რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, ყვარელსა და ლაგოდეხში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 21 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა - რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაციით ტარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგულარულად განახორციელებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოიფხვრას სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაძლო ხარვეზები.
სტიქიის შედეგად სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან, დაახლოებით 600-600 სახლის სახურავია დაზიანებული ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო 135 ახმეტის მუნიციპალიტეტში.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა შემოდგომა-ზამთრის სეზონს კახეთის რეგიონის მოსახლეობა გადახურულ სახლებში შეხვდეს.