ციხისძირში მშენებარე სასტუმროში ნომრის ღირებულება ერთი ღამით, 20 ათასი დოლარი იქნება

სასტუმრო ციხისძირშიქართულ სასტუმრო ბიზნესში პირველად, ციხისძირში მშენებარე სასტუმროში Castello Mare, პენტჰაუსის ტიპის ნომრის ღირებულება ერთი ღამით, 20 ათასი დოლარი იქნება.

ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში Green Cape აცხადებენ. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ნომერი 500 კვ.მ. ფართობის იქნება, სადაც მისაღები ოთახი, ორი საძინებელი და ორი მოოქროვილი მოზაიკით გაკეთებული აბაზანა, ბუხარი და ა.შ. განთავსდება.

მათივე განცხადებით, სასტუმრო მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი და ერთი ადამიანისთვის, ერთი ღამით განთავსების ღირებულება 200 დოლარიდან დაიწყება.

ისინი აცხადებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სამუშაოების დამკვეთი კი ავსტრიულ-ქართული კომპანია „ქარაფია”.

ამ ეტაპზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ახალი, 20–ნომრიანი შენობის მშენებლობა იგეგმება. სასტუმროს გახსნის სავარაუდო პერიოდად მომავალი წლის ზაფხული განიხილება.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 125 ნომერი, 4 საკონფერენციო დარბაზი, 250 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, 100 ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკინგი, საუნა, სამედიცინო სპა-ცენტრები და სხვა მომსახურებები განთავსდება.

მათივე ინფორმაციით, დაახლოებით სამ-ოთხ თვეში ციხისძირში ავსტრიულ-ქართული ინვესტიციით, მეორე სასტუმროს მშენებლობაც დაიწყება. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტს კომპანია Green Cape–ი განახორციელებს, თუმცა დამკვეთის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მას ამ ეტაპზე არ აქვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმრო-აპარტამენტის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად კი 8-დან 10 მილიონამდე დოლარის ინვესტირებაა გადაწყვეტილი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორები სასტუმროს ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნისა და ნავმისადგომების მოწყობას გადაწყვეტენ, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ავტორი: მარიამ გეგეჭკორი

დაწერე კომენტარი