ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის რიგითი გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.