Tags

, , ,

ucha dvalishvili

დვალიშვილი უჩა ლევანის ძე (1953)

ქორეოგრაფი, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი. დაიბადა 1953 წელს ქუთაისში. ვანის რ-ნის სოფელ ისრითის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა და 1974 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელი.

1974-76 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას, იყო ვოლგისპირეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობი. 1976-80 წლებში სწავლობდა კუიბიშევის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ქორეოგრაფიის სპეციალობით. 1980-90 წლებში მუშაობდა თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულსაგანმანათლებლო სასწავლებელში პედაგოგ-ქორეოგრაფად (კლასიკური ცეკვა, მსოფლიოს ხალხთა ცეკვა, კომპოზიცია და ცეკვის დადგმა). 1989 წელს მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიისა და ლოს ანჯელესის შტატში, ქართული ცეკვების დასადგმელად და მასწავლებლად. 1988 წელს ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“, რომლის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფია, დადგმული აქვს 40-მდე ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვა. ეს ანსამბლი 1992 წლიდან კულტურის უნივერსიტეტთან არსებობს. ცეკვები დადგმული აქვს სხვა ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და დრამატული სპექტაკლებისთვისაც. რესპუბლიკური და მსოფლიო ფესტივალებისა და კონკურსების მრავალგზის ლაურეატია. 1992 წლიდან ქორეოლოგი უჩა დვალიშვილი მოღვაწეობს თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის გამგედ და ქორეოგრაფიული სახელოსნოს ხელმძღვანელად; იმავდროულად უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია. უჩა დვალიშვილმა 2003 წლის 6 ივნისს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2004 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 2005 წელს პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები. ავტორია ქორეოგრაფიის სპეციალობის დისციპლინათა სასწავლო პროგრამებისა. ქორეოგრაფიის პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და სამეცნიერო ნაშრომი. 2006 წლიდან უჩა დვალიშვილი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების ფაკულტეტის ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის მიმართულების ხელმძღვანელია. 2007 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულებას. ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში იგი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიაში – თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მისივე ხელმძღვანელობით ფოლკლორის ცენტრმა არაერთი ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ტრადიციული საცეკვაო ხელოვნების ნიმუშების დასაფიქსირებლად. უჩა დვალიშვილი არის რედაქტორი ოთარ ღვაბერიძის წიგნისა – „დიდი ჯანო“ (2009), შემდგენელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის მასალებზე დაყრდნობით გამოცემული ანთოლოგიისა – „ავთანდილ თათარაძე. ქართული ხალხური ცეკვა“ (2010). 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2010 წელს კი მიენიჭა ფოლკლორის ეროვნული პრემია.