ტულუმი მექსიკაში მდებარე ზღვისპირა ქალაქია, რომელიც გარშემორტყმულია ტროპიკული ტყეებით და მაიას ცივილიზაციის ნანგრევებით, გარდა ამისა ისტორიული ქალაქი გამოირჩევა ქვიშის პლაჟებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა ტურისტებისთვის ამერიკის კონტინენტზე. ამასთანავე ვიწრო სანაპირო ზოლს ტულუმის ეროვნული პარკი ესაზღვრება, რომელიც სავსეა ისტორიული ნაგებობით და არტეფაქტებით. ამ სტატიაში გაგაცნობთ სასტუმროებს, კაფეებს და პატარა მექსიკური კურორტის სხვა ღირსშესანიშნაობებს. 



ქალაქი, რომელსაც ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, სრულად ადაპტირებულია დამსვენებლებისთვის. ტულუმში არაერთი ულამაზესი სასტუმრო და რესტორანია, რომლებიც გარდა იმისა, რომ დროის კომფორტულად გატარების გარანტიას იძლევა, ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებადაც იქცა. 



Conrad Tulum Riviera Maya

Hilton-ის ეს სასტუმრო ტულუმის მუნიციპალიტეტში, ქალაქგარეთ მდებარეობს და პირდაპირ სანაპირო ზოლზეა აშენებული. გარდა იმისა, რომ სასტუმროდან შესანიშნავი ხედები იშლება, ის პირდაპირ უკავშირდება მთავარ მაგისტრალს, საიდანაც მეორე ცნობილ საკურორტო ქალაქამდე, კანკუნამდე მხოლოდ ნახევარი საათის გზაა. 


სასტუმროს ინტერიერი გამორჩეულია, რადგან ის იდეალურად აერთიანებს ადგილობრივ ტრადიციულ ელემენტებს და თანამედროვე დიზაინს. ამასთანავე სასტუმროში სივრცე ისეა დაგეგმარებული, რომ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად განმარტოება შეძლოთ ან, თუ მოგინდებათ,  სხვა დამსვენებლებთან გაატაროთ დრო.

 

Olas Tulum

 

Olas Tulum პატარა სასტუმროა, რომელიც მხოლოდ 8 ნომერს მოიცავს და ქალაქისგან მოშორებით, სანაპიროზე მდებარეობს. სასტუმრო 70-იანებში ავსტრიელი ინჟინრის, კარლოს შობერის დაკვეთით აშენდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტულუმს ბევრი დამსვენებელი არ სტუმრობდა.

 

 

Olas Tulum ახლაც ინარჩუნებს სიმყუდროვეს და სტუმრებს ნამდვილ იდილიას სთავაზობს.

 

 

Tulum Treehouse

 

Tulum Treehouse პატარა ხუთოთახიანი მინიმალისტური დიზაინის სასტუმროა, რომელიც ტულუმის ხმაურიანი რესტორნების და კლუბებისგან მოშორებით მდებარეობს. სასტუმრო ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების თანამშრომლობით შეიქმნა.

 

დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ადგილობრივი კერამიკის სტუდიით და ღია ცის ქვეშ გამართული მასტერკლასებით.


 

სასტუმროს ცენტრში ღია სამზარეულო მდებარეობს, რომელსაც შეფმზარეულები ნომა ალუმი და ედოარდო ფიაში ხელმძღვანელობენ.


Gitano

ტულუმის პლაჟებთან რამდენიმე რესტორანია, სადაც კერძების დაგემოვნება ნამდვილად ღირს. ბოლო დროს ქალაქში უფრო და უფრო მეტი ადგილი გამოჩნდა, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კერძები, ავთენტურ, Maya Riviera-სთვის სახასიათო გარემოში. ერთ-ერთი ასეთი რესტორანია Gitano.


Gitano სტუმრებს ღია ცის ქვეშ ემსახურება, ხოლო პალმებით დაფარული ტერასა მშვიდ და გრილ ატმოსფეროს ქმნის. რესტორანს შთამბეჭდავი მენიუ აქვს, რომელიც გამორჩეული მექსიკური კერძების დაგემოვნების საშუალებას გაძლევთ, იქნება ეს ბაზილიკის გვაკამოლი, ტრიუფელის ტაკოები თუ ლობსტერის ტოსტადა, თუმცა Gitano-ს მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი ბარია.


Gitano-ში სასმელების და კოქტეილების დიდი არჩევანია. კლასიკური ალკოჰოლური სასმელების გარდა აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ არაერთი უნიკალური კოქტეილი, სადაც მთავარ როლს მექსიკური მეზკალი თამაშობს.


Arca

Arca-ს მენიუ ცნობილმა სამხრეთ ამერიკელმა შეფმზარეულმა, ხოსე ლუის ჰინოსტროზამ შეადგინა. კერძებში ძირითადად იუკატანის რეგიონისთვის ენდემური ინგრედიენტებია გამოყენებული და პრაქტიკულად ყველა კერძი ადგილობრივ ფერმერებთან ნავაჭრით მზადდება. 



განსაკუთრებით შთამბეჭდავია Arca-ს ღია სამზარეულო, რომელსაც შეგიძლიათ დააკვირდეთ სანამ კერძს ელოდებით.


Casa Jaguar

Casa Jaguar-ის ინტერიერი, სხვა ბევრი ტულუმური რესტორნის მსგავსად, სტუმრებს ძირითადად პალმებით დაფარულ ღია სივრცეში ემსახურება. Casa Jaguar-ის ხიბლი მისი კომუნალური სივრცეა, სადაც შეგიძლიათ უნიკალური კერძები და კოქტეილები მიირთვათ.

 

 

უშუალოდ ქალაქში, პლაჟიდან მოშორებით, დამსვენებლები ხშირად street food-ს და პატარ-პატარა რესტორნებს ამჯობინებენ, რადგან აქ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ გაიგოთ “ტულუმის გემო”. 


Laguna da Kaan Lum

ქალაქი მთლიანად ტყით არის გარშემორტყმული, სადაც შეგიძლიათ მაიას ცივილიზაციის ნანგრევები და Laguna da Kaan Lum, იხილოთ: პატარა გამჭვირვალე ტბა, სადაც შეგიძლიათ იცურაოთ, ხედით დატკბეთ ან ნაპირთან ისეირნოთ. 


Tulum-ის არქეოლოგიური ზონა

ქალაქის აღმოსავლეთით, ეროვნულ პარკში მდებარეობს არქეოლოგიური ზონა, სადაც მაიას ცივილიზაციის დროინდელი ნაგებობების და არტეფაქტების დათვალიერება შეიძლება. არქეოლოგიური ზონა ისტორიით დაინტერესებულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ამასთანავე არქეოლოგიურ ზონას მკვლევრებიც ხშირად სტუმრობენ.


SFER IK

თუ გსურთ ადგილობრივი კულტურის წარსულს და აწმყოს გაეცნოთ, შეგიძლიათ მოინახულოთ SFER IK-ის “ხელოვნების სივრცე”, ერთგვარი მუზეუმი, სადაც ადგილობრივი და უცხოელი არტისტების გამოფენები და პერფორმანსები ეწყობა. 

ტულუმი მექსიკის ზღვისპირა ქალაქებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ადგილია, რადგან აქ შეგიძლიათ მოინახულოთ როგორც ისტორიული ძეგლები და ბუნება, არამედ შეგიძლიათ ქალაქის რიტმს აჰყვეთ ან, უბრალოდ, მთელი დღეები პლაჟზე გაატაროთ. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე