რომელი დროა იდეალური სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად

16-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ჩვენს ცხოვრებაში ყველა მოვლენას და, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებსაც საკუთარი საწყისი წერტილი აქვს. ამ საწყის წერტილს ასტროლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი აკისრია, რადგან ეს საკმაოდ გამოსადეგი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. თუ ჩვენ გავიხსენებთ იმ დღეს, როცა პირველად შევხვდით ჩვენს გულის სწორს და გავარკვევთ, ამ დროს მზე რომელი ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა, ჩვენსა და ჩვენი საყვარელი ადამიანის მომავალზე უფრო მეტს შევიტყობთ. 

თუ თქვენს პარტნიორს შეხვდით:

ვერძის ზოდიაქოში (21 მარტიდან – 20 აპრილამდე): სწრაფი და ნათელი ნაცნობობის დასაწყისია. თქვენ გმართებთ, გამოავლინოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ამის საშუალება პარტნიორსაც მისცეთ. ბევრს მიაღწევთ, თუ ორივეს ერთი მიზანი გექნებათ. ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან მკვეთრ და იმპულსურ მოქმედებებს ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ნუ დაიწყებთ ეგოიზმის გამოვლენას, იფიქრეთ პარტნიორზეც.

კურო (21 აპრილიდან – 20 მაისამდე): ემოციური და გრძნობისმიერი ურთიერთობების დასაწყისია. თქვენი მიზანია, ისწავლოთ ადამიანური სითბოს გამოვლენა რჩეულის მიმართ. არ დაიზაროთ და დაინანოთ კომპლიმენტები, ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის განმტკიცებას. ერთადერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამ პერიოდში დაწყებულ ურთიერთობებს უშლის ხელს – სიჯიუტეა.

ტყუპები (21 მაისიდან – 20 ივნისამდე): ამ პერიოდში იმატებს მგზავრობის დროს ან ტელეფონით გაცნობის ალბათობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ურთიერთობა ინტელექტუალურ დონეზე წარიმართება. თუმცა, ეს ყოველივე ზედაპირული ხასიათის იქნება. თუ რჩეულის დაკარგვა არ გინდათ, მაშინ კატეგორიულად გირჩევთ: მოერიდეთ ამავე პერიოდში ახალი ფლირტის დაწყებას.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი): ნებისმიერი პირადი ნაცნობობა, შესაძლოა, ურთიერთსიმპათიაში და შემდეგ დიდ სიყვარულშიც გადაიზარდოს. იმ ადამიანებს კი, ვისთვისაც ფლირტი გართობაა, თავშეკავებას ვურჩევთ, რადგან ამას მათი ემოციური მხარის რღვევა მოჰყვება.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო): შემოქმედებითი ადამიანებისთვის ეს იდეალური დროა სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად. თეატრში, კინოში, ბარში, რესტორანში ან კონცერტებზე – სწორედ თავშეყრის ასეთ ადგილებშია დიდი ალბათობა იმისა, რომ გაიცნოთ მომავალი მეორე ნახევარი. თუ მასთან სიყვარულის გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობთ, მაშინ თქვენი გულის სწორი გაანებივრეთ საჩუქრებით. ეს თქვენს მომავალ ურთიერთობას უფრო მეტ რომანტიკულობას შესძენს.

ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი): ზედმეტი თავმდაბლობა, კრიტიკულობა და ეჭვიანობა ის ტენდენციებია, რაც ამ პერიოდში წამოწყებულ ურთიერთობას უშლის ხელს. იყავით ყურადღებიანი, პარტნიორის მიმართ. გააანალიზეთ და გათვალეთ ნებისმიერი წვრილმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემებს შეგიქმნით მომავალში.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი): ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ვერ იტანენ უხეშობას. ის ორივე პარტნიორის მხრიდან მოითხოვს სიმშვიდისა და დელიკატურობის გამოვლენას. ამ დროს ნებისმიერი წამოწყება და ინიციატივა პარტნიორს უნდა მიანდოთ. შეეცადეთ, მას თავს არ მოახვიოთ თქვენი იდეები.

მორიელი (24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი): ეს პერიოდი, ძირითადად, ვნებიანი და სექსუალური ადამიანებისთვისაა ხელსაყრელი. ამ დროს ნებისმიერი დამაინტრიგებელი საშუალება გამართლებულია. თამამად შენიღბეთ საკუთარი პიროვნება, მიეცით მას იდუმალი და მისტიკური სახე. ეს კიდევ უფრო მეტად აღუძრავს თქვენს პარტნიორს თქვენთან ურთიერთობის სურვილს. თუმცა, არ არის გამორიცხული, მხურვალე რომანს დიდი სულიერი ტკივილიც მოჰყვეს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი): ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა ზედაპირულია. კარგი იქნება, თუ რომელიმე პარტნიორი მასწავლებლის ფუნქციას თავის თავზე აიღებს. ერთად მოგზაურობა პოზიტიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი): ამ დროს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერმა დაუფიქრებელმა და გაუაზრებელმა მოქმედებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ნუ შეგეშინდებათ წინააღმდეგობების, თქვენ სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი): ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა უცნაური და ორიგინალური იქნება. შესაძლოა, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდეს, რომ პარტნიორებმა ერთმანეთის ნორმალურად გაცნობაც კი ვერ მოასწრონ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი): ამ პერიოდში ჩამოყალიბებული სასიყვარულო ურთიერთობის დროს ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. იყავით გულწრფელი. ნებისმიერ ტყუილს გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია, ურთიერთობის ნგრევაც კი. ამიტომ, შეეცადეთ, სიმართლე ილაპარაკოთ.

Primetime.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები