კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორია დასავლეთ საქართველოში. მოიცავს შავი ზღვის აღმ. სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნ. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშ. მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების, გადამფრენი ფრინველებისათვის მნიშვნელოვანი ადგილსამყოფელის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ეროვნ. პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა (სამეგრელო) და ლანჩხუთის (გურია) გარკვეულ ტერიტორიას მოიცავს. საუკუნეების განმავლობაში სანაპიროს გასწვრივ ზღვის ტალღების მიერ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, მდ. ფიჩორიდან პალიასტომში ჩამდინარე სუფთა წყალმა კი ტბა გაამტკნარა და 3 მ სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის სხვადასხვა სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.

1947 დაარსდა კოლხეთის სახელმწ. ნაკრძალი. ამ ფაქტმა რიონსა და ფიჩორს შორის არსებული 500 ჰა ჭაობისა და დაჭაობებული ტყის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კ. ე. პ-ის არცთუ ვრცელი ტერიტორია ს ახელმწიფოს დაცვის ქვეშ მოაქცია. კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავისი რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპ. და სუბტროპ. ლანდშაფტებისა, რ-ებიც დაახლ. 10 მლნ. წლის წინ, კაინოზოურ ხანაში, ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. გამყინვარების მეოთხეული პერიოდი დაახლ. 10 000 წლის წინ დასრულდა, მაგრამ იმ დროიდან, როდესაც მთელი ჩრდ. ევროპა უზარმაზარი მყინვარებით იყო დაფარული და სამხრეთში მათ შემოჭრას მხოლოდ კავკასიონის ქედი აკავებდა, კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რ-ებიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი.

კოლხეთის დაბლობს სხვა საერთაშ. მნიშვნელობაც აქვს. ამ ტერიტორიაზე ფრინველების ყოველწლიული მიგრაციის მარშრუტი გადის, შემოდგომით – ჩრდილოეთიდან ს ამხრეთისკენ, ხოლო გაზაფხულზე პირიქით – თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ დაძრული მილიონობით ფრინველისთვის, რ-ებიც შავი ზღვის სანაპიროს მიუყვებიან, დაუსახლებელი ჭაობები შორეული გადაფრენების დროს დასვენებისთვის იდეალური ადგილია. მრავალი სახეობის ფრთოსნისთვის კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს. უფრო სამხრ-ით წასვლა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან აქაურ ჭაობებში ზამთრის გადატანისთვის ყველა საჭირო პირობაა.

კოლხეთის დაბლობი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში პირველად 1996 მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშ. მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. ამ მოვლენის ლოგიკური გაგრძელება იყო 1998 მიღებული კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შესახებ, ხოლო 2000-იდან კ. ე. პ-მა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო.

კ. ე. პ. არ არის მონოლითური წარმონაქმნი და ის წყვეტილი ტერიტორიებისგან (უბნებისგან) შედგება. პარკი იყოფა ანაკლია- ჭურიის (მდ-ების – ჭურიისა და ხობისწყლის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდ-ების – ხობისწყლისა და რიონის ხეობების დას. მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდ-ების – რიონისა და ს უფსის ხეობების დას. მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ გეოგრ. უბნებად. ეს ის ადგილებია, სადაც ჭარბტენიანი ეკოსისტემები ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი. ეროვნ. პარკში შედის მდ-ების – რიონისა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორიაც. ანაკლია-ჭურიის უბნის ფართობია 13 713, ნაბადის უბნისა – 10 697, ხოლო იმნათის უბნისა – 19 903 ჰა. სულ ეროვნ. პარკის სახმელეთო ფართობის სიდიდეა 28 571, ხოლო ზღვის აკვატორიისა – 15 742 ჰა.

უკონტროლო თევზჭერამ შავი ზღვის აკვატორიაში ძალიან შეამცირა თევზის რაოდენობა, ხოლო იქ გავრცელებული დელფინის სამი სახეობიდან ორი გადაშენების პირას მიიყვანა. პალიასტომის ტბაზე, რ-იც დღეს უკვე ეროვნ. პარკის შემადგენლობაშია, ბრაკონიერები ყოველდღიურად 20 ტონამდე თევზს იჭერდნენ.

