„საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტქ პროპაგანდის მაგალითები, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მონათლონ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა მედიასთან ბრიფინგზე.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა ახალი ქართული წიგნის შესახებ, რომელიც სიცრუესა და ლგბტქ პროპაგანდას ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით - „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“. წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მიხვდებით, რა მიზანი ამოძრავებთ ამ წიგნის ავტორებს და რაც მთავარია - ამ წიგნის დამფინანსებლებს: ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).

საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის ავტორები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტქ პროპაგანდის მაგალითები, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მონათლონ.

ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტქ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ცივილიზებულ მიღწევას. ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი,. სამწუხაროდ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბრძანებაა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს მითითება მიეცათ (რაც, პრაქტიკულად, ბრძანების ტოლფასია), რომ არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „დედა“, „მამა“, „ქალი“, „კაცი“... ასევე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაა, რომ თურმე ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით შეერგება ბავშვს და ამ რძეზე გაზრდილ ბავშვს გეი პარადებში მიაღებინებენ მონაწილეობას.

თუ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას დავუჯერებთ, რომლებმაც ლგბტქ წარმომადგენელთა პროპაგანდის გავრცელებასა და მათი უფლებების დაცვის მემორანდუმს სიხარულითა და ამაყად მოაწერეს ხელი 2021 წელს, ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ოპოზიციურ, ან ენჯეო სექტორის წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტქ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს - „ამერიკაში თქვეს, ე.ი. ასეა საჭირო“.

საინტერესო იქნება იმ საელჩოებისა და ორგანიზაციების პოზიცია და პასუხი კითხვაზე - რატომ აფინანსებენ ლგბტქ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების სულ ცოტა 90%-თვის მიუღებელია.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასდროს გახდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს, არის საზოგადოება, შესაბამისად, საზოგადოების, ანუ ხალხის ძალა ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.