Home Blog Page 1432

“რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია”-ენტონი ბლინკენი

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა.

„სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, მან გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს ჟოლტ შემიენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განიხილეს, რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის ვიცე-პრემიერის კაბინეტის უფროსი პიტერ იენიკი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ცნობილი ადამიანების შარჟები საუკუნისწინანდელ პრესაში – ეროვნული არქივის ახალი ონლაინკოლექცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ახალი კოლექცია – 1910-20-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები – გახდა ხელმისაწვდომი.

პერიოდულ გამოცემებს, რომელიც საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ. მათ შორის იყვნენ: შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟს შეხვდებით.

ეროვნული არქივის მიერ შექმნილ ონლაინკოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები პერიოდული გამოცემებიდან: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება” „თეატრი და ცხოვრება”, „ეშმაკის მათრახი”.

კოლექცია, რომელშიც პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი შარჟი გაერთიანდა, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/tsnobili-adamianebis-sharzhebi-1.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი – 2.6335 ლარი ეღირება, ევრო – 2.8376 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3011 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6396 ლარი ღირდა, ევრო – 2.8278 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2897 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 ივნისს ამოქმედდება.

“საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად ჩავიდა”

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი” (Le Monde) ბეჭდავს სტატიას სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა, თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად“ (ავტორი – ფაუსტინ ვინსენტი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბრიუსელში მყოფი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების მიმოხილვა – საუბრები ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობრივ პირებთან – შარლ მიშელთან (ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან), ურსულა ფონ დე ლაიენთან (ევროკომისიის პრეზიდენტთან) და რობერტა მეცოლასთან (ევროპარლამენტის პრეზიდენტთან). მასალაში ასევე საუბარია მოლაპარაკების მთავარ თემაზე – საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

როგორც ცნობილია, 2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირმა უარი განუცხადა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და თბილისს დამატებით მოსთხოვა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, რომლის შესახებაც ევროკომისიამ მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა იმსჯელოს.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან მიმართულია საქართველოს პროევროპული კურსის განსამტკიცებლად, მიუხედავად იმისა, რომ მისი როგორც პრეზიდენტი უფლებამოსილება შეზღუდულია 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

საქართველოს მთავრობის სულ უფრო აშკარად შესამჩნევი პრორუსული ორიენტაციის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით უკრაინის ომის დროს გამოიკვეთა, ევროპელი ლიდერები სალომე ზურაბიშვილს მოკავშირედ მიიჩნევენ – მათ არ სურთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას საქართველო კრემლის გავლენის ქვეშ მოექცეს.

უკანასკნელი წელიწად ნახევრის განმავლობაში მოსკოვისა და თბილისის ერთმანეთთან დაახლოების ნიშნები სულ უფრო მეტად იკვეთება, რაც ქვეყნის მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს – მოსახლეობისა, რომლის 80% პროევროპულად არის განწყობილი და რომელსაც დღემდე ახსოვს ის ტანჯვა, რაც ქვეყანას რუსეთმა მოუტანა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად. საქართველოს ხელისუფლების პრორუსული გადახრები გამოხატულია იმით, რომ თბილისმა უარი განაცხადა მხარი დაეჭირა დასავლეთის ანტირუსული სანქციებისადმი და ეს ეროვნული ინტერესების დაცვით გაამართლა. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს წინააღმდეგობა დასავლეთის ზეწოლისადმი და განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად დააფასებს თბილისის ნაბიჯებს, კერძოდ, აღადგენს 2019 წელს შეწყვეტილ ავიამიმოსვლას. მართლაც, 10 მაისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ბრძანებულებებით ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღადგინა და საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად უვიზო რეჟიმი შემოიღო.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამ საქართველოში ანტირუსული საპროტესტო აქციები გამოიწვია. თვითონ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ისარგებლებს საქართველოს ავიაკომპანიის – Georgian Airways-ის მომსახურებით, რომელმაც მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას და რუსეთში ავიარეისების განხორციელება დაიწყო. 26 მაისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან არის გაკვირვებული ქართველების ასეთი რეაქციით: „მეგონა მადლობას იტყოდნენ, მაგრამ არა, ფრენების აღდგენის ირგვლივ თბილისში სრულიად გაუგებარი ხმაური ატეხეს“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

საქართველო კავკასიის პატარა სახელმწიფოა, 3,7 მილიონი მცხოვრებით, დიდი ხნის განმავლობაში იყო სხვებისთვის მისაბაძი ქვეყანა რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა, კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროპული პერსპექტივა სულ უფრო შორეული ხდება.
დიდი ხნის განმავლობაში პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაარსებული და რომელიც ქვეყანას „ჩრდილოვნად“ ხელმძღვანელობს, არაერთგვაროვან პოლიტიკას ატარებს – ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სურვილი აქვს ქვეყანა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარად პრორუსულ კურსს ატარებს. მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური თბილისის განცხადებები თითქმის ყოველთვის კრემლის განცხადებებს ჰგავს.

ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ომის ერთ-ერთ მიზეზს უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა წარმოადგენდაო“, რამაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როტმა, კერძოდ, სასწრაფო განმარტება მოითხოვა საქართველოს დამოკიდებულების შესახებ ევროკავშირთან და ნატოსთან, რომლის მთავრობა ოფიციალურად აცხადებს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილს.

წყარო

“მიგრანტები, რომლებიც ინგლისში კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გავლით ჩადიან, უკან იქნებიან დაბრუნებულნი”

ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დიდი ბრიტანეთის და საქართველოს შეთანხმებით, მიგრანტები, რომლებიც ინგლისში კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გავლით ჩადიან, უკან იქნებიან დაბრუნებულნი“ (ავტორი – დევიდ ბარეტი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დოკუმენტს პირველი ივნისიდან უკვე იურიდიული ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრანტები (თავშესაფრის მიღების მსურველები), რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ, ან „ტრანზიტით გაიარეს“ საქართველოს ტერიტორია და თვითმფრინავით ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში, რისკის წინაშე დგებიან, რომ მათ, დიდი ალბათობით, იმავე ავიარეისით უკან, თბილისში დააბრუნებენ.

შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში კანონდარღვევით ჩასული მიგრანტების გაძევების საკითხი განიხილება 12 დღის განმავლობაში და თუ თანხმობა მიღებული იქნება, უცხოელი მოქალაქის დეპორტაცია სამი თვის განმავლობაში მოხდება.

რიში სუნაკის თქმით, რომელიც მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს, მიგრაციული კრიზისის მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს. მან კმაყოფილება გამოხატა სამიტში მონაწილე უცხო სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებით.

საქართველო უმნიშვნელოვანეს მიგრაციულ გზაჯვარედინზე მდებარეობს კავკასიაში. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ თურქეთში შესვლას (ანკარა აბრკოლებს მიგრანტების გადასვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე), უპირატესობას აძლევენ ე.წ. „შავი ზღვის გზას“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სახმელეთო გზით ჯერ შედიან სომხეთში და აზერბაიჯანში, შემდეგ გადადიან საქართველოში, საიდანაც, შავი ზღვის მეშვეობით, მიდიან რუმინეთში ან ბულგარეთში.

დიდ ბრიტანეთის სპეცსამსახურებს, კერძოდ, დამნაშავეობასთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს, მიგრანტების ნაკადის კონტროლის მიზნით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება დადებული აქვთ ბულგარეთთან, რომელიც ითვალისწინებს იმ მოწყობილობებისა [და სატრანსპორტო საშუალებების] დამზადება-მიწოდების პროცესს, რომლითაც ადამიანებით მოვაჭრეები სარგებლობენ, გასაბერი ნავების ჩათვლით.

ბულგარეთი საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს გასაბერი ნავების გადატანის სახმელეთო მარშრუტზე, რომლებიც თურქეთში მზადდება სპეციალურად კონტრაბანდისტებისათვის, ლა მანშის სრუტეზე მიგრანტების გადასაყვანად. თურქეთში დამზადებული გასაბერი ნავები ავტომობილებით გადაქქვთ მეზობელ ბულგარეთში, იქიდან კი კონტრაბანდისტთა საიდუმლო ბაზებში, რომლებიც გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მდებარეობენ.

ნავები ხშირად მთლიანკორპუსიანი კონსტრუქციით მზადდება, მათ არ აქვთ ცალკეული ნაკვეთურები, რომლებიც ჩაძირვის რისკს ამცირებენ.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ თურქ სამართალდამცველებთან ერთად უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ოპერაციები განახორციელონ.

წყარო

“ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად”- მიხეილ სააკაშვილი

ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინისა და ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.

