IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• თამაზ ხუციშვილი – მანანა გაბაშვილის მხატვრობა

♥ Georgia-საქართველო

მანანა გაბაშვილი – ჩემი კოლექტიური ბიოგრაფია

 

m.gabasjvili

 

.თამაზ ხუციშვილი

მანანა გაბაშვილის მხატვრობა

 

manana gamashviliმანანა გაბაშვილის მხატვრობა, რომლისთვისაც ფერწერის მაღალი დონეა ნიშანდობლივი, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. მაგრამ მისი მხატვრობა, ვიწრო წრის გარდა, სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

მანანა გაბაშვილს სპეციალური განათლება არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით მის ხანმოკლე მუშაობას დიდი ქართველი მხატვრის ფარნაოზ ლაპიაშვილის თეატრალურ-დეკორატიულ სახელოსნოში. ფ. ლაპიაშვილი, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე ფერმწერი გაზარდა, აღრფთოვანებული იყო მისი ნიჭიერებით და საოცრად გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ მანანამ თავისი ცხოვრება არა ფერწერას, არამედ ძირითად პროფესიას _ აღმოსავლეთმცოდნეობას მიუძღვნა. თუმცა იგი ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა მეცნიერებაში. ამიტომ მიჭირს თქმა, თუ რომელ დარგში აქვს მას უფრო დიდი მიღწევები _ მხატვრობასა თუ მეცნიერებაში.

მანანას ბავშვობიდანვე ჰქონდა მხატვრობის სიყვარული, განსაკუთრებით ფერში მუშაობა სურდა. მაგრამ პირველად მან მხოლოდ 29 წლისამ აიღო ხელში ფუნჯი. თუმცა, მისი ძირითადი პროფესიიდან გამომდინარე, მხატვრობას დიდ დროს ვერ უთმობდა. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ თავიდან მანანას ამ გატაცებას სერიოზულად არ ვუყურებდი, ამიტომ ხელს არ ვუწყობდი, რომ ხატვა დაეწყო. ფერწერა ურთულესი სფეროა მხატვრობისა და არ მინდოდა, რომ ტყუილად ეწვალა და დრო დაეკარგა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით, მცხეთაში, მასთან აგარაკზე ყოფნისას, სახლის ზედა სართულის აივანზე, მოლბერტი გავშალე და პეიზაჟის ეტიუდი შევასრულე. შემდეგ ეზოში ჩავედი და ნოდართან, მანანას ძმასთან მუსაიფი გავაბი. როდესაც კვლავ მეორე სართულზე ამოვბრუნდი, დავინახე, რომ მანანას იგივე პეიზაჟი შეესრულებინა, რამაც მე და ნოდარი აღტაცებაში მოგვიყვანა.ამის შემდეგ მისმა ნიჭმა თავისი გაიტანა. იგი რეგულარულად და სერიოზულად იწყებს ფერწერაში მუშაობას. 

მანანა გაბაშვილის შემოქმედება, კერძოდ, მისი ფერწერა, კამერული ხასიათისაა. იგი ერთნაირი გატაცებითა და სიყვარულით ასრულებს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს _ ნატურმორტს, პეიზაჟს, პორტრეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის, რომ მას არა აქვს მიღებული სახვითი ხელოვნების სრული განათლება. საერთოდ, მართებულად არ მიმაჩნია თქმა, რომ შემოქმედნი იყოფიან პროფესიონალებად და მოყვარულებად. ფრანგი მხატვარი ანრი მატისი ამბობდა _ მხატვრობა არ ასხვავებს პროფესიონალსა და მოყვარულ მხატვარს, უბრალოდ არის კარგი და ცუდი მხატვარი.

მანანა გაბაშვილის ფერწერის მთავარი ხიბლი ის არის, რომ მას მანერულობისა და სიყალბის ნატამალი არ გააჩნია. მასთან პირველ პლანზე გულწრფელობა და სიმართლეა. იგი არ ცდილობს დაემსგავსოს ვინმეს. მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით კარგად იცნობს და ჩახედულია სახვითი ხელოვნების ყველა დროის მსოფლიო ფერწერულ საგანძურში, კარგად იცის და შესწავლილი აქვს დიდი ფრანგი კლასიკოსი მხატვრის ანრი დელაკრუას ფერწერის კანონები.

