ფინური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაფხულობით ფინელებს გრილზე შემწვარი სოსისების მირთმევა უყვართ

ფინური სამზარეულო ცნობილია ტრადიციული და მოდური, ძვირადღირებული საკვების ერთიანობით. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში თევზი და ხორცი (ძირითადად ღორის, საქონლის ან ირმის) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრადიციული კერძების მომზადებაში. ასევე ქვეყანაში არის მხარეები სადაც უმეტესად სხვადასხვა ბოსტნეული და სოკო გამოიყენება. რუსეთ-ფინეთის ომის შემდეგ, კარელიას რეგიონიდან დევნილებმა წვლილი შეიტანეს ქვეყნის სხვადასხვა მხარის საკვებში.[1]

ფინურ საკვებში ხშირად შეხვდებით ისეთ პროდუქტებს როგორებიცაა: ჭვავი, ქერი, შვრია. ასევე ფართოდ გამოიყენება მრავალი სახეობის კენკროვნები, მათ შორის: მოცვი, წითელი მოცვი, მიწამაყვალა და ქაცვი. რძე და მისგან ნაწარმოები პროდუქტები ხშირად გამოიყენება როგორც სასმელი, საჭმელი და სხვადასხვა რეცეპტების შემადგენელი ინგრედიენტები. სხვადასხვა სახეობის თალგამი ხშირად გამოიყენებოდა ტრადიციულ სამზარეულოში, თუმცა ის მე-18 საუკუნეში კარტოფილმა ჩაანაცვლა.

ფინური საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე პოპულარული ხორცის სახეობები ფინეთში არის:

• ღორის ხორცი - ერთი ფინელი წელიწადში მიირთმევს 33.5 კილოგრამს

• საქონლის ხორცი - 18.6 კილოგრამი

• ქათმის და იხვის ხორცი - 13.3 კილოგრამი.[2]

ამ ყველაფრის დაახლოებით ერთი მესამედი მირთმეულია სოსისების სახით, რომლებიც უმეტესად ღორის ხორცისგან მზადდება, თუმცა ხშირად არეულია სხვა ტიპის ხორცებთანაც. ცხენის, ბატკნისა და ირმის ხორცი საერთო მოხმარების მცირე პროცენტს შეადგენს, თუმცა ფართოდაა ხელმისაწვდომი.[3]

შინაური ცხოველების გარდა, ფინეთში ნადირობისა და თევზაობის დიდი ტრადიცია არსებობს. მონადირეები ძირითადად ირმებზე, ცხენ-ირემსა და დათვებზე ნადირობენ, თუმცა გარეულ კურდღელზე, იხვსა და როჭოზე ნადირობაც საკმაოდ პოპულარულია. საკვების ჰიგიენის ძალიან მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, ცხენ-ირმებს ფინელები ძირითადად სახლებში მიირთმევენ და მათი ხორცი რესტორნებში იშვიათად გვხვდება.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლოგი ციტრუსის ქერქით

ყველაზე ხშირად ფინელები წყალსა და ყავას მიირთმევენ, თუმცა საჭმელთან ერთად ასევე პოპულარულია რძეც, რომელსაც ზრდასრულებიც სვამენ. ყავას ფინეთში როგორც წესი დღეში რამდენიმეჯერ მიირთმევენ, ჩაის კი ოჯახთა უმეტესობაში შეხვდებით. ფინეთში გვხვდება სახლში დაყენებული ალკოჰოლური სასმელების რამდენიმე სახეობა, მათ შორისაა: სიმა (თაფლისა და წყლის ფერმენტაციით მიღებული დაბალალკოჰოლური სასმელი), საჰტი (ტრადიციული ფინური ლუდი) და კილიუ (ცნობილი როგორც შაქრის ღვინო). ზამთარში, განსაკუთრებით კი საშობაოდ ფინელები გლოგს მიირთმევენ. მისი მომზადების წესი ასეთია: ვადუღებთ წყალს და ვუმატებთ დარიჩინს, მიხაკს, ქარდამონსა და ჯინჯერს. ასევე პოპულარული დანამატებია ციტრუსის კანი (ფორთოხალი, ლიმონი), ქიშმიში და ნუში.[4] რამდენიმე წუთიანი დუღილის შემდეგ გადავწურავთ და ღვინოს ან სხვა ალკოჰოლურ სასმელს ვამატებთ. ასევე შეგვიძლია არაალკოჰოლური გლოგის მომზადებაც. ასეთ შემთხვევაში ღვინის ნაცვლად ხილის ან კენკროვნების წვენს ვიყენებთ. გლოგი ფინეთში შვედეთიდან შემოვიდა. ფინური და ესტონური სიტყვა glögi, მოდის შვედური სიტყვა glögg-დან, რაც თავის მხრივ glödgat vin-დან არის წამოსული. ეს უკანასკნელი ცხელ ღვინოს ნიშნავს. მე-19 საუკუნის მიწურულისთვის გლოგს ღვინოსთან შერეულს მიირთმევდნენ. მშრალი კანონის შემოღების შემდეგ მისი მოხმარება თითქმის სრულიად შეწყდა. კანონის მოხსნის შემდეგ 1930-იან წლებში, სასმელს რეკლამას ფინურ-შვედური ჟურნალები უწევდნენ. 1950-იან და 60-იან წლებში გლოგის მირთმევა ფინურ-შვედური ტრადიცია იყო. 70-იანი წლების დასაწყისიდან გლოგის რეცეპტები ფინურენოვან ჟურნალებშიც გამოჩნდა რის შემდეგაც გლოგი მთელი ფინეთის საშობაო ტრადიციად იქცა.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. olvanen, Kristiina. "A Nation in Transition: The Resettlement of the Karelian Evacuees". Department of Translation Studies, University of Tampere. Archived from the original on 12 November 2013. Retrieved 12 November 2013.
  2. Liha Akva.ayy.fi. 27 May 2013. Archived from the original on 27 May 2013. Retrieved 2 August 2017.
  3. suomessa-lihaa-syodaan-kohtuullisesti Lihatiedotus.fi. Retrieved 30 December 2018.
  4. Maija Suova (toim.): Emännän tietokirja I–II, 4. uudistettu laitos, s. 135. WSOY, 1958.
  5. Maija Suova (toim.): Emännän tietokirja I–II, 4. uudistettu laitos, s. 135. WSOY, 1958.