დუშეთი

140px|thumb|დუშეთის „ზაშტატნი" გერბი. 1875
დუშეთი. ყარანგოზიშვილების კოშკი გვიანდელი შუა საუკუნეები
დუშეთი. სახლი, სადაც 1868–73 ცხოვრობდა ი. ჭავჭავაძე.
დუშეთი საერთო ხედი XX ს. დასაწყისი
დუშეთი ჭილაშვილების ციხე-დარბაზი XVII–XIX სს

დუშეთი, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდ. დუშეთისხევის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) ორივე მხარეს. ზ. დ. 880 მ, თბილისიდან 54 კმ, მცხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 33 კმ. 7,3 ათ. მცხ. (2002).

დ-ში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 9,7ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა –1,4ºC, ივლ. 20,4ºC. ნალექები 740 მმ წელიწადში.

მოსახლ. მნიშვნელოვანი ნაწილი სას.-სამ. საქმიანობას ეწევა. დ-ში არის საკონსერვო, რძის, სამკერვალო, ქართ. ხალიჩების საქსოვი საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტსახლი, ბიბლიოთეკა, სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამედ. დაწესებულებები, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია.

დ-ის ტერიტორიაზე გათხრილი სამაროვანი ადასტურებს, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ადრინდ. ანტ. ხანაში უცხოვრია. დ. წყაროებში პირველად 1215 იხსენიება. XVII ს. დასაწყისში დ-ში არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო; იდგა ნუგზარ ერისთავის სასახლე. არაგვის ერისთავთა რეზიდენციაში მნიშვნელოვანი კულტ.-საგანმან. ტრადიციები დამკვიდრდა. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები კვიპრიანე სამთავნელი (XVII–XVIII სს.), ოთარ ერისთავი, რომანოზ ერისთავი, იოსები (სამივე XVIII ს.), სოფრონიოსი (XIX ს.) და სხვ.

სხვადასხვა დროს დუშეთში იყვნენ თეიმურაზ I (1626), იესე ბარათაშვილი (1747), თეიმურაზ II (1760), იოანე რუსთველი (1760), იოანე ქართველიშვილი (1795) და სხვ.

XIX ს. 50-იან წლებში დუშეთში ცხოვრობდა და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ისტორიკოსი პლ. იოსელიანი, ხოლო 1863–74 მომრიგებელ მოსამართლედ მოღვაწეობდა ი. ჭავჭავაძე.

1635 ქართლის მეფე როსტომმა არაგვის საერისთავოს დასამორჩილებლად მოწყობილი ლაშქრობის დროს დ. გადაწვა. 1688 დ. კვლავ დაარბია ქართლის მეფე გიორგი XI-მ. 1743 არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ დ. მნიშვნელოვნად დაკნინდა.

1756 დ-მა ქალაქის სტატუსი მიიღო. 1802 იგი ახლად წარმოქმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. 1918 წ. 18 ივნ. მაზრაში იფეთქა გლეხთა შეიარაღებულმა აჯანყებამ (იხ. დუშეთის აჯანყება 1918). 1921 წ. 25 ივნ. შეიქმნა დუშეთის მაზრის რევკომი, დ-ში საბჭ. ხელისუფლება დამყარდა.

