logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალიური დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

22 May

იტალიური დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

სფოლიატელე

სფოლიატელე – ნეაპოლური ფენოვანი ფუნთუშაა, რომელიც გამოირჩევა ხრაშუნა ცომითა და ნაზი გულსართით. ამ ცომეულის სამშობლო კამპანიის პროვინციაა. პირველი სფოლიატელე მომზადდა მე-17 საუკუნეში სანტა როზას მონასტერში. ნეაპოლელმა კონდიტერმა პასკუალე პინტაურომ შეიძინა სფოლიატელის ორიგინალური რეცეპტი და 1818 წელს ამ ნამცხვრის გაყიდვა დაიწყო.

კანოლი

კანოლი – ტრადიციული სიცილიური დესერტია, რომელიც წარმოადგენს ვაფლის ხრაშუნა მილაკს ყველის (როგორც წესი, რიკოტის) გულსართით (ის გაჯერებულია ვანილის ან შოკოლადის სიროფით, ადგილობრივი ღვინის ლიქიორით ან ვარდისფერი წყლით). ტრადიციულად, სიცილიაში კანოლს ამზადებდნენ წინასააღდგომო კარნავალისათვის, დიდი მარხვის დადგომამდე. დესერტის სიგრძე და სიგანე დამოკიდებულია კონკრეტული რეგიონის კულინარიულ ტრადიციებზე.

ისტორიკოსების თქმით, თანამედროვე კანოლის წარმოშობის ადგილი ქ.კალტანისეტია. X – XI საუკუნეებში სიცილიაში გაბატონებული იყვნენ არაბები. სწორედ მათ ჩამოიტანეს კუნძულზე შაქარი და ნუშისგან დამზადებული უამრავი ტკბილეული. კალტანისეტი ითარგმნება, როგორც “ქალების ციხე”. თავად ქალაქის სახელიც მოწმობს იმ ფაქტს, რომ ის იყო ადგილი, სადაც სარაციელმა ემირებმა დააარსეს თავიანთი ჰარამხანა. ლეგენდის თანახმად, მთავრების ცოლებმა დროის მოსაკლავად უკვე არსებული ნუგბარის (ის რიკოტის, ნუშისა და თაფლისგან იყო მომზადებული) რეცეპტი შეცვალეს, მათ ძველი რომაული რეცეპტის გარკვეული ელემენტები დაამატეს და სწორედ ამგვარად დაიბადა ახალი დესერტი.

ტურონი

ტურონი – საკონდიტრო ნაწარმია, რომელიც ტრადიციულად მზადდება თაფლის, შაქრის, კვერცხის ცილის, მობრაწული ნუშის ან თხილისგან. ის საშობაო ნუგბარია იტალიაში, ესპანეთსა და ჩეხეთში, თუმცა დესერტის ზოგიერთი სახესხვაობა გავრცელებულია ასევე საფრანგეთში (ნუგის სახელწოდებით) და ლათნურ ამერიკაში.

იტალიური ტურონის წარმოშობა იდუმალებითაა მოცული. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ეს ტკბილეული პირველად გაჩნდა ჩინეთში, ნუშის სამშობლოში, საიდანაც ნუგის წინამორბედი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ფინიკილეთა ვაჭრობის შედეგად.

ტირამისუ

ტირამისუ – იტალიური ფენოვანი დესერტია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველი მასკარპონე, ყავა (ჩვეულებრივ ესპრესო), კვერცხი, შაქარი და ორცხობილა (სავოიარდი). როგორც წესი, ტკბილეულს ზემოდან აყრიან კაკაოს პუდრს. ასევე არსებობს მისი ერთ-ერთი ვარიაცია ნიგვზის დამატებით. ზოგიერთ რეცეპტში კაკაო ჩანაცვლებულია გახეხილი შოკოლადით, სავოიარდი კი – ბისკვიტით. ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტირამისუ პირველად მოამზადეს მე-17 საუკუნეში დიდებული ჰერცოგის, კოზიმო III მედიჩის პატივსაცემად, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება არ მოიპოვება.

ფლორენტინი

ფლორენტინის (ფლორენციული ორცხობილა) მომზადების რეცეპტი საკმაოდ მარტივია: თავდაპირველად ცეცხლზე დადგით ქვაბი, რომელშიც ჩაყარეთ ნაღების კარაქის ნატეხი, ნაღები, ყავისფერი შაქარი და ფორთოხლის ცედრა. კარაქისა და შაქრის გალღობის შემდგომ მიღებულ ნარევს დაუმატეთ დაქუცმაცებული ალუბალი, თხილი, ნუშის ფანტელები და ფქვილი. ღუმეში გამოცხობილ ორცხობილებს წაუსვით გამდნარი კარაქი და დაელოდეთ მათ გაგრილებას.

ფლორენტინი პირველად მომზადდა ფლორენციაში აღორძინების ეპოქაში. მოგვიანებით ტკბილეული მოხვდა საფრანგეთში, სადაც მან საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა დედოფალ მარია მედიჩის მზარეულის წყალობით.

მასკარპონეს სორბეტი როზმარინის თაფლით

მასკარპონესგან მომზადებული სორბეტი გამოდის ისეთივე ნაზი და გემრიელი, როგორც ნამდვილი ნაყინი, თუმცა ის შედარებით ნაკლებ ცხიმს შეიცავს. ყველი იდღვიბება ლიმონის სიროფთან ერთად და შემდგომ ინახება საყინულეში. სორბეტის ბურთულების მირთმევისას მათ ზემოდან ასხამენ როზმარინის თაფლს.

ჟენუაზი

ჟენუაზი (გენუური ბისკვიტი) კვერცხის, ფქვილის, შაქრისა და ნაღების კარაქისგან განსაკუთრებული მეთოდით მომზადებული ბისკვიტია. ის არ უნდა აგვერიოს პან-დე-ჟენში (გენუური პური), რომელსაც ნუშის პასტისგან აკეთებენ.

ჟენუაზის მომზადების რეცეპტი მოიფიქრა გენუელმა მზარეულმა ჯობატა კაბონმა. ის იტალიელი მარკიზის პირადი კულინარი იყო, რომელიც წარგზავნილ იქნა ესპანეთში დიპლომატიური ვიზიტით. იქ სამეფო სახლის წევრები აღტაცებაში მოიყვანა უჩვეულოდ ფუმფულა და ნაზმა ცომეულმა, ნამცხვარს “ჟენუაზი” დაარქვეს. პარადოქსალურია, თუმცა გენუაში მას “ესპანური პურის” სახელწოდება მიანიჭეს, რეცეპტის წარმოშობის ადგილის აღსანიშნავად.

ბისკვიტის მთავარი გამორჩეულობა კვერცხ-შაქრის ნარევის მომზადების ტექნოლოგიაში მდგომარეობს, რომელსაც აცხელებენ 43℃-დან 49℃-მდე. კვერცხის მასა გაცხელებისას უფრო მკვრივი და ამავდროულად ელასტიური ხდება. ბისკვიტს შეუძლია შეიწოვოს დიდი ოდენობით სიროფი ფორმის შეცვლის გარეშე.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register