თბილისში არაერთი პიცერია და იტალიური რესტორანია, სადაც ავთენტური იტალიური პიცა შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ამასთანავე, ბევრგან ახლებურად, ადგილობრივი ინგრედიენტებით, სხვადასხვა ტიპის ქართული ყველით დამზადებული პიცაც შეგიძლიათ მიირთვათ. ამ ჩამონათვალში გთავაზობთ პიცერიებს და იტალიურ რესტორნებს, სადაც უგემრიელეს პიცას ამზადებენ.

 

 

La Gamba

 

La Gamba იაკობ ნიკოლაძეზე მდებარე მყუდრო კაფეა, რომელიც სტუმრებს კლასიკურ იტალიურ პიცას სთავაზობს, მათ შორის-  Vesuvio-ს, რომელიც იტალიურ კაფეებსა და პიცერიებში იშვიათად შეგხვდებათ. აღსანიშნავია La Gamba-ს საფირმო პიცებიც, მაგალითად, Queen Tamar, რომელიც ტომატის საწებლით, მოცარელით და პესტოთი მზადდება. 


Farina

 

Farina სტუმრებს კლასიკური იტალიური პიცის გარდა, მის საერთაშორისო ვარიაციებსაც სთავაზობს, როგორიცაა საფირმო Elsasser, რომელიც თავდაპირველად გერმანიასა და საფრანგეთში გავრცელდა. საინტერესოა Farina-ს პიცებში შემავალი ინგრედიენტებიც, მაგალითად, Casa-ში ნიგოზი და ლეღვის ჩირია გამოყენებული, ხოლო Vendura-ში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არტიშოკია. აღსანიშნავია, რომ Farina-ში პიცასთან ერთად შეგიძლიათ უგემრიელესი ქართული ლუდი დააგემოვნოთ.


Lupino

 

Lupino-ს პიცა სტუმრებს გემრიელ პიცას და რამდენიმე საინტერესო სიურპრიზს სთავაზობს, როგორიცაა საფირმო 5 cheese, რომელიც ხუთი ტიპის ყველით მზადდება; ესენია: მოცარელა, გუდა, ედამი, პარმეზანი და ობიანი ყველი. ამასთანავე, Lupino სტუმრებს ორ დამატებით ინგრედიენტს სთავაზობს - ჰალაპენიო და საფირმო “ცხარე ზეთი” თქვენს საყვარელ პიცას პიკანტურობას და არომატულობას შემატებს. 


Alfredo

 

Alfredo აბაშიძის ქუჩაზე მდებარე იტალიური კაფეა, სადაც უგემრიელესი, ავთენტური ნეაპოლიტანური პიცა მზადდება, როგორიცაა Bresaola ან Vegetariana ყაბაყით და ბადრიჯნით. აღსანიშნავია, რომ აქ პიცის გარდა სხვა კლასიკური იტალიური კერძების დაგემოვნებაც შეგიძლიათ, იქნება ეს პასტა, ბრუსკეტები თუ უგემრიელესი დესერტები. 


 

Vera Italiana

 

შეფმზარეული ენცო ნერის დაარსებული Vera Italiana სტუმრებს “ჭეშმარიტად იტალიურ” სამზარეულოს სთავაზობს - კლასიკურ პიცას, სხვადასხვა ავთენტურ იტალიურ კერძებს და სიცოცხლით სავსე ატმოსფეროს, რომელიც იდეალურია წვეულებებისა და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. Vera Italiana-ს ყველაზე გამორჩეული პიცა Napoletana, ყველით ამოვსებული ქერქით და უგემრიელესი პროშუტოთი.


Ambrosiano Vera

 

Ambrosiano Vera-ს პიცა სიმარტივით გამოირჩევა და სტუმრებს უგემრიელეს თხელცომიან პიცას სთავაზობს უნიკალური ინგრედიენტებით. ამის მაგალითია კაფეს საფირმო პიცა Ambrosiana, რომელიც ტრიუფელის სოუსით მზადდება. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ Verdure ტკბილი წიწაკით და ხახვის მარინადით. 


Luciano Pizza/Pasta Orbelianze 

 

ეს იტალიური რესტორანი პიცის მოყვარულებს ტრადიციული გემოების გარდა სიახლეებსაც სთავაზობს, როგორიცაა “პიცა მსხლით”, სადაც მსხალთან ერთად ნიგოზი, “ბლუ ჩიზი” და თაფლია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ პიცის გარდა აქ სხვადასხვა იტალიური კერძებიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ.


Crusty New York-Style Pizza

 

Crusty სტუმრებს ავთენტურ ნიუიორკულ პიცას სთავაზობს, რომელიც, ცხადია, შეგიძლიათ ნაჭრებად შეიძინოთ. Crusty-ის მენიუში 3 ტიპის პიცაა, ესენია: “რეგულარი” - თხელი ხრაშუნა ცომით და მშრალი მოცარელით, “სიცილიური” -  სქელი ცომით და “პეპერონით” და, ცხადია, “პეპერონი” - თხელი ხრაშუნა ცომით.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე