RSS

ვარცხნილობების მოდა და იმიჯი

17 მაისი

kelly

თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებული აქცენტი ვარცხნილობებზე კეთდება. ვარცხნილობა არის დამატებითი საშუალება, რომ შთამბეჭდავად გამოიყურებოდე. ყოველი ვარცხნილობა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს და გარშემომყოფებს გარკვეულ გზავნილს გადასცემს. ამა თუ იმ ვარცხნილობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის გემოვნებაზე, საქმიანობასა და ხასიათზე.

ყველა ადამიანს უნდა, იყოს გამორჩეული და მომხიბვლელი. სილამაზე სხვადასხვა საუკუნეებსა და კულტურებში განსხვავებულად აღიქმებოდა. მე–20 საუკუნის 50–60–იან წლებში დასავლური კულტურის სილამაზე ოდრი ჰეპბერნთან ასოცირდებოდა. ის საკუთარი რეტრო სტილის ფუძემდებლადაც აღიარეს. მას შემდეგ გავიდა დრო, მაგრამ ბევრი ქალი დღესაც ოცნებობს, მას ჰგავდეს, ზოგი რეალურად აღმოაჩენს საკუთარ გარეგნობაში მისეულ შტრიხებს, ზოგიც მისი ვარცხნილობის და იმიჯის კოპირებას ცდილობს. შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი ადამიანები ამკვიდრებენ მოდას, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვითდამკვიდრებას საკუთარი ექსტრავაგანტული იმიჯის შექმნით ცდილობენ და ამით მოდას პოსტმოდერნულ ტენდენციებს კარნახობენ.

წლების განმავლობაში თმის ვარცხნილობები რადიკალურად იცვლება, ადამიანებიც მოდურ და ელეგანტურ ვარცხნილობებს ირჩევენ. ზოგადი ტენდენციების თანახმად, 2011 წლის ყველაზე მოდურ ვარცხნილობად მოკლედ შეჭრილი და შუაზე გადაყოფილი თმა ე.წ. კარე ითვლება. მოდაშია საშუალო სიგრძის სწორად გადაჭრილი თმა, გვერდული ან სწორი „ჩოლკით“, რაც სახეს უფრო მიმზიდველსა და ეფექტურს ხდის. ასევე მოდაში რჩება ფენებად აჭრილი ვარცხნილობებიც ისევე, როგორც გრძელი, სწორი ან ტალღოვანი თმა, რაც სახის ოვალურ და მრგვალ ფორმას უხდება და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. გრძელი დაშლილი ტალღები და აბრეშუმივით მბზინავი სწორი თმა ფორმალურ სამოსს ახალგაზრდულ იერს მატებს და ერთგვარი აქსესუარის დატვირთვასაც იძენს. 2011 წელს სტილისტები ქალბატონებს ნათელ ფერებსა და მოკლე ვარცხნილობებს ურჩევენ. მოდურ ფერებად მსოფლიოში წითელი და ქერა თმა ითვლება. მთავარი ტენდენციის თანახმად, თმა ბრწყინვით უნდა ხასიათდებოდეს, რისთვისაც თმის მოვლის უამრავი თანამედროვე საშუალება არსებობს.

ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ იმიჯსა და გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, სილამაზის ცენტრების ხშირი სტუმრები არიან. თბილისში ასეთი ცენტრების მრავალფეროვნებაა. მომხმარებლებს შეუძლიათ თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, მელირება, ქიმიური დახვევა, ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რაც სურთ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ესა თუ ის სილამაზის ცენტრი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია. კარგი ვარცხნილობა ფუფუნებაა. თბილისში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტუდია–სალონები, სადაც კლიენტებს სპეციალურად მომზადებული პროფესიონალების გუნდი ემსახურება. ერთ–ერთი ასეთი სილამაზის ცენტრი „ალდო კოპოლა“ უკვე ერთი წელია არსებობს და, თბილისის სხვა სალონებისგან განსხვავებით, მომხმარებელს ძვირად ღირებულ, მაგრამ ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. „ალდო კოპოლა“ იტალიური ბრენდია და მთელ მსოფლიოში თავისი ბუნებრივი პროდუქციით გამოირჩევა. შესაბამისად, მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. სალონის სტილისტის ბადრი ფევაძის თქმით, „ალდო კოპოლას“ თითქმის ყველა ასაკის და სქესის მომხმარებელი ჰყავს, უფრო მეტად ახალგაზრდა გოგონები. „ალდო კოპოლას“ უპირატესობას იმიტომ ანიჭებენ, რომ ჩვენ მუშაობის განსხვავებული მეოდები გვაქვს, გარდა იმისა, რომ „ალდო კოპოლას“ ნატურალურ პროდუქციას ვიყენებთ, თმის შეჭრის სტილი და ტექნოლოგიებიც განსხვავებული გვაქვს. ის, ვინც აქ დადის, ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება და ამის შემჩნევა ადვილია“. მასალები, რომლებსაც სტილისტები იყენებენ, ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს. თუკი ვინმე ექსპერიმენტის მიზნით მათი თმის საღებავის დაგემოვნებას შეეცდება, არ ავნებს. „ალდო კოპოლამ“ ფეხმძიმე ქალბატონებისთის სპეციალური უამიაკო თმის საღებავი შეიმუშავა. სტილისტის თქმით, იქიდან დამომდინარე, რომ ქიმიურ საშუალებებს არ იყენებენ, არც თმის ქიმიურ დახვევას სთავაზობენ მომხმარებელს, თუმცა იტალიაში უკვე მუშაობენ ისეთი პროდუქციის შექმნაზე, რომელიც ბუნებრივი იქნება და თმას დაზიანების გარეშე დაახვევს. „ალდო კოპოლა“ იმითაც გამოირჩევა, რომ მომხმარებლებს სთავაზობენ და ურჩევენ რომელი ვარცხნილობა უფრო იქნება მათთვის უკეთესი, რადგან ქალისთვის ვარცხნილობისა და ფერის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სტილისტთან საუბარში შევეცადეთ გაგვერკვია, არსებობს თუ არა საქართველოში ვარცხნილობის და თმის ფერის მოდა. როგორც ჩანს, საქართველოში ქერა თმა ისეთი მოთხოვნადი აღარ არის, როგორც აქამდე იყო და, ძირითადად, უპირატესობას ასაკოვნები ანიჭებენ. რამდენიმე წლის წინ მელირებას თითქმის ყველა ასაკის ქალბატონი იკეთევდა და ახალგაზრდა თაობაშიც მოთხოვნადი იყო. დღეს მელირება მოდურად აღარ ითვლება. თუმცა მთელ მსოფლიოში მიმართავენ შატუშს, რომელიც თმას თითქოს მზით გახუნებულ ეფექტს სძენს. მოდის ზოგადი ტენდენციების თანახმად, სწორი თმა და ბუნებრიობა „ვარსკვლავების“ არჩევანია. ბუნებრიობას თავად მომხმარებლები ითხოვენ. ბადრი ფევაძის თქმით, საქართველოში თმის სიგრძის მოდა არ არსებობს და თავად ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად მოიხდენს გრძელ ან მოკლე ვარცხნილობას.

დღეს ახალგაზრდობა საკუთარ ვარცხნილობასა და იმიჯზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ბოლო დროს საქართველოში დამკვიდრდა ახალგაზრდების ჩაცმის სპეციფიკური სტილი. ჯინსი და კედები მათთვის ყოველდღიურ სამოსად იქცა. უდავოა, ასეთი ჩაცმულობა შესაბამისი ვარცხნილობის მოდის დამკვიდრებას გამოიწვევდა. სტილისტების თქმით, სამოსის ამ ტიპს თავისუფალი ვარცხნილობა შეესაბამება, რომელიც ახლად გაღვიძებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაორდინალური ვარცხნილობებით განსაკუთრებით სუბკულტურების წარმომადგენლები გამოირჩევიან. ისინი არ ცნობენ მოდის ტენდენციებს და საზოგადოებისადმი პროტესტს, სწორედ, საკუთარი ვარცხნილობით და იმიჯით გამოხატავენ. თმის ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და წითელი ფერები მათი იმიჯის მთავარი მახასიათებელია. ასეა თუ ისე, 2011 წლის მოდის ტენდენციები მათ იმიჯს სავსებით ესადაგება.

ვიზუალური სილამაზის ფონზე ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დღეს ბევრს აწუხებს თმასთან დაკავშირებული პრობლებემი. მედიცინის წარმომადგენელთა თქმით, თმის დაავადებას ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები იწვევს, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია უხარისხო საკვების მიღებით, მოწამვლით, თავის ქალაში სისხლის მიმოქცევის უკმარისობით ან ნერვული დაძაბულობით. თუმცა ეს პრობლემა ახალგაზრდა გოგონებშიც აქტუალური გახდა, რადგან ისინი ადრეული ასაკიდანვე სილამაზესა და ვარცხნილობებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. თმის ფენის და გასასწორებელი უთოს თითქმის ყოველდღიური მოხმარება, თმის უხარისხო მუსებისა და ფიქსატორების ხშირი გამოყენება, შეღებვა და ქიმიური ნივთიერებების ხშირი მოხმარება თმის დაზიანებას, გამოშრობას, მტვრევადობას იწვევს და თმა უსოცოცხლო ხდება. მის სრულად აღდგენას კი რამდენიმე წელი სჭირდება, ამიტომ საჭიროა თმის მოვლის საშუალებების სწორი შერჩევა და ტექნიკური ხელსაწყოების მაქსიმალურად შეზღუდვა.

მსოფლიო მოდის შემქმნელები ყოველწლიურად ვარცხნილობის ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ, რასაც, უპირველესად, შოუბიზნესის წარმომადგენლები ითავისებენ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მოდური ვარცხნილობების მასობრივი კოპირება. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებები თანხმდებიან ენდონ კონკრეტულ პიროვნებათა გადაწყვეტილებას, თუ რა არის საყოველთაოდ გემოვნებიანი, ელეგანტური და მიმზიდველი, ამის გამო ხშირად საკუთარ აზრს იგნორირებას უწევენ და არ ცდილობენ ინდივიდუალობის შენარჩუნებას. იქმნიან იმიჯს, რომელიც, შესაძლოა, სრულებით არ შეესაბამებოდეს მათ ვიზუალურ მონაცემებს და თავს იმით იმშვიდებენ, რომ მოდის ტენდენციებს ესადაგებიან. საუკეთესო მოდა სინამდვილეში თითოეული ინდივიდის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. მთავარია, ვარცხნილობა ინდივიდუალურ სტილსა და გემოვნებას დაუქვემდებარო. სულაც არ არის პრესტიჟულობის ხაზგასმა ის, თუკი რომელიმე ცნობილი ადამიანის სტილს გადაიღებ და ამით საკუთარ „მე–ს“ მოკლავ. ვარცხნილობა, რომელსაც ირჩევ, პირველ რიგში, უნდა გიხდებოდეს და თავდაჯერებულიბას გმატებდეს.

 

დატოვე კომენტარი