მანანა გაბაშვილის ნახატები ნაწვალები არ არის და ერთი ამოსუნთქვითაა შესრულებული. ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და ფასეულობას სძენს მის ტილოებს. იგი კიდევ ერთ ცდუნებას ასცდა. ეს არის ზერელობა ფერწერაში, რაც ნიშნავს იოლი გზით სიარულსა და ე.წ. იზმებს ამოფარებას. ამ მხატვარს აქვს არაჩვეულებრივი კოლორიტი და ფერთა ლამაზი გამა. მისი ფერწერა ჟღერადი, მაგრამ სუფთა ტონების შედეგია. იგი ორკესტრირებას უკეთებს ფერთა გამას და თავისი ინტუიციით ხვდება, რა ფერი რასთან დადოს, რათა ის ჟღერადობა მიიღოს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ფერწერა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მ. გაბაშვილის ფერწერაში ჩანს, ინტელექტი და მოაზროვნე ადამიანია. მისი ნამუშევრები საშუალებას გაძლევთ თვალი გაადევნოთ ტილოზე მუშაობის პროცესს, რაც დიდ ესთეტურ სიამოვნებას განიჭებთ. მხატვრის სასურათო სიბრტყე არაჩვეულებრივად სასიამოვნო და სხვა შემოქმედთათვის თითქოს სტიმულის მიმცემიცაა. მას აქვს თამამი და, ამავე დროს, თავშეკავებული მონასმები.მისი, როგორც მხატვრის, ინტუიციის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ორიენტირად ფერწერის კლასიკოსები ჰყავს _ ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და, საზოგადოდ, ევროპიდან.

საბჭოთა პერიოდში, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე, მხატვართა ცნობილ ცისფერ გალერეაში იმართებოდა საგაზაფხულო, საშემოდგომო, ან საიუბილეო გამოფენები, მ. გაბაშვილის ნამუშევრები, სხვა პროფესიონალ წარმატებულ მხატვრებთან ერთად იფინებოდა.

სამხატვრო საბჭო, რომელიც გამოფენებამდე რამდენიმე ტურს ატარებდა და ცხრილავდა ნამუშევრებს, მის მხატვრულ ტილოებს ტოვებდა, რადგანაც ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ საქმე ჰქონდათ სპეციალური განათლების მქონე პროფესიონალ შემოქმედთან. დღეს, როდესაც მოკლებული ვართ ნიჭიერსა და დიდ ქართველ მხატვართა ერთობლივ გამოფენებს, რომლებზეც ყველა მხატვარი ცდილობდა მოხვედრილიყო, მაშინდელი გამოფენები ჩვენთვის, მათ შორის მანანასთვისაც, კარგ მოგონებადაა ქცეული. მისი ნახატებიც, გარდა იმისა, რომ რუსთაველზე, მხატვართა ცნობილ ცისფერ გალერეაში იფინებოდა, იმითაც მნიშვნელოვანია, რომ მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების ყურადღებასაც იპყრობდა. მანანა გაბაშვილის მხატვრობით კოლექციონერებიც ინტერესდებოდნენ, რომლებსაც მისი ნამუშევრების შეძენა სურდათ, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც მაშინ თავად იყო. მას თითოეულ ტილოში იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა ჩადებული, რომ ამ ნახატებთან განშორება ვერ წარმოედგინა.

1991-1992 დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენები მძიმედ აისახა მ. გაბაშვილის შემოქმედებაზე. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე, უზენაესი საბჭოს წევრი, რომლის ხელმოწერაც 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტზეა დადასტურებული, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უსასტიკეს დევნას განიცდიდა. რეპრესიები, მატერიალურ სიდუხჭირესთან ერთად, მას ფერწერაში მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. არაერთხელ უთქვამს, რამდენი სადარდებელი გაგვიჩინა ამ წლებმა, მაგრამ ამ საშინელი წლებისა და დევნის გამო ჩემს არდახატულ ნახატებზეც ვდარდობო. ხანდახან მინდა წარმოვიდგინო ისინი და ზოგჯერ ჩემს ფანტაზიებში მათ თვალნათლივ კიდევაც ვხედავ.

მ. გაბაშვილს არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა. მისი ფერწერული ტილოები (შესრულებული 1974-1991 წლებში) უმთავრესად კერძო კოლექციებში (თბილისი, მოსკოვი, ბერლინი, აშშ) ინახება. სასურველია, ახლო მომავალში მისი პერსონალური გამოფენა ვიხილოთ, ხოლო ხელოვნებათმცოდნეთა მხრიდან ამ მხატვრის შემოქმედების სერიოზული შეფასება მოვისმინოთ.

თანამედროვე ქართული მხატვრობის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია მანანა გაბაშვილის მხატვრული შემოქმედების ამსახველი ალბომის გამოცემა.

 

საქართველოს დამსახურებული მხატვარი,

პროფესორი თამაზ ხუციშვილი

 

 

 

დატოვე კომენტარი