ჭაობის უნიკალურ ტყეებში რეგულარულად უკანონოდ ჭრიდნენ ხეებს პირადი სარგებლობისთვის. მათი ნაწილი გაჰქონდათ სახმელეთო და საზღვაო გზებით. ნადგურდებოდა ჭაობის ეკოსისტემის იშვიათი ხეები და მთლიანად ტყეებიც. გამოუსწორებელია უკანონო ჩეხვით მიყენებული ზარალი, ვინაიდან ასეთი ტყე პირველადი ფორმით აღდგენას ვეღარ ახერხებს და მის ადგილს კოლხეთის დაბლობის დომინანტი, ჭარბტენიან ტერიტორიებს საუკეთესოდ შეგუებული და სწრაფმზარდი მურყნის კორომები იკავებს.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბრაკონიერები ათასობით მწყერს, ტყის ქათამს, იხვსა და სხვა მრავალი ს ახეობის ფრინველს ანადგურებდნენ.

კ. ე. პ-ის სიმაღლე ზ. დ. 5 მ არ აღემატება. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წყალუხვი მდინარე (ენგური, ხობისწყალი, სუფსა, რიონი) მიედინება. წყალდიდობის დროს ამ მდინარეებს მოაქვთ თითქმის მთელი დას. საქართველოს მთებში, მინდვრებსა და ტყეებში მოსული ნალექი და წყლის უზარმაზარი ენერგიით მორღვეული ნაშალი მასალა. ვაკეზე გამოსული ბობოქარი მდინარეები კარგავენ ენერგიას, ჭაობები კი ისრუტავენ წყალდიდობის დროს მოვარდნილ წყალს და ახლომდებარე დასახლებებსა თუ ს ას.-სამ. სავარგულებს დატბორვისაგან იცავენ. მდინარეების ჩამოტანილ ნაშალ ნიადაგსა და ორგანულ მასას წყლის შენელებული ნაკადი ტყის გრუნტზე განაფენს და ლექავს. პერიოდული წყალდიდობები გამუდმებით აშენებს ნიადაგს და ტყის მცენარეულობას ანოყიერებს. მათ გარეშე კოლხეთის დაბლობის მცენარეულ საფარს არ ექნებოდა დღევანდელი სახე და მრავალფეროვნება.

ეროვნ. პარკის ტერიტორიაზე გამავალი მდინარეების, სუფსისა და რიონის გარდა ვხვდებით მდინარეებს (მალთაყვა, ჭურია, დედაბერა, ცივი), რ-თა სათავეები აქაურ ჭაობებშია. ამ არცთუ ისე გრძელმა, მაგრამ საკმაოდ წყალუხვმა მდინარეებმა ათასწლეულების განმავლობაში ჭაობებში საკუთარი კალაპოტი მონახეს და რელიქტური ჭალის ტყეების გავლით მდოვრედ მიედინებიან შავი ზღვისკენ.

კოლხეთის დაბლობის ჰიდროგრაფიული ქსელის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტორფიანი ჭაობებია. ყველა ის ადგილი, სადაც დაჭაობების პროცესი ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს, დღეს უკვე დაცული ტერიტორიების საზღვრებშია მოქცეული. ანაკლიის, ჭურიის, ნაბადას, მალთაყვის, ფიჩორის, იმნათის და გრიგოლეთის ჭაობების იდეალურად ბრტყელი ზედაპირი წყლის დრენაჟს აფერხებს, რაც ჭარბი ატმოსფერული ნალექების პირობებში ხმელეთის ზედაპირის ძლიერ დანესტიანებას და, შესაბამისად, დაჭაობებას იწვევს. ამ ტერიტორიებს გრუნტისა და ზედაპირული წყლების რეგულაციისა და ფილტრაციის უნარი აქვთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანს ხდის მათ გარემოსდაცვით ფუნქციას. ჭაობების ზედაპირებზე წარმოქმნილია ტორფის სქელი ფენა, რ-იც ფოთის მახლობლად, იმნათის მიდამოებში, 10–12 მ აღწევს. ტორფნარები ერთმანეთზე დადებული გუმბათოვანი ფორმის სწორედ იმ ტიპის ხავსიანი მცენარეებისგან შედგება, რ-ებიც მხოლოდ ჩრდ-ის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და იმ გეოგრ. განედზე, სადაც საქართველო მდებარეობს, იშვიათად გვხვდება.

კ. ე. პ-ის ადმინისტრაცია ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგი) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები: სფაგნუმის ხავსები (Spagnum imbricatum, Sp. palustre, Sp. acutiflium), მრგვალფოთოლა დროზერა (Drosera rotundiflora), ჩრდილოეთის ისლი (Carex lasiocarpa), აგრეთვე ალპური ზონის მცენარეები – ისლი და შქერი (Rhododendron ponticum). დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში ვხვდებით მურყანს, ლაფანს, იმერულ და ხართვისის მუხებს თავისი კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით (კოლხური სურო და სხვ). დიუნების ქვიშიან ზოლში კი ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვ.