დღევანდელი დ-ის ტერიტორიაზე საკმაოდ ინტენს. ცხოვრება ყოფილა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დ. არაგვის საერისთავო ცენტრად იქცეოდა. კერძოდ, ამის უტყუარი საბუთია ყარანგოზიშვილების კოშკის უბანში წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიის არსებობა (რესტავრირებულია 1983–84), რ-იც გეგმისა და მხატვრულ-სტილისტური ნიშნების მიხედვით IX–X სს-ითაა დათარიღებული. გადაკეთებულია გვიანდ. შუა საუკუნეებში. სავარაუდოა, რომ დ-ის ადგილას მდებარე სამოსახლოს მთავარი უბანი IX ს-ში ამ ეკლესიის გარშემო იყო განფენილი, ხოლო განვითარებული შუა საუკ. ნამოსახლარი შეფენილი იყო ფერდობზე ბატონის წყაროსა და საავადმყოფოს შორის. ერთ-ერთი ეზოს არქეოლ. გამოკვლევისას გამოვლინდა საკმაოდ საყურადღებო მასალა თიხის საოჯახო ჭურჭლის ნატეხები, მოჭიქული ჯამ-ჭურჭლის მრავალფეროვანი ნიმუშები, რ-თა შორის ჭარბობს XII–XIII სს-თვის დამახასიათებელი პოლიქრომული ჯამები, შემკული გეომ., მცენარეული და ანთროპომორფული სახეებით. იქვე ნაპოვნია შუა საუკ. სპილენძის მონეტები, რ-თა შორის არის თამარისა და ლაშას სახელით მოჭრილი ცალები. მოპოვებული მასალის ნაწილი ინახება დ-ის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, დანარჩენი – კერძო კოლექციაში. მომდევნო საუკუნეებში დ-ის ადგილას მდებარე სამოსახლო დას-ით გავრცელებულა. როგორც ჩანს, ნამოსახლარის ამ უბნის დაცვას ემსახურებოდა მანგიანთხევის ნაპირზე აღმართული დიდი, გეგმით ოთხკუთხა კოშკი, რ-ისგანაც მხოლოდ საძირკვლის ნაშთია შემორჩენილი. თანამედროვე დ-ის ტერიტორიაზე აღრიცხულია გვიანდ. შუა საუკ. რამდენიმე ძეგლი, რ-თაგან ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი, XVIII ს-ში აგებული (გეგმით სწორკუთხა) დუშეთის ციხე, დღეისათვის განადგურებულია. გვიანდ. შუა საუკ. ხუროთმოძღვრული კომპლექსია შემონახული დ-ის ჩრდ.-აღმ. განაპირას.

შედარებით უკეთაა დაცული გეგმით ოთხკუთხა ოთხსართულიანი, ე. წ. ყარანგოზიშვილების კოშკი, მისივე თანამედროვე სასახლის ნაშთებითურთ. სავარაუდოა, რომ არაგვის ერისთავების გვიანდ. შუა საუკ. სასახლის კომპლექსი ამ მიდამოებში იყო განლაგებული. გვიანდ. შუა საუკ. ისტ. ძეგლებს შორის დღევანდელი დ-ის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მილახვრიანთკარის ციხე-დარბაზი ანუ ჭილაშვილების ციხე-დარბაზი, რ-იც დუშეთისხევის მარჯვ. ნაპირზე მდებარეობს. გარკვეულწილად საინტერესოა ასევე, XIX ს. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღემდეა შემონახული.

არქეოლ. ძიებით (1982–83, ხელმძღვ. რ. რამიშვილი) გაირკვა, რომ მილახვრიანთკარის სასახლის ადგილას მდგარა შედარებით უფრო ძველი, რიყის ქვით ნაგები დიდი შენობა. სასახლის აღმ-ით ღია ცის ქვეშ არქეოლ. მუზეუმის მშენებლობის დროს აღმოჩნდა ძლიერი ხანძრით გადაბუგული XVII–XVIII სს. ნასახლარის ნაშთი.

სასახლის ცალკეულ ნაგებობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს უაღრესად დახვეწილი ხელოვნებით ნაგები მრგვალი საცხოვრებელ-თავდაცვითი კოშკი. მილახვრიანთკარის სამხრ.-დასით, სოფლის წარჩინებულთა სასაფლაოზე დგას XVIII ს. ბოლოს აგურით და ქვით აგებული პატარა ერთნავიანი ეკლესია, აზნაურ ჭილაშვილების საგვარეულო საძვალე. ამჟამად მილახვრიანთკარის სასახლეში მოთავსებულია არქეოლ. კვლევის ცენტრის აღმ. საქართველოს მთიანეთის არქეოლ. ექსპედიციის ბაზა (ფონდსაცავები, ბ-კა, სარესტავრაციო და სხვა ლაბორატორიები, ლექტორიუმი, საწყობები და სხვ.).

ლიტ .: ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983; გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983; И о с е л и а н и П. И., Описание города Душети, Тифлисской губернии, Тфл., 1860; Р а м и ш в и л и Р. М., Д ж о р б е н а д з е В. А., Ч и к о в а н и Т. Ч. и др., Археологические исследования в Душетском районе, კრ.: Полевые археологические исследования в 1982 году, Тб., 1985.

ჯ. გვასალია

ლ. მენაბდე

რ. რამიშვილი

ვ. ჯაოშვილი