2023 წლის 21 ნოემბრიდან, ძალაში შევიდა  "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილოი ცვლილება და ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები დაიზარდა.

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, - გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა.

 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

 ასევე, გამკაცრდა სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის,  გარდა  იმ შემთხვევისა, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის გარეშე იმყოფება.

2023 წლის 21 ნოემბერს "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა დადგენილება. 

"შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 08/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 410080000.35.101.016141) და დადგენილების პირველი პუნქტის დანართით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში  ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე.