თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

დედაქალაქში თოვლი იშვიათად მოდის, ამიტომ თბილისელებისთვის ზამთარი თოვლთან სულაც არ ასოცირდება. აღსანიშნავია, რომ სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

სინოპტიკოსების ვარაუდით დედაქალქში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცეს. რაც შეეხება ამინდის გაუარესებით გამოწვეულ საფრთხეებს, სპეციალისტების განმარტებით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი.

„მომდევნო დღეებში საქართველოში რთული და ზოგჯერ, ზოგან საშიში მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი. არსებულ ნალექიანობას 13 იანვრის დილიდან დაემატება საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები, რომლებიც უხვ ნალექსა და ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევენ.

13-ში დილით დასავლეთის ქარი იქროლებს კოლხეთის დაბლობზე და იქნება ძლიერი ნალექი, რომელმაც დასავლეთ საქართველოში შესაძლოა მდინარეების ადიდება გამოიწვიოს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა თოვლში გადავა.

მაღალ მთაში თოვლის საფარი 1 მეტრს გადააჭარბებს. თბილისში იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. შემოჭრილი ჰაერის მასები იმდენად გადააციებს ატმოსფეროს, რომ დედაქალაქში ტემპერატურის მგრძნობილობა (ქარის გამო) 14 იანვრის დილას -13 გრადუსი, ხოლო სამხრეთ საქართველოში (მაგ:დმანისი) -15 გრადუსი იქნება. ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი. ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობის საფრთხე და მეწყერი“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.