არქიტექტურის საინტერესო და მრავალფეროვან ნიმუშებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეხვდებით. შეიძლება მოიხიბლოთ სხვადასხვა ნამუშევრებით ან სულაც, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეთ. მაგრამ ფაქტია, რომ ქალაქები ვითარდება და მივიწყებულ, დანგრეულ, ძველ შენობებს, ახალი და მასშტაბური პროექტები ანაცვლებს.

ბათუმს, თავისი ისტორიის განმავლობაში, არქიტექტურულ კონტექსტში თუ განვიხილავთ, ყოველთვის იყო ერთგვარი არქიტექტურული ქმედების ველი და არა მხოლოდ შენების, ნგრევის, დეკონსტრუქცია-რეკონსტრუქციის, გარდასახვის კუთხით. ქალაქი – კულტურათა და რელიგიათა გადაკვეთის წერტილი, ყოველ ეპოქაში, არქიტექტურულ ჭრილში რაიმეს დაიმჩნევდა, დაწყებული ადრეული ეპოქის, გაგრძელებული საბჭოთა ეპოქის მოდერნისტული თუ სოციალური პროექტებითა და დასრულებული ქაოტური მშენებლობებით, ბათუმმა თავის სხეულზე ისტორია ასახა. სათქმელი აქ ერთია, როგორია დღევანდელი ბათუმის არქიტექტურული პორტრეტი? ფაქტია, რომ ზღვისპირა ქალაქში, წმინდა ესთეტიურ ჭრილში, სხვადასხვა მასშტაბისა თუ ფაქტურის, სტილისტიკურად მრავალფეროვანი ნაგებობები იბადება.

ხელოვნური კუნძული ბათუმში

„მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მასშტაბური არქიტექტურული ვიზუალიზაცია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ეს უნიკალური პროექტი საშუალებას გვაძლევს შევხედოთ ჩვენი ქალაქის მომავალს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა დეტალზე, რათა ეს პროექტი მაქსიმალურად რეალისტური იყოს. და ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ეს სოციალურ ქსელში, არქიტექტურული ბიურო „Morevi – მორევი“-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტი იყო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. საუბარია შავ ზღვაში, ხელოვნური კუნძულის გაშენებაზე.

ხელოვნური კუნძული ბათუმში

უმსხვილესი პროექტის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2021 წელს გავრცელდა, მაშინ, როდესაც ბათუმში “ამბასადორ აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში, აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია გადასცა.

ჩნდება კითხვა თუ ვის გადაეცა 90 ჰა ტერიტორია ბათუმში და რას მოიცავს $100-მილიონიანი ხელოვნური კუნძული? – როგორც პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში თანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის ასევე, ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

პროექტის მიხედვით, კუნძულზე წარმოდგენილი იქნება: საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. პროექტიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას.

ხელოვნური კუნძული ბათუმში
ხელოვნური კუნძული ბათუმში

აღსანიშნავია, რომ არსებული საზოგადოებრივი პლაჟის სიგრძე, მდინარე “ბარცხანიდან” „თამარის“ დასახლების სანაპიროს ჩათვლით დღეისათვის შეადგენს 1,7 კმ-ს. წარმოდგენილი პროექტით ეს მაჩვენებელი ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლის ხარჯზე, იზრდება ორჯერ და 3,6 კმ-ს შეადგენს. აჭარის სანაპიროზე ეს ყველაზე წყალმარჩხი, ტალღებისგან დაცული და ნაპირების მორფოდინამიკის მხრივ გამორჩეულად სტაბილური ადგილია. პროექტზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებაზე საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები იმუშავებენ.

ნახევარკუნძულებზე გათვალისწინებულია კასკადური განაშენიანების საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსები საზოგადოებრივი პლაჟებით, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეებით, აკვაპარკით.

ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად კი დასრულებულია პროექტის კონცეფციაზე მუშაობა.

შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ პროექტს „ამბასადორი ჯგუფი” აფინანსებს, რომელიც საქართველოში არაერთ სასტუმროს ფლობს, მათ შორის თბილისსა და კაჭრეთში.

ხელოვნური კუნძული ბათუმში
ხელოვნური კუნძული ბათუმში

პროექტი, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური უნდა აღმოჩენილიყო და თანამედროვე არქიტექტურაში თავისი წვლილი შეეტანა დროებით შეჩერდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროცედურა შეუჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა.

კერძოდ, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე კომპანია ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადოს.

ხელოვნური კუნძული ბათუმში
ხელოვნური კუნძული ბათუმში

არსებული დოკუმენტების მიხედვით, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ვადად დაახლოებით 3-4 წელია განსაზღვრული. სამუშაოების დაწყება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებას.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნაშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორიაზე, ინერტულ მასალას ადგილობრივი ლიცენზირებული კარიერებიდან შეიტანენ, ხოლო მოლების მშენებლობისთვის საჭირო სხვადასხვა ზომის ქვების შემოტანა დაგეგმილია თურქეთიდან.

ხელოვნური კუნძული ბათუმში

Kalaki.ge პროექტის ინვესტორ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ დაუკავშირდა და დაინტერესდა – თუ წარადგინა გარემოს დაცვის სააგენტოში კომპანიამ მოთხოვილი დამატებითი დოკუმენტაცია და რა ეტპზეა ბათუმის ხელოვნური კუნძულის საპროექტო სამუშაოები. „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ში განგვიმარტეს, რომ დოკუმენტაცია სააგენტოში წარდგენილია და დუბაის პალმის კუნძულის მსგავსი, ღუზის ფორმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ნებართვას ელოდება. რაც შეეხება საპროექტო სამუშაობს – კომპანიაში აცხადებენ, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საპროექტო სამუშაოები, როგორც კონსტრუქციული, ასევე საინჟინრო მიმართულებით დასრულებულია, ასევე, დასრულებულია განაშენიანების გეგმაც და პირველი შენობა-ნაგებობის პროექტიც, რომელიც კუნძულზე უნდა აშენდეს.