KA
Gardenia Shevardnadze

გარდენია შევარდნაძე

თუ გიყვარს ყვავილები, ვინტაჟური დეკორი და სახლში დამზადებული ტკბილეული, აქ შენ პატარა სამოთხე გელოდება. „გარდენია შევარდნაძის“ ეზოს ყველა კუთხე-კუნჭულში ესთეტიკის დღესასწაულია. ბაღის მასპინძელი მებაღე-ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძეა, რომელმაც აქაურობა ულამაზეს სანახაობად საკუთარი ხელით აქცია.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ „გარდენია შევარდნაძის“ ეზოში?

„გარდენია შევარდნაძის“ ტერიტორია ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სავსეა სეზონური ყვავილებით. ფერად-ფერადი ვარდები, ტიტები, აზალიები, ფორზიციები, გლიცინიები, გლადიოლუსები, პიონები, ქრიზანთემები ფლორის სამყაროს მოგატარებთ.  ბაღში ყვავილობს ზამბახების უნიკალური კოლექცია. აქვეა პატარა სანერგე, სადაც შეგიძლია,  ქოთნებით შეიძინო ცისფერი და თეთრი კესანეები, ზიზილები, ბეგონიები, ასევე ბოლქვები და ყვავილის თესლი. 

პატარა კაფეში ვანილისა და დარიჩინის სურნელი ტრიალებს -  ცხვება ვაშლის, ალუბლის,  ნიგვზისა და ფორთოხლის კექსები, ასევე უგემრიელესი ხაჭაპური; შემოგთავაზებენ გურულად შესუნელებულ მკვახე პომიდორს, მჭადსა და ყველს - ამას ზურას სადილი ჰქვია. გაგიმასპინძლდებიან ქაცვის, ალუბლის, ატმის ნატურალური წვენებით, ნაყინით, ყავით; აქვე  იყიდი ნატურალურ თაფლს, მურაბებსა და არომატულ ჩაის ზურა შევარდნაძის გურიის მამულებიდან. 

ბაღში პატარა გუბურა სავსეა წითელი თევზებით. 

ზაფხულის დღეებში, ხუთშაბათობით, გარდენიას ტერასაზე სამეჯლისო ცეკვების საღამოები იმართება.  

გასასვლელთან სუვენირების მაღაზიაა. ნამდვილი სიურპრიზი კი ვინტაჟური ნივთებია, რომლებიც საბჭოთა სახლებიდან არის მორჩენილი - ფერადი მომინანქრებული ჩაიდნები, მოხატული გობები, ფაიფურის ფინჯნები და ორიგინალური საყვავილეები. 

„გარდენია შევარდნაძე“ მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე ორშაბათის გარდა, თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით. მეტროსადგურ ვაგზლის მოედნის ზემოთ, რკინიგზის “გადასასვლელ ხიდთან” დგას მუნიციპალური ტრანსპორტი - სამარშრუტო მიკროავტობუსები. აქ შეგიძლიათ ჩასხდეთ 418 ან 435 ნომერ მოკროასვტობუსში, რომელიც „გარდენიამდე“ 10 წუთში მიგიყვანს.

ასევე შეგიძლიათ იმგზავროთ 319 ან 360 ავტობუსით.

“გარდენიაში” შესვლა ფასიანია და 5 ლარი ღირს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა