ქათმის ხორცის ლაბა ე.წ. ხალადეცი

მიუხედავად იმისა რომ არსებობს ქათმის ხორცისგან მომზადებული უამრავი კერძი, დიეტაზე დიდხანს მჯდომ ადამიანს ყველაზე მეტად მაინც ამ პროდუქტის მოხმარება ბეზრდება.
ამიტომ ვფიქრობ არასოდეს არის ზედმეტი ქათმის ხორცის კიდევ ერთი კერძის, კიდევ ერთი რეცეპტი.

დღეს ქათმის ხორცის ლაბას, იგივე ხალადეცის რეცეპტს გთავაზობთ.

თუ გახსოვთ ჩემი, როგორც დაკავებული ადამიანის, დიეტური კვების ორგანიზება, ასე თუ ისე მოგვარებული მაქვს. ამის შესახებ დეტალურად ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ. ასევე გირჩევთ წაიკითხოთ ეს სტატია იმის შესახებ, კვირაში ერთხელ შეძენილი ქათმის ძვლიანი ფილეთი თუ როგორ ვახერხებ მთელი კვირა ძირითადი კვების ორგანიზებას.


ამჯერად ქათმის 2 ძვლიანი ფილე შევიძინე. მისგან მიღებული 4 უძვლო ფილედან 2 ექსპრეს სადილისთვის ნახევარ ფაბრიკატი მოვამზადე და გავყინე. ორი კი ძვალთან ერთად მოვხარშე. ხარშვისას პირველი წყალი, რასაკვირველია, გადავღვარე. დავამატე ერთი გათლილი სტაფილო, ერთი გათლილი ხახვი, ერთი დაფნის ფოთოლი და 3 ცალი სურნელოვანი წიწაკა (ე.წ. დუშისტი)
კარგად რომ მოიხარშა და წყალი განახევრდა. გადმოვდგი და ოდნავ შევაგრილე. ისე, რომ ხორცის დამუშავებისას ხელები არ დამწვოდა. სანამ ხორცის დამუშავებას შევუდექი, 3 სავსე ჩაის კოვზ ჟელატინს დავასხი ცოტა ცივი წყალი და გავაჩერე. სანამ ის დალბა, ხორცი და სტაფილო დავჭერი სასურველ ზომებად. დავამატე ასევე წინასწარ მოხარშული და დაჭრილი 2 კვერცხი.
ხორცის ბულიონი საწურში გადავწურე, ჩავყარე ყველაფერი უკან და დავამატე ორთქლზე შემთბარი და ასეცე საწურში გატარებული ჟელატინი. შევაზავე მარილით და პილპილით და გადავიტანე კონტეინერში. გავაფორმე ოხრახუშის ფოთლებით.

ერთი ღამე მაცივარში გავაჩერე.
გამოვიდა ძალიან გემრიელი.

დაბალკალორიული და ხორცის მწარმოებელს თუ ნამუსი აქვს, იმედია ჯანსაღი კერძიც მზადაა.

მივირთვი მდოგვთან და ძმართან ერთად. #მევარგამხდარი

დატოვე კომენტარი