სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ენმ დაიშალა.

როგორც ვაშაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამ სიტუაციის „ყველაზე დიდი წურბელა“ დავით ბაქრაძეა, რომელიც ე.წ. ბოკერიას ჯგუფს ფასადად ჰყავს გამოყვანილი.

„სიმართლე გითხრათ, „ნაცმოძრაობაში“ არსებული ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ვერ მივაქციე. ვინაიდან, აშშ-ში მქონდა ვიზიტი და სხვა სასაათო სარტყელში ვიყავი. „ნაცმოძრაობაში“ ჩემთვის ბევრი სიახლე არ ყოფილა. რაც მე მაისში ვთქვი, ზუსტად ის ახდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი გამართლდა.

ვინ რაშია დამნაშავე, ამაზე რაც არ უნდა ბევრი ვიჭიდავოთ ამას აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მარტივი საკითხია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა. მიხეილ სააკაშვილმა ფრაქცია ძლივს შექმნა პარლამენტში. აზერ სულეიმანოვი ძლივს დაიმატეს, რომ მეექვსე დეპუტატი იყოს პარლამენტში.

მეორე მხრივ დარჩა ბოკერია-უგულავას ჯგუფი, რომლის რეიტინგიც ძალიან დაბალი იქნება, ამ ჯგუფს ფასადად ჰყავს ბაქრაძე, რომელიც ამ სიტუაციის ყველაზე დიდი წურბელაა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც თავადაც "ნაცმოძრაობის" წევრი იყო და პარტია გასული წლის გაზაფხულზე დატოვა.

გიორგი ვაშაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „აიპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.