796

როგორ მოვაწყოთ ერთოთახიანი ბინის განლაგება?


ბინის მოწყობა მისი რეალური სივრცის აღქმას მნიშვნელოვნად განაპირობებს. გადატვირთული ბინები უფრო პატარა ჩანს ხოლმე, ვიდრე სინამდვილეშია, მინიმალისტური ავეჯითა და ღია ფერებით მოწყობილი ოთახები კი ბევრად დიდ სივრცედ გვეჩვენება, რადგან სამოძრაო ადგილს გვიტოვებს. რაც უფრო პატარაა ბინა, მით უფრო ყურადღებით უნდა მოვაწყოთ ის, რათა არ დავკარგოთ სულ მცირე სივრცეც კი, მაქსიმალურად ავითვისოთ ის და ამავდროულად, ზედმეტად არ გადავტვირთოთ რათა ნივთებითა და ავეჯით გაჭედილი ოთახების შთაბეჭდილება არ შექმნას.

ერთოთახიანი ბინები სხვადასხვა პროექტში სხვადასხვაგვარია, თუკი სტუდიოს ტიპის ოთახშივე განთავსებული საძინებელი გვაქვს მოცემული, ოთახის სხვადასხვა კუთხე სხვადასხვა დიზაინით უნდა გავამრავალფეროვნოთ რათა გამოყოფილი, იზოლირებული სივრცეების შთაბეჭდილება შეიქმნას. საძინებლის მხარე შესაძლებელია მცირე ტიხრით ან შირმით გამოიყოს, რათა სტუმრების მიღებისას არ შეიქმნას იმის განწყობა, რომ ისინი მასპინძლის საძინებელში სხედან. გირჩევდით, რომ სათავსოების მქონე საწოლი შეიძინოთ, მისი დახმარებით, მნიშვნელოვნად დაგეზოგებათ ადგილი კარადაში. მცირე განათებისთვის გამოიყენეთ კედლის ბრა, რომელსაც არ დასჭირდება სივრცე ცალკე სადგამისთვის, საძინებლის ავეჯი შეამცირეთ და თუკი საშუალება არსებობს, გააერთიანეთ რამდენიმე ფუნქციონალი ერთში, მაგალითად, სარკე შეგიძლიათ კარადაზევე იყოს განთავსებული, კარადას ჰქონდეს სექცია მაკიაჟისა და თავის მოვლის საშუალებებისთვის, რისთვისაც აღარ დაგჭირდებათ ცალკე კოსმეტიკის მაგიდა ან/და კომოდი. მნიშვნელოვანია, რომ სარკე კარადას გარედან დაუმაგრდეს და არა კარის შიდა ნაწილზე, რადგან პატარა სივრცეში გამოყენებული სარკეები სივრცის დიდად აღქმის ერთერთი გასაღებია. საძინებლის ტიხარი შესაძლოა ნახევრად ღია იყოს, აქა-იქ გაწყობილი თაროებით, რომლებშიც შეგიძლიათ წიგნები ან სხვადასხვა დეკორატიული ნივთები შეაწყოთ, მისაღები ოთახის მხარეს ეს დამატებით ხასიათს შესძენს, საძინებელს გამოაცალკევებს და ამავდროულად დამატებით სათავსოდაც გამოიყენებთ.

სასტუმრო ოთახი სტუდიოს ტიპის ბინაში სამზარეულოსთან ერთადაა, სამზარეულოსგან შეგიძლიათ მკვეთრად განსხვავებული ფერების კომბინაციით გამოაცალკევოთ, მეტი სიმყუდროვისთვის დააგოთ ხალიჩა, დაამონტაჟოთ თბილი  განათებები და ასევე სათავსოს მქონე დივანი მოათავსოთ. ასევე, ტელევიზორის ირგვლივ გირჩევდით ღია და დახურულ თაროებს, რომელიც დეკორაციასთან ერთად პრაქტიკული დანიშნულების მქონეც იქნებოდა. მაგიდა კი რეგულირებადი ზომის შეარჩიეთ, გაუშლელ მდგომარეობაში ე.წ. ჟურნალებისა თუ ყავის მაგიდად რომ გამოიყენოთ, ხოლო სტუმრების სიმრავლისას მისი გაშლით ყველა დაატიოთ. ფერების კომბინაციად გამოიყენეთ ღია ფერის კედლები და მკვეთრი და ამავდროულად თბილი ფერის ავეჯი.

სამზარეულოში გამოიყენეთ ცივი განათება, სამზარეულოს ზედაპირი ღია ფერის შეარჩიეთ, ღია ფერის გრანიტზე არეკლილი ცივი შუქი ასევე გაზრდის სივრცის ილუზიას. უმჯობესია კედელში ჩაშენებული სამზარეულო გამოიყენოთ, რაც დაგიზოგავთ ადგილს. იატაკზე გამოიყენეთ გარდამავალი საფარი სამზარეულოსა და მისაღებ სივრცეს შორის, რაც ასევე სივრცეების განცალკევებულად აღქმას შეუწყობს ხელს.რაც შეეხება ფანჯრებს, ეცადეთ რომ სინათლე რაც შეიძლება დიდ სივრცეზე იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ დიდ ფანჯრებსა და ღია ფერის ფარდებს.

მაღალჭერიან ბინაში შეგიძლიათ ანტრესოლი მოაწყოთ, სივრცე მთლიანად მისაღებსა და სამზარეულოს დაუთმოთ, იზოლირებულ სველ წერტილთან ერთად, კიბეებით ასასვლელით კი მეორე სართულზე საძინებელი ოთახი განათავსოთ.


სხვა სტატიები

ყველა სტატია