„2019 წლის მაისში დილის 08:00 საათზე უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა. ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა, იყო ის, რომ ვუთხარი, ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად, ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ, ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება. ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს. ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში. საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად. არ გამოვრიცხავ, შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესე იგი, ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში. ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/789547555874177

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.

ამის შესახებ პეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.

ალთუნის ცნობით, 3 ივნისს პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის პარლამენტში ფიცს დადებს. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ეწვევა ათათურქის მავზოლეუმს და უმასპინძლებს ვახშამს ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე სახელმწიფოების მეთაურებთან.

ამავე დღის ბოლოს პრეზიდენტი ერდოღანი ახალი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებს.

“დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს.

„ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება. თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებს დანაკარგები, დაე, დაურეკოს თავის „მეგობარ პუტინს“ და სთხოვოს, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები გასცდნენ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ომი დასრულდება და აღარ იქნება დანაკარგები და აღარავინ დაიღუპება.

„ომის დასრულების წინაპირობა მხოლოდ ოკუპანტის შეიარაღებული კონტინგენტისა და აღჭურვილობის სრული გაყვანაა. ვინმეს გსმენიათ რუსეთის მიმართ ორბანის მსგავსი მოწოდებები?“- განაცხადა პოდოლიაკმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.

„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, – აღნიშნა ორბანმა.

შსს-მ კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ნახატების კონკურსი გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ნახატების კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 12-დან 18 წლამდე; საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას; გამოგზავნილ წერილში აუცილებელია სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის მისამართის, ნახატის სათაურის და მისი მოკლე აღწერის მითითება; კონკურსის ვადის დასრულების შემდგომ, ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო; თემასთან და მითითებულ პირობებთან არსებითად შეუსაბამო, უცენზურო, დისკრიმინაციული, ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები, ასევე, ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება ზოგადმორალურ და ეთიკურ პრინციპებს, არ მიიღება; თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნახატი; ნახატის შესრულების ტექნიკა და ზომა შეზღუდული არ არის (არ მიიღება ელექტრონულ მოწყობილობაში შექმნილი ნამუშევარი); მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ნახატი, ინტერნეტში მოძიებული ნახატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს; წარმოდგენილ ნახატზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, წამოაყენონ რაიმე სახის (ქონებრივ, არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული) პრეტენზია გამოქვეყნებულ ნახატთან დაკავშირებით/

„კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში; კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას და სამინისტროს გადასცემს უფლებას, მის მიერ გადმოგზავნილი ნახატი შემდგომში გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ; გაცნობებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით, კონკურსანტი ავტომატურად ეთანხმება კონკურსის პირობებს; საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: სოფიო ჩოხელი – ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – 551 740 007 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge

კონკურსის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი კონკურსის თემატიკას; რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია ნაშრომი. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონკურსანტებმა ნახატები უნდა გამოაგზავნონ დასკანერებული სახით, ელექტრონულ ფოსტაზე – adamianisuflebebi@mia.gov.ge.

ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების გამოგზავნა ფოსტის საშუალებით, შემდეგ

მისამართზე: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა №10 (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი). ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, ნამუშევრების მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 ივნისისა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ნახატის ორიგინალი ვერსიის გადმოგზავნა.

ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?v=mcVc5FGs-Ho“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

“არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ პრეზიდენტს რიტორიკა აქვს შეცვლილი”- თეა წულუკიანი

ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ მას რიტორიკა აქვს შეცვლილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, პრეზიდენტის რიტორიკა ბევრად უფრო ორიენტირებულია საერთო სახელმწიფო მიზანზე.

„შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან გააანალიზა ის დიდი ნეგატივი, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა 26 მაისს, 27 მაისს თუ სხვა გამოსვლებზე. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესზე და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, ბრიუსელმა მიიღოს ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

“დიდი მოთმინებით დაველოდებით დღეს, როცა ბრიუსელში მიღებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ”- წულუკიანი

დიდი მოთმინებით დაველოდებით დღეს, როცა ბრიუსელში მიღებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას რეკომენდაციების შესასრულებალდ.

„ჩვენ ვთვლით თავაწეულნი, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის, თუკი ეს შეფასება იქნება კრიტერიუმებზე დაფუძნებული. თუკი ეს შეფასება იქნება პოლიტიკური, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას ეს სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა სიტყვიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად და დაველოდებით დიდი მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში იქნება ჩვენი ქვეყნისადმი მიღებული ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.