„ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში: დისკუსია კონსტრუქციულად ჩაითვალა, მაგრამ უთანხმოება არ გამქრალა“

88
spot_img

საერთაშორისო მასმედია აქტიურად აშუქებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ოფიციალურ ვიზიტს პეკინში, რომელიც ორშაბათს, 19 ივნისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს შეხვდა და მოელაპარაკა.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში: დისკუსია კონსტრუქციულად ჩაითვალა, მაგრამ უთანხმოება არ გამქრალა“, რომელშიც მიმოხილულ და გაანალიზებულია მოლაპარაკების დროს გამოკვეთილი ამერიკული დიპლომატიური მიდგომები პეკინის მიმართ: რაზე ისაუბრეს, რას მიაღწიეს, რაზე ვერ შეთანხმდნენ და როგორი იქნება ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთობა სამომავლოდ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

პეკინში ვიზიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებთან გამართული დისკუსიები კონსტრქუციული იყო.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს სახელმწიფო მდივნის ნათქვამი, ჯერ-ჯერობით ამაზე მსჯელობა რთულია.

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთში იგი კავშირურთიერთობების განმტკიცების მიზნით ჩავიდა და კიდევ იმისთვისაც, რომ გაირკვეს – რა საკითხებში ეთანხმებიან მხარეები ერთმანეთს და რომელ საკითხებში არსებობს უთანხმოება. მისი თქმით, ეს ყველაფერი ვაშინგტონმა და პეკინმა გაარკვიეს.

ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზების აუცილებლობას. მისი თქმით, ვიზიტის დროს გაიმართა „აქტიური საუბარი“ გლობალურ პრობლემებზე, „უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ჩათვლით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთის მეტოქეობა კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს – მას ეს ფრაზა ადრეც რამდენჯერმე აქვს ნათქვამი. ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება ჩინეთის ინიციატივას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით იმ პირობით, რომ დაცული იქნება გაეროს წესდებაში დაფიქსირებული პრინციპები.

„ჩვენ მზად ვიქნებით მივესალმოთ ჩინეთის ინიციატივას, რომელიც სამართლიანი იქნება და გაეროს წესდების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული“, – თქვა მან. სახელმწიფო მდივანმა სი ძინპინს ასევე შესთავაზა ხანგრძლივად იქნას გაგრძელებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა.

ენტონი ბლინკენს კითხვა დაუსვეს ჩინეთის ვალდებულებაზე – არ მიაწოდოს რუსეთს „ლეტალური“ (სასიკვდილო) იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, რაზედაც სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამ ვალდებულებისადმი ერთგულებაზე ჩინეთს ბოლო კვირეებში არაერთხელ განუცხადებია როგორც ვაშინგტონის, ასევე სხვა ქვეყნების წინაშე: „იარაღის მიუწოდებლობის დაპირება ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს და ჩვენ დღემდე ისეთი არაფერი შეგვიმჩნევია, რომ პეკინი მას არღვევდეს“, –  აღნიშნა ენტონი ბლინკენმა..

თუმცა ამერიკული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა იქვე შენიშნა, რომ აშშ „ძველებურად არის შეშფოთებული კერძო ჩინური კომპანიების მოქმედებით – მათ შეუძლიათ რუსეთს ისეთი დახმარება გაუწიონ, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, აშკარად იყოს მიმართული რუსეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად“.

ტაივანთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა დაადასტურა „ერთი ჩინეთის“ პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, რომელსაც აშშ დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებს და რომელიც იმას ნიშნავს, რომ აშშ-სათვის არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთის მთავრობა, მაგრამ იმავდროულად ჩინეთის შემადგენლობაში არსებული ორი პოლიტიკური სისტემა ერთმანეთს მშვიდობიანად ეწყობა. „ჩვენი პოლიტიკა ამ მხრივ არ შეცვლილა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა: „ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ტაივანის დამოუკიდებლობას“. ენტონი ბლინკენმა განმარტა, რომ ამერიკას არ სურს სტატუს-ქვოს შეცვლა ამ საკითხში. „ამასთან მე სი ძინპინს დაუფარავად ვუთხარი, რომ ამერიკა შეშფოთებულია ჩინეთის პროვოკაციული მოქმედებით ტაივანის სრუტეში“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა და მიუთითა, რომ ტაივანის ირგვლივ შექმნილმა პოტენციურმა დაძაბულობამ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, რომელიც მთელ მსოფლიოზე გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ცდილობდა სი ძინპინის გადარწმუნებას იმაში, რომ თითქოსდა ამერიკა ხელს უშლის და ამუხრუჭებს ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას: „ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება. ფაქტები უარყოფენ იმას, რომ ჩვენ ჩინეთს თითქოსდა განვითარებაში ხელს ვუშლით“.

„ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ამერიკისათვის მომგებიანია, მაგრამ არის ზოგიერთი კონკრეტული ტექნოლოგია, რომელიც დაცული უნდა იყონ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

რთული ვიზიტი

ვიზიტის წინა პერიოდში ვაშინგტონის მოლოდინი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ იყო: „მას კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ნიეტრალურსაც კი“, – ამბობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში. შემდეგ განცხადებები ცოტა შერბილდა: პეკინში წასვლის წინ ენტონი ბლინკენმა აღიარა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა ტურბულენტობის მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ ორივე მხარისათვის სტაბილიზება  სასარგებლო იქნება, ვიზიტის დაწყების დროს კი ამერიკის დელეგაცია აცხადებდა, რომ თვით ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა „გამყინვარების ზღვარზე“ არსებული ურთიერთობებისათვის

„სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის პირადი შეხვედრა შეიძლება განვიხილოთ იმ მინიშნებად, რომ ჩინეთის მთავრობა ცდილობს აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დაცემა როგორმე შეაჩეროს“, – აღნიშნავს სტივენ მაკდონელი, „ბიბისის“ კორესპონდენტი პეკინში

ჩინური პროტოკოლის (უცხო ოფიციალური პირების მიღების პროცედურის) თანახმად, სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე მხოლოდ უცხოეთის ქვეყნების მეთაურებს ხვდება ხოლმე, მაგრამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის გაურესებულმა სიტუაციამ, როგორც ჩანს, სიმბოლური ჟესტი მოითხოვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ტრაექტორიის შესაცვლელად.

„ეჭვიანი კონკურენტები“

როგორც „ბიბისის“ კორესპონდენტი აშშ-ში ენტონი ზურკერი აღნიშნავს, ვაშინგტონი ფრთხილ შეფასებებს აძლევს ჩინელებთან მაღალი დონის კონტაქტების აღდგენას და აღიარებენ, რომ ამერიკასა და ჩინეთის ურთიერთობებში სერიოზული და რთულად მოსაგვარებელი უთანხმოებები არსებობს.

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს ტაივანის პრობლემა წარმოადგენს. უეჭველია, რომ ტაივანი ისეთი ფეთქებადსაშიში ადგილია, რომლის გამოც სიტყვიერი ომი შეიძლება ცხელ ომში გადაიზარდოს. „ტაივანის მიმართ პეკინისაგან ყოველგვარი კომპრომისი დაუშვებელია“, – ეს ჩინელი დიპლომატის ვან ი-ს განცხადებაა, რომელიც პოლიტბიუროში საგარეო პოლიტიკის კურატორს წარმოადგენს.

ჩინეთს უფრო ფართო ამბიციებიც აქვს – საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმსხვილესი რეგიონული სახელმწიფო მსოფლიო ლიდერს უტოლდება და გლობალური მოთამაშის მანტიას ირგებს. თავის მხრივ, შეერთებულ შტატებს მსოფლიო საქმეებში თავისი დღის წესრიგი აქვს – ლიდერის როლი დემოკრატიის გლობალურ ბრძოლაში ავტოკრატიის წინააღმდეგ (როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს).

ამერიკამ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ რისკების შესუსტებაში გამოიხატება – ვაშინგტონს ჩინეთი იზოლირება ან შეკავება კი არ სურს, არამედ ის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრიზსებისა და კონფლიქტების შესაძლებლობა. მაგრამ პეკინს ვაშინგტონის პრაქტიკული ნებიჯები აეჭვებს: აშშ-ის ურთიერთობას რეგიონულ მოკავშირეებთან – სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ფილიპინებთან – ჩინეთი სწორედ შეკავებად და იზოლაციის მცდელობად თვლის.

ჯო ბაიდენი და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი მათთვის მხოლოდ ეკონომიკურ კონკურენტს წარმოადგენს და არა სამხედრო მეტოქეს და მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბალანსის დაცვა ძალიან რთულია – კონკურენცია ვლინდება როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო საქმეში და თან მწვავდება. ერთი შეხედვით, ამერიკაც და ჩინეთიც თითქოსდა დაინტერესებულნი არიან ურთიერთობის ნორმალიზება-სტაბილიზებაში, მაგრამ ამჟამად რეალობა ისეთია, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება კონფლიქტისთვის არის განწირული. თუ როგორ იცხოვრებს ეს ორი ქვეყანა და მათთან ერთად ჩვენც, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება მოგვარებული მათი უთანხმოება.

წყარო