7 ოქტომბერს ტოდ ფილდის ფილმი TÁR გამოდის, სადაც მთავარ როლს, დირიჟორს, ქეით ბლანშეტი ასრულებს. კრიტიკოსების განცხადებით, ბლანშეტი მაყურებელს საკუთარ კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებას სთავაზობს, დირიჟორის როლი მას საშუალებას აძლევს, რომ ღრმად ჩასწვდეს საკუთარ ქვეცნობიერს და კიდევ ერთხელ ახლებურად  წარმოაჩინოს ტალანტი.


ფილდის წარმოსახვით სამყაროში ლიდია ტარი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი  დირიჟორი ქალია, ადამიანი, რომლის პირადი ურთიერთობები პროტეჟეებთან, გულშემატკივრებთან და თანამშრომლებთან კარიერული და პიროვნული ნგრევის მიზეზად იქცევა. 


ფილმში მთავარი პერსონაჟის, ლიდიას პიროვნულ მახასიათებლებს სხვადასხვა ადამიანებთან დიალოგებით ვეცნობით, ფილდი ამ სცენებში ახერხებს, რომ მაყურებელს წარმოუდგინოს როგორც ლიდიას სიდიადე, ასევე ის საფრთხე, რომელსაც ქალი ქმნის. ქალი სხვა ადამიანებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს და მათ მუდმივი ირონიისა თუ მანიპულაციის მსხვერპლად აქცევს. 


გარდა ძირითადი სიუჟეტისა, ფილმში პერიოდულად შემოდის ინფორმაციები ლიდიას წარსულზე და მაყურებელი თანდათან აცნობიერებს, რომ კინო, რომელიც მხატვრულ სიუჟეტს გვიყვება, დოკუმენტური სიზუსტით აღწერს სახელოვნებო სივრცის ტოქსიკურობას, #MeToo მოძრაობის გაჩენის მიზეზებსა და არასათანადო ქცევის გამო ძალიან გავლენიანი ადამიანის კარიერის დასამარების პროცესს.


TÁR ტოდ ფილდის, როგორც რეჟისორის ეკრანზე დაბრუნებაა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Focus Features