მითები, სიმბოლოები და საიდუმლოებებით მოცული სივრცეები - დეივიდ ინშავის შემოქმედებას სწორედ ამგვარი მისტიკური და ამოუცნობი ელემენტები განსაზღვრავენ. ბრიტანელი არტისტი  1973 წელს ICA Summer Studio-ს გამოფენაზე  პირველად წარდგა  ნამუშევრით - The Badminton Game.  Tate Gallery-მ ნამუშევარი მაშინვე შეიძინა, რამაც ინშავს დიდი პოპულარობაც მოუტანა.

 

დეივიდი ხელოვნებას თავდაპირველად Beckenham School of Art-ში, ხოლო შემდეგ Royal Academy Schools-ში ეუფლებოდა. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იგი ლანდშაფტებით იყო გატაცებული, რის გამოც მთელი ყურადღება ინგლისის პროვინციულ დასახლებებსა და მის გასაოცარ ხედებზე გადაიტანა. ინშავის უნარი ჩასწვდეს ადამიანთა ღრმა, ურთიერთსაწინააღმდეგო დინებების ინსტინქტებს მისი შემოქმედებისთვის გადამწყვეტი გახდა. გამბედაობა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს თამამად იმოქმედოს მშვენიერებისა და მისტიკის გასაყარზე, ინშავის ხელწერის ნაწილად იქცა.  

 

 

1971 წელს მხატვარი უილტშირში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი შთაგონების წყარო ქალაქის უძველესი, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები გახდა. ეს ნაგებობები არა მხოლოდ ტრადიციებითა და განსაკუთრებული მნიშვნელობებით იყო დატვირთული, არამედ უამრავი მითებისა და ჯადოსნური ამბების მატარებელნი იყვნენ. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ Silbury Hill ინშავის საყვარელ სახატავ ობიექტად გადაიქცა. “პირველი ნახვის შემდეგ შემიყვარდა ეს ადგილი. თითქოს ისტორია იყო ერთ მომენტში გაჩერებული. სიმბოლოები, ადამიანთა ზეგავლენები, შორეული წარსულის ატმოსფერო - ეს ყველაფერი იმ რესურსს ქმნიდა ჩემთვის, რამაც საშუალება მომცა საკუთარი იდეები, რომლებიც ორი წლის მანძილზე დამიგროვდა, კარგად დამემუშავებინა”, - განმარტავს მხატვარი.

 


ინშავის შემოქმედებაში აღსანიშნავია მისი  მეტად სენსუალური ნამუშევრები, სადაც აქცენტი  ადამიანთა შიშველი სხეულებზეა გადატანილი. თუმცა მისი პეიზაჟები ყოველთვის უფრო პოპულარული იყო და კარგადაც  იყიდებოდა.  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი კი The Badminton Game-ია, რომლითაც იგი ფართო აუდიტორიამ გაიცნო. ნამუშევარი  1970-იანი წლების სერიის, Games without frontiers-ის ნაწილია, სადაც ერთიანდება მისი სხვა საინტერესო ნახატები - The Raven, Our days were a joy and our paths through flowers, She did not turn.   მიუხედავად იმისა, რომ ინშავს ლანდშაფტების მხატვარს უწოდებენ, მისი ბაღების, უფრო მეტად კი ურბანული, რურალური და ნაგებობებით დატვირთული ნამუშევრები იმ ემოციებსა და დრამატულობას იწვევს, რაც ადამიანური არსებობისთვისაა დამახასიათებელი. 

 

 

 

“ჩემი მიზანი სწორედ ის იყო, რომ შემექმნა ისეთი სურათი, რომელიც კონკრეტულ წამს ასახავდა… ვფიქრობ, მხატვრობას შეუძლია უფრო უნივერსალური და ღრმა მნიშვნელობა მიანიჭოს კონკრეტულ მომენტებს, რომლებიც უამრავი ერთმანეთთან დაუკავშირებელი წუთებიდან ერთი მყისიერის შექმნით მიიღწევა”. 


XXI საუკუნეში ნებისმიერი რეალისტი მხატვრის წინაშე ის გამოწვევა დგას, თუ როგორ წარმოაჩინოს ჩვენ გარშემო არსებული სამყარო დასამახსოვრებელი ორიგინალობით. ინშავმა ეს მისი გამორჩეული ხედვის წყალობით შეძლო და მისი შემოქმედების ნახვისას ყურადღებაც ისეთ საკითხებზე მახვილდება, რომლებიც დაფიქრებად ნამდვილად ღირს. “რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომ ხატვა იმის შესაძლებლობას მომცემდა, წესრიგი შემეტანა საკუთარ ქაოსში, თუმცა რაც უფრო მეტ ქაოსს ვგრძნობდი, მით მეტად მოწესრიგებული ნამუშევრები მიზიდავდნენ”.

 

 

ინშავისთვის  ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი  იყვნენ  მეგობრები, ცნობილი ადამიანები  წარსულიდან და აწყმოდან და ადგილები, რომლებსაც ეს ადამიანები უკავშირდებოდნენ. სერია The Search მისი ემოციების კვლევისა და ხედვების კრისტალიზაციის საშუალება გახდა, რომელშიც ხელოვანის  ერთ-ერთი პირველი დიდ ტილოზე შესრულებული ნამუშევარი Le Jardin des Plantes-იც არის გაერთიანებული. ინშავისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია,  My feelings for a fish a girl and an aeroplane, რომელიც ამ სერიის ნაწილია. ამასთან, ის ზეთში შესრულებული პირველი ნახატია Beckenham Art School-ის სწავლის დასრულების შემდეგ. 

 


დეივიდ ინშავის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია პოეზიამ. ნამუშევარი She did not turn სწორედ პოემა
The Darkling Thrush-ის შთაგონებით შეიქმნა. ცისარტყელა, ბილიკები და მინდვრები - ყველაფერი ისეთი გასაოცარი სიწმინდითა და ინტენსივობით არის დახატული, რომ დამთვალიერებელში იმედგაცრუების, რწმენისა და იმედის ემოციებს ერთდროულად აღძრავს. 



 

ინშავის მედიტაციური შემოქმედება, რომელიც ცდილობს სწორედ ის კონკრეტული დრო და სივრცე გააზიაროს და წარმოაჩინოს, რაც ჩაფიქრებულია, საოცარი სიზუსტით, მკვეთრი და ამავდროულად, მკრთალი ფერთა პალიტრით ხასიათდება. 80 წლის მხატვარი უკვე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ის იშვიათი შემოქმედია, რომელიც სამყაროს სრულიად სხვა რეალობაში წარმოაჩენს.