“ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს მოკლავთ და ვერც საქართველოს ევროპულ მომავალს” – თინა ბოკუჩავა

104
spot_img

ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს მოკლავთ და ვერც საქართველოს ევროპულ მომავალს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ დროს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილის სიკვდილამდე მიყვანის მცდელობა „ოცნების“ მხრიდან ქვეყნის ევროპეიზაციის მკვლელობის მცდელობაა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა აცნობიერებდეს რამხელა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია და რამხელა შესაძლებლობა გააჩნია, რომ ქვეყნისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.

„თქვენი დღევანდელი მოხსენება სწორედ რუსი ოლიგარქის, მორიგი ჩინოვნიკის, მორიგი არაფრისმთქმელი მოხსენება იქნებოდა, რომელიც სახელმწიფოს მთავარ მიღწევად 12 წლის წინ ჩვენი ხელისუფლების მიერ გახსნილ იუსტიციის სახლს ასახელებს. რუსი ოლიგარქის, მორიგი ჩინოვნიკის, მორიგი მოხსენება, რომელსაც გულწრფელად გეუბნებით არც კი გამოვეხმაურებოდი, რომ არა ერთი გარემოება – თქვენ, როგორც ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი პირადად პასუხისმგებელი ხართ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობაზე, რომელიც რეგიონში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიპუტინისტია და ის თქვენმა რუსულმა რეჟიმმა, რომელიც რუს „ეფესბეს“ აგენტებზე დგას, სწორედ პუტინის საამებლად დაატყვევეთ. თქვენი მთავრობის მეხოტბის გზავნილებს ყურადღებით ეცნობით ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ უგულებელვყოფთ იმ გზავნილებს, რასაც დასავლეთიდან ვისმენთ პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობაზე, ამიტომ მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და საზოგადოების წინაშე წაგიკითხოთ, რას ამბობს ცივილიზებული სამყარო და რას ამბობენ საქართველოს დასავლელი მეგობრები და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ქომაგები პრეზიდენტი სააკაშვილის ტყვეობაზე. პირველი მე მინდა წაგიკითხოთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის ხუთმა ყველაზე მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააინიცირა, ინიციატორებში არიან ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიანე, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები რადისლავ სიკორსკი და ანა ფოტიგა, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ევროპარლამენტარები სხვადასხვა ქვეყნიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და სხვა. ეს რეზოლუცია, რომელიც კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილს ეხება, ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო 2023 წლის მარტში, რომელსაც 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. გასაგებია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების სიტყვა თქვენთვის, როგორც რუსული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ღირებული არ არის, პუტინის პროპაგანდისტების და თავად პუტინის სიტყვებისგან განსხვავებით, რომლებიც „რუსული ოცნების“ ქებას არ იშურებენ, მაგრამ მე საზოგადოებისთვის მაინც კიდევ ერთხელ წავიკითხავ რა წერია ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში – „ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას.“ – ეს წერია სიტყვა სიტყვით ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაში, რომელსაც 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო რატი, თქვენ, თქვენი მთავრობის მეთაურ ღარიბაშვილთან და მის უფროს ოლიგარქთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყანაში შესაძლებელია დეოლიგარქიზაცია, სანამ ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და ქვეყანაში ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდაჭერის პოლიტიკოსი გამოკეტილი გყავთ სატუსაღოში, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს მთელი ცივილიზებული სამყარო და რომლის გამოშვებისკენაც ღიად მოგიწოდებთ დასავლეთი. ამავე რეზოლუციაში ევროპარლამენტი სთავაზობს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცნობიერებს რამხელა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მას და რამხელა შესაძლებლობა გააჩნია, რომ ქვეყნისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.

მესმის, რომ „რუსული ოცნების“ რეჟიმის პირობებში, რომელსაც რუსი ოლიგარქი მართავს, რასაც გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ადასტურებს, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა დიდ პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვს. ივანიშვილს არაერთხელ უჩვენებია, რომ ის არ ერიდება ბრძოლის ყველაზე ბინძური მეთოდების გამოყენებას, მათ შორის ქალი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, ქალი ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის მისი გუნდის ყოფილი წევრი ქალების წინააღმდეგ, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, დროა პოლიტიკური გამბედაობის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ნებისმიერ ფასად, რადგან თუ მომავალი რამდენიმე თვე საქართველომ არ გამოიყენა დეპოლარიზაციისთვის, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ისტორიული შანსი, რომ ჩვენ დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას და ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. ამავე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ევროპეიზაციის მიზანს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის სიკვდილი – რაზედ თქვენი მთავრობის სამარცხვინო წევრები და პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი ხშირად ქილიკობთ – უდიდესი დარტყმა იქნება საქართველოსთვის. პრეზიდენტი სააკაშვილის სიკვდილამდე მიყვანის მცდელობა თქვენი მხრიდან ქვეყნის ევროპეიზაციის მკვლელობის მცდელობაცაა, მაგრამ – არა – როგორც მიშა იტყოდა – ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით, ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს მოკლავთ და ვერც საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.