რუბრიკა ეს საინტერესოა: ,,მონუმენტური ხელოვნების განვითარების ხაზი“


მონუმენტური მხატვრობა ადამიანის პრიმიტიული აზროვნების პერიოდიდან მოყოლებული არსებობს, თუმცა ის ყოველთვის იცვლებოდა რელიგიური თუ ეპოქალური ცვლილებების ფონზე. თავდაპირველად რეალისტურ, თუმცა არაკომპოზიციურ გამოსახულებებს შემთხვევით მიაკვლიეს სხვადასხვა ქვაბულებში (ალტამირა, ლასკო, ტასილი, ფონდეგამი და სხვ.). პრიმიტიული აზროვნების ეს შედეგი მომავალ ეპოქებში განვითარდა, დაიხვეწა, დაემორჩილა კონკრეტულ იდეას და შეიქმნა ეგვიპტური, ეგეოსური და რომაული ფრესკები.
ყველაზე დიდი ისტორიული განვითარების ხანა ბიზანტიის შექმნიდან იწყება: კედლის მხატვრობა (ფრესკა) და მოზაიკური ხელოვნება საკულტო ნაგებობის ინტერიერებში განთავსდა. ქრისტიანული კედლის მხატვრობის უადრესი ქმნილებები ხალხის განათლებისთვის დიდ როლს ასრულებდა. იკონოგრაფიული ტიპები, დადგენილი რედაქციები ტიპის მკაცრ დაურღვევლობას გულისხმობდა, თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევებში კარგად ვლინდება მხატვრის გამორჩეული ხედვა და მასთან ერთად ოსტატობა. კარგი იქნება დავასახელოთ ქართული ძეგლები, რამაც ეს ინდივიდუალიზმი გამოკვეთა თითოეულ შემთხვევებში, მაგალითად ატენის სიონის მოხატულობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავარანგელოზი გაბრიელი, ყინწვისი, ვარძია, მხატვარ დამიანეს მიერ შესრულებული უბისას ფრესკები...
ევროპაში თანამედროვე ხელოვნების დამკვიდრებამ მონუმენტურ ხელოვნებაშიც დიდი ცვლილება მოიტანა, თუ ამ დრომდე გაბატონებული იყო მხოლოდ ქრისტიანული ფრესკა, ამიერიდან კედლები ირთვება თანამედროვე აზროვნების შედეგად, სადაც თითქმის აღარ დარჩა ადგილი რელიგიურ ხატწერას. ბევრია ამ დარგში გამორჩეული მხატვარი, თუმცა ყველასთვის კარგად ცნობილი და გამორჩეული ხელოვანია მექსიკელი დიეგო რივერა. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში, მან პირველად გააფორმა სან ფრანცისკოს ქალაქის კლუბი, რომელიც არტ-დეკოს სტილში შეასრულა. მისმა განსხვავებულმა და თავისუფალმა დამოკიდებულებამ მონუმენტური ხელოვნების მიმართ პოსტმოდერნიზმში გააგრძელა არსებობა. გრაფიტი დღემდე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც ნაგებობათა ფასადებს აფორმებს სხვადასხვა თემებით, ის უმეტესად გააზრებულია როგორც ახალგაზრდა ხელოვანთა პროტესტი, თუმცა რასაკვირველია აქ გვხვდება საინტერესო მხატვრული თავისებურებებიც, ორნამენტებიც კი. ერთ-ერთი ნოვატორი ამ დარგში არის ინგლისელი ბენკსი (ნამდვილი სახელია რობერტ ბენკსი, ან რობი გუნინჰემი), რომელსაც გამოკვეთილი მიმართულება აქვს, ეს არის სოციალური თუ პოლიტიკური პასუხები, რომელსაც ის ტოვებს შენობათა ფასადებზე.














✍️ავტორი: სოფიო პაპინაშვილი
საქართველოს სამხატვრო ქარხნის კურატორი

#სამხატვროქარხანა #georgianartfactory #GAF #GAFstream 

Comments