კლდის მხატვრობა

კლდის მხატვრობა. პეტროგლიფი. თრიალეთი

კლდის მხატვრობა, პეტროგლიფი, გამოქვაბულთა კედლებზე, ჭერზე, კლდეებსა თუ ცალკეულ ქვებზე შესრულებული უძველესი გამოსახულებანი. გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში და მიეკუთვნება სხვადასხვა ეპოქას – პალეოლითიდან შუა საუკუნეებამდე. პალეოლითის ხანის კ. მ-ის ნიმუშები დიდი რაოდენობით გვხვდება სამხრ. საფრ. გამოქვაბულებში. ჭარბობს ბიზონების, ცხენების, მამონტების, მარტორქების ფიგურები. მკვლევართა აზრით, კ. მ-ს მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მისი შესრულების სტილი და ტექნიკა მრავალფეროვანია – გვხვდება კონტურული, ამოკაწრული, პოლიქრომული ნახატი (იყენებდნენ მინერალურ საღებავებს), ბარელიეფი. აღმ. ესპანეთის, სამხრ. იტალიის, ჩრდ. აფრიკის, ცენტრ. და აღმ. საჰარის მხატვრობაში ცენტრ. ადგილი უჭირავს ნადირობის, ბრძოლების, რიტუალების ამსახველ რთულ კომპოზიციებს. კ. მ. ფართოდ გავრცელდა ბრინჯაოს, განსაკუთრებით ადრინდ. რკინის ეპოქაში. ზოგჯერ სხვადასხვა ეპოქის ათასობით გამოსახულება მთლიანად ფარავს კედლებს; ხშირად ძვ. ნახატი დაფარულია უფრო გვიანდელით. ამ პერიოდის კ. მ-ში გარეული ცხოველების, ნადირობის სცენების, მაგიური ნიშნებისა და სხვათა გვერდით გამოსახულია შინაური ცხოველები, მიწის დამუშავების პროცესი და სხვ.

საქართველოში აღსანიშნავია მღვიმევის (ჭიათურის მუნიციპ.) ზედა პალეოლითის ხანის კ. მ. მისი თვალსაჩინო ნიმუშები ნაპოვნია ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპ-ში, სოფ. განთიადთან (ყოფ. თაქ-ქილისა). მდ. ქციის მარჯვ. ნაპირზე 1976 თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. – ნ. გაბუნია) მიაკვლია ამოკაწრულ ხაზოვან-გეომ. პეტროგლიფებს, რ-ებზეც გამოსახულია ცხოველები ( ცხენი, ირემი, ჯიხვი, მელა, შველი, აქლემი, ლომი და სხვ.), აგრეთვე ფანტასტიკური არსებანი, სხვადასხვა ხასიათის სცენები, ადამიანთა, მზის, ჯვრების გამოსახულებები, გეომ. ფიგურები. აღნიშნული ნახატები სხვადასხვა პერიოდისაა.