„შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს

123
spot_img

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, გიო ადამია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე ამბობს, რომ მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე მეორე დღეს იმყოფებოდნენ და ეეჭვება, მეწყერის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ვინმეს მოეხერხებინა.

გიო ადამია წერს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ „დაცოცავდა პატარა ტასო სამი საათის განმავლობაში მეწყერში და ყველანაირად ეცადა, რომ გადარჩენილიყო“.

„ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.

ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“, – წერს გიო ადამია სოციალურ ქსელში.