ჰერპესი - გამონაყარი და მკურნალობა

ჰერპესი - გამონაყარი და მკურნალობა

რა არის ჰერპესი?

ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბუდობს და პერიოდულად პატარა ბუშტუკის მსგავსი გამონაყარით, როგორც წესი, ტუჩის გარშემო ვლინდება.

მუწუკის გამოვლენისა და გასკდომის შემდგომ შენიშნავთ ერთგვარი ფუფხის, ქერქის მსგავს გამონაყარს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ალაგდება. ჩვეულებრივ, გამონაყარი 2-3 კვირის შემდეგ, ნაწიბურის გარეშე ქრება.

ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტით, მაგალითად, კოცნით გადადის. მისი გამომწვევია ჰერპეს სიმპლექს ვირუსი ტიპი 1 და იშვიათად, რომ გამომწვევი მიზეზი ჰერპეს სიმპლექს ვირუსი ტიპი 2 იყოს. ორივე ტიპის ვირუსი გავლენას ახდენს პირის ღრუზე ან გენიტალიებზე.

ვირუსი გადამდებია მაშინაც, როცა ვიზუალური სახით ჯერ კიდევ არ არის სიმპტომები გამოვლენილი!

აღსანიშნავია, რომ ჰერპესი სრულად არ იკურნება, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია. ექიმის მიერ გამოწერილი ანტივირუსული მედიკამენტებითა და კრემით ჰერპესის გამონაყარი უფრო სწრაფად შუშდება.

სიმპტომები

ჰერპესის რამდენიმე ფაზა არსებობს, კერძოდ:

  • ქავილი. როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე დღით ადრე ბევრი ადამიანი უჩივის ქავილის, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნებას ტუჩების გარშემო;
  • ბუშტუკოვანი გამონაყარი. მცირე ზომის და სითხით სავსე მუწუკი ტუჩზე ან ტუჩის გარშემო ჩნდება. ზოგჯერ გამონაყარი ვლინდება ცხვირისა და ლოყების გარშემო ან უშუალოდ პირის ღრუში;
  • სითხის გამოდევნა და ქერქით დაფარვა. გამონაყარი ერთიანდება, ერთ მთლიანობად იქცევა და შემდეგ სკდება, რჩება ღია იარა, რომელიც ზემოდან ფუფხით იფარება.

ჰერპესის ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე პირველად გამოვლინდა თუ განმეორებით.

პირველად გამოვლენის დროს ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს:

  • სიცხეს;
  • ტკივილს ღრძილის არეში;
  • ყელის ტკივილს;
  • თავის ტკივილს;
  • კუნთების ტკივილს;
  • ლიმფური კვანძების შესიებას.

ცნობისათვის, 5 წლამდე ასაკის პატარებს სავსებით შესაძლებელია გამონაყარი პირის ღრუში ჰქონდეთ და ეს სიმპტომი ხშირად ეშლებათ აფთოზურ სტომატიტში.

როდის მივმართოთ ექიმს?

ჰერპესული გამონაყარი უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის გარეშე ლაგდება, მაგრამ ექიმთან მისვლას გირჩევთ თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • სუსტი იმუნიტეტი;
  • გამონაყარი არ მოშუშდა 2 კვირაში;
  • გამოვლენილია მწვავე სიმპტომები;
  • ჰერპესი უკვე რამდენჯერმე გამოგივლინდათ;
  • გაღიზიანება თვალის არეში.

ჰერპესი ყველაზე მარტივად გადამდები ინფექციაა.

ვირუსი ვრცელდება როგორც ახლო კონტაქტით, ისე ინფიცირებული პირის პირადი ჰიგიენური ნივთების (საერთო ჭურჭელი, პირსახოცი, საპარსი საშუალება) გამოყენებითაც.

განმეორებით გამოვლენილი გამონაყარის განვითარებაში მედიკოსთა აზრით, გარკვეულ როლს შეიძლება თამაშობდეს: ვირუსული ინფექცია ან სიცხე, ჰორმონული ცვლილებები, სტრესი, დაღლილობა, მზის სხივები, ქარი, იმუნიტეტის ცვლილებები, ტრავმა კანის არეში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cold-sore/symptoms-causes/syc-20371017