კოლხეთის ეროვნული პარკი

მრავალფეროვანია წყალმცენარეების სახეობრივი შემადგენლობა. ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში, ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ და აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში 9–10 მ სიმაღლის კ ოლხურ-ჰირკანული მურყანი დომინირებს. აქ იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა ან ნეკერჩხალი. დღემდე შემორჩა სურო, ლიანა, ეკალღიჯი, ბზა, იელი, შქერი, თაგვისარა, ბაძგი და ძმერხლი.

კ. ე. პ-ის ტერიტორიებზე საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსებია – ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების განსხვავებული მცენარეული დაჯგუფებები. ფიტოცენოზების კომპლექსები ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით: რძიანა, ლურჯი ნარი, კოლხური ისლი, გლერძა, ზღვისპირა დედაფუტკარა, ქოთანა, ძეძვი, კუნელი, ქაცვი და სხვა.

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესულია კოლხური მუხა (Quercus hartwissiana), ლაფანი (Pterocarya pterocarpa) და კოლხური ბზა (Buxus colchica); დაზიანებული ფლორის წარმომადგენლებიდან – იფანი (Fraxinus exscelsior), ქართული მუხა (Quercus iberica) და თხმელა (Alnus barbata); გადაშენების პირას მისული მცენარეებიდან – ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი.

კ. ე. პ-ის ტერიტორიაზე 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. აქ უამრავი ფრინველის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი გადის. ოქტომბერში შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთისკენ მფრინავ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სამხრეთისკენ ზღვის ნაპირს მიუყვებიან სხვადასხვა სიმაღლეზე და სხვადასხვა სისწრაფით ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, კოკონებისა და ჩვამების გუნდები მოფრინავენ. ადგილობრივად გავრცელებულია ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი, დიდი მყივანი არწივი კი იზამთრებს. იშვიათად შეხვდებით საქართველოს ფაუნის ულამაზეს ფრთოსანს – კოლხურ ხოხობს.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებში, ტყეებსა და ბარდებში გავრცელებულია ტურა (Canis aureus), გარეული ღორი (Sus scrofa), შველი (Capreolus capreolus) და წავი (Lutra lutra). კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი; ქვეწარმავლებიდან – ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუ.

ეროვნ. პარკის ტერიტორიის იქტიოფაუნა თევზების 88 სახეობითაა წარმოდგენილი (23 – გამსვლელი, 21 – მტკნარი წყლის, 44 – შავი ზღვის თევზის სახეობაა). ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია ატლანტური ზუთხი, ძვლოვანი თევზებიდან – შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია და სხვ. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნ. პარკში საქართველოს „წითელი ნუსხის“ 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული. ეროვნ. პარკის მკაცრი დაცვის ზონა შექმნილია შავი ზღვის აკვატორიაში ზღვის ძუძუმწოვრების მნიშვნელოვანი გავრცელების არეალის დასაცავად. აქ გვხვდება 3 სახეობის დელფინი: აფალინა (Tursiops truncatus), თეთრგვერდა დელფინი (Delphinus delphinus) და ზღვის ღორი (Phocoena phocoena), თევზებიდან ასევე გვხვდება: სვია (Huso huso), ფორეჯი (Acipenser sturio), ატლანტური ზუთხი (Acipenser stelatus), შავი ზღვის ორაგული (Salmo fario (truta) morpha), ღორჯო – მექვიშია (Gobius (Neogobius) fluvatilis) და მორევის ნაფოტა (Rutilus frisii).

არსებული მონაცემებით დღეისათვის ეროვნ. პარკში 16 ენდემური წვრილი ძუძუმწოვარი ბინადრობს: აღმოსავლეთევროპული ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica), ჯუჯა ღამორი (Pipistrellus pipistrellus), ჩვეულებრივი ფრთაგრძელი (Miniopterus schreibersii), მცირე ტყის თაგვი (Sylvaemus uralensis), კავკასიური ტყის თაგვი (Sylvaemus fulvipectus) და სხვ.

კ. ე. პ-ის კოლხურ ტყეებსა და ჭაობიან ეკოსისტემებს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რაც მის გამორჩეულ ისტ.-არქეოლოგიურ ღირებულებაზე მეტყველებს.

ხ. წიკლაური