არგენტინაში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის ორი წელი გრძელდებოდა
28 წლის არქიტექტორი ბრენდა ბარატინი კორდოვაში დასრულებულ სასამართლო პროცესზე დამნაშავედ ცნეს 42 წლის მუსიკოს სერხიო ფერნანდესის მკვლელობის მცდელობაში და მას 13 წლით ციხე მიუსაჯეს. დაპატიმრების შემდეგ ბრენდას, სექსუალური პარტნიორის პენისის ძირში, 90%-ით გადაჭრის გამო, ბრალი სხეულის დაზიანების გამო წაუყენეს, მაგრამ პირველივე სასამართლო პროცესზე, მსხვერპლის და ბრენდას მეგობარი მამაკაცის მოსმენის შემდეგ, პროკურორებმა წარმატებით შეძლეს სასამართლოს დარწმუნება, რომ ბრენდას მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მკვლელობის მცდელობა იყო. სასამართლო პროცესზე ბრენდამ განაცხადა, რომ მას სექსუალური პარტნიორის მკვლელობის გამზრახვა არ ჰქონია, ხოლო გადაწყვეტილება მისთვის ტკივილის მიყენების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც სერხიომ მასთან სექსის ჩანაწერები და ფოტოები თავის მეგობრებს აჩვენა. ბრენდა ამტკიცებდა, რომ პარტნიორი მას ექცეოდა როგორც "ნადავლს", როგორც "სექსუალურ ობიექტს" და ვიდეოს ჩაწერის დროს მან მასზე სექსუალურად იძალადა. "მან ჩემი პირადი ცხოვრების საიდუმლოება გათქვა, დაანგრია ჩემი ცხოვრება და ჩემი კარიერა. ყველაფერი განადგურებული იქნა" მსხვერპლმა, სერხიო ფერნანდესმა გაიხსენა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს, გვიან საღამოს, დახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, ის ბრენდა ბარატინთან სახლში იყო. სექსის დროს ბრენდამ მას განუცხადა, რომ მისთვის სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული და მას ხავერდის ნიღაბი გაუკეთა სახეზე. ბრენდას სურდა დაება კიდევაც იგი, მაგრამ მან ამაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ ბრენდამ მისი ყურადღება ორალური სექსით მოადუნა და ამის შემდეგ, სერხიოსთვის სრულიად მოულოდნელად ... პროცესზე მოწმედ დაკითხულმა, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრენდა ბარატინის მეგობარმა კაცმა, გონსალო როდრიგესმა (ადვოკატების მტკიცებით, გონსალოს და ბრენდას 7 წლის განმავლობაში ჰქონდათ სტაბილური ურთიერთობა, სერხიოსთან კი, რომელიც იმ დროს ცოლიანი იყო, ბრენდას მცირე ხნის განმავლობაში ჰქონდა ემოციური კავშირი და ისინი ერთმანეთს სულ 7-ჯერ შეხვდნენ - "აიპრესი") განაცხადა, რომ იმ დღეს მას ბრენდას მეზობელმა დაურეკა, უთხრა, რომ გააუპატიურეს მისი გოგო. ის მაშინვე მივარდა ბრენდასთან სახლში, სადაც მას საყვარელმა, რომელსაც მხოლოდ ტრუსი ეცვა, უთხრა, რომ გააუპატიურეს. ამის შემდეგ რაღაც მჭრელი საგანი გაუწოდა და უთხრა მას, რომ მოეკლა სერხიო. პროკურორების თქმით, ბრენდა ბარატინი ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას, როგორ უნდა მოეჭრა გენიტალიები და დეტალური ჩანაწერი გააკეთა თავის დღიურში იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა 25 ნოემბერს. სერხიო ფერნანდესი იმ დღეს ბრენდა ბარატინის მეზობლებმა გადაარჩინეს. მათ პოლიციაში დარეკეს და შეატყობინეს, რომ მეზობლის სახლიდან განწირული ხმით ითხოვდნენ შველას. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად სერხიო არ დაიცალა სისხლისგან და სიკვდილს გადაურჩა. მეტიც, რვა დღის დღის შემდეგ კომიდან გამოსულს პენისი მიაკერებული ჰქონდა და მალე აღუდგა კიდევაც ფუნქციები, თუმცა ის ჩივის, რომ მას შემდეგ ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს: პანიკაშია, უძილობა აწუხებს, სექსის დროს მუდამ შიში აქვს და ეჩვენება, რომ ქალებს მისი მოკვლა სურთ. სასამართლოს მსვლელობის დროს ბრენდას ადვოკატები ყველანაირად ცდილობდნენ ოთხი კაცის და ოთხი ქალისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა ჟიურის დარწმუნებას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს სერხიოს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ბრენდას მხოლოდ ტკივილის მიყენება სურდა სერხიოსთვის, მაგრამ გონსალო როდრიგესის ჩვენებამ, პროკურორის მიერ დანაშაულის დანაშაულის ჩადენის იარაღის - უზარმაზარი სეკატორი წარდგენამ და აგრეთვე იმის აღნიშვნამ, რომ არანაირი ვიდეოს გავრცელება არ დადასტურებულა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი ითამაშა და ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვნად გამოიტანეს ვერდიქტი: დამნაშავეა. ორი საათის შემდეგ კი განაჩენი გამოცხადა და ბრენდას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომჩივანი მხარის გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, დაკარგული მოსალოდნელი შემოსავლის და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია სასამართლომ 493 665 დოლარის ოდენობით განსაზღვრა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრენდას დედამ სასამართლოს მისამართით უცენზურო სიტყვების ძახილით დატოვა სასამართლო დარბაზი, ხოლო ბრენდას ერთ-ერთი ახლობელი ქალი სასამართლოს შენობის დერეფანში კედელზე ჩამოკიდებული ცეცხლსაქრობის ყუთის მინის ჩამტვრევისთვის დააპატიმრეს. პროცესის მსვლელობის დროს, სასამართლოს ეზოში, ბრენდას მხარდამჭერ საპროტესტო დემონსტრაციას აწყობდნენ სხვადასხვა ფემინისტური ორგანიზაციის წარმომადგენლები. იქვე მყოფი ბრენდას მრავალრიცხოვან ახლობლები კი პროკურორის მისამართით სკანდირებდენ "ტკბილ" სიტყვებს. პროცესის დასრულების შემდეგ აღშფოთებამ ყველა ერთად მოიცვა. ბრენდა ბარატინის ადვოკატმა "გაუგონარი" უწოდა გამოტანილ განაჩენს. მისი თქმით არგენტინაში არასდროს არავინ არ გაუსამართლებიათ მკვლელობის მცდელობის მუხლით პენისზე მიყენებული ჭრილობის გამო და ის აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს, რომლის საბოლოოდ ძალაში შესვლის შემთხვევაშიც, ბრენდა მხოლოდ სასჯელის ვადის 2/3-ის გასვლის შემდეგ შეეძლება ციხის დატოვება. მასალა მომზადა რაულ კაპანაძემ.