინჩხი - ქლიავის გვარის ხილი, რომლის სასარგებლო თვისებები ძალიან ცოტამ იცის

კვრინჩხი Prunus spinosa L - ეკლიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა, რომელიც სიმაღლეში 4 მეტრამდე იზრდება. მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარს. ყვავის აპრილ-მაისში. კვრინჩხს მოლურჯო შავი კურკიანი ნაყოფი აქვს. რბილობი მწვანეა. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში, გააჩნია მოტკბო-მომჟავო გემო, ყინვა რომ დაჰკრავს, სასიამოვნო გემოს იძენს. საქართველოში იზრდება მხოლოდ აღმოსავლეში. ადის ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე, კვრინჩხი თაფლოვანი მცენარეა, მისგან ამზადებენ მურაბებსა და ძმარს, ხდიან არაყს, რომელიც გემოთი ქლიავის არაყს წააგავს. გამოიყენება დეკორატიული თვალსაზრისითაც.

კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში. ნაყოფი შეიცავს შაქარს, უჯრედისს, პექტინს, ვიტამინებს, მთრიმლავ, აზოტურ, არომატულ ნივთიერებებს, კაროტინს, ციანიდურ ნაერთებს, ფლავონურ გლიკოზიდს. ნაყოფს აქვს შემკვრელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი, მადის აღმდგენი თვისებები. ყვავილები გამოიყენება შარდმდენად, დამარბილებელ, ოფლმდენ, ღებინების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ, დამამშვიდებელ საშუალებად. ძირების ნაყენი სიცხის დამწევია. მედიცინაში გამოიყენება არასპეციფიკური წყლულების, დიზენტერიის, მოწამლულობის, კანდიოზების სამკურნალოდ.

 

წყარო: სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი