სასარგებლო მცენარეული კულტურები

ისპანახი

19 ივლ, 2023

შესავალი

ისპანახი (Spinacia oleracea) ჯიჯლაყასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, ყინვა-გამძლე ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ისპანახი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, მისი თესვა კი შესაძლებელია ადრე გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზოგ რეგიონში, ზამთარშიც კი.

ისპანახის კომერციული წარმოებით დაკავებული ფერმერები ისპანახის თესლს პირდაპირ ნიადაგში თესავენ (ძირითადად ჰიბრიდებს). თესლის გაღივების შემდგომ ხდება მცენარეების გამოხშირვა, რათა გაუმჯობესდეს აერაცია და გამოიყოს რიგები. რეკომენდირებულია სასუქების შეტანა, სპრინკლერით მორწყვა და მავნებლებისგან დაცვა. მოსავლის აღების დრო დამოკიდებულია ისპანახის წარმოების მიზნობრიობაზე. ცოცხალი პროდუქტის ბაზრისთვის წარმოებისას, ისპანახის მოსავლის აღება ხდება დათესვიდან 40- 55 დღის შემდეგ. რაც შეეხება გადამუშავებისთვის საჭირო პროდუქტის წარმოებას, მოსავლის აღება ხდება დათესვიდან 60-80 დღის შემდგომ.

 

ნიადაგი

ისპანახი კარგად ვითარდება სუსტ ნიადაგებში, თუმცა ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდირებულია ორგანული ნივთიერებებით მდიდარ მიწებში თესვა. როგორც წესი, ნიადაგის ტიპი და რეაქცია (pH) ნაკლებად ზღუდავს ისპანახის ზრდა-განვითარებას. მიუხედავად ამისა, ისპანახის ოპტიმალური ზრდა-განვითარებისთვის რეკომენდირებულია ქვიშნარი ნიადაგები, pH მაჩვენებლით 6.5-6.8.

ფოსფორის სერიოზული დეფიციტის შემთხვევაში, მიზანშეწონილია დათესვამდე რამდენიმე დღით ადრე 50კგ P2O5-ის შეტანა ჰექტარზე. აუცილებელია დათესვამდე ნიადაგის ანალიზის ჩატარება და განოყიერების გეგმის შესაბამისი შედგენა. ფერმერებს თესვამდე ასევე ხშირად შეაქვთ გადამწვარი ნაკელი, აზოტის მაჩვნებლის აღსადგენად.

 

 

 

წყალი

ისპანახის მცენარეს შედარებით ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც ღრმა ფენებში არ ვითარდება. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია წყლის დაბალი რაოდენობით მიწოდება, მაგრამ ხშირ-ხშირად. მცენარის ზრდა-განვითარებისას ნიადაგი უნდა იყოს მუდმივად ნესტიან მდგომარეობაში. მაღალი ტემპერატურის პირობებში, მისი გენეტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ისპანახს ახასიათებს ზრდა- განვითარებისთვის საჭირო ენერგიის თესლის წარმოქმნაში გადატანა. შესაბამისად, ფოთლისა და მწვანე მასის მაგივრად ხდება თესლის წარმოშობა. მსგავსი პროდუქტის ბაზარზე გატანა შეუძლებელია.

ძირითად შემთხვევებში, ისპანახი საჭიროებს კვირაში 3-4-ჯერ მორწყვას, დათესვიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში. მსოფლიო ისპანახის კომერციული პროდუქციის ნახევარზე მეტი სპრინკლერების მეშვეობით ირწყვება. თუმცა, სპრინკლერების ფართო გამოყენება ხშირ შემთხვევაში სოკოვანი დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რწყვა ჩატარდეს ადრე დილას ან გვიან საღამოს.

 

თესვა

ისპანახს სჭირდება გრილი ამინდი, შესაბამისად მის თესვას ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით იწყებენ. რეგიონებში, სადაც ფიქსირდება შედარებით გრილი გაზაფხული, ისპანახის თესვა შესაძლებელია ყოველ ათ დღეში ერთხელ, გვიან გაზაფხულამდე (შუა მაისი).

კონკრეტული ჯიშიდან გამომდინარე, ისპანახის წარმოება შესაძლებელია 10-21 °C ტემპერატურაზე. ისპანახისთვის საუკეთესოდ მიიჩნევა მზიანი ადგილები, სუსტი დაჩრდილვით და კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგით.

 

უმეტესწილად, ისპანახის თესვა მიმდინარეობს პირდაპირ ნიადაგში, ტრაქტორით, სათესი აგრეგატების გამოყენებით. პირდაპირ ნიადაგში თესვისას, ხდება რიგებად თესვა. თესვის სიღრმე 1-3 სმ. უწყვეტი წარმოებისთვის შესაძლებელია თესვა ყოველ 10-15 დღეში.

 

ძლიერი ზრდა-განვითარებისთვის და მოსავლიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად, რეკომენდირებულია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

– თესვის ნორმა: 20-30კგ თესლი ჰა-ზე.

– თესლის გაღივებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 5-20 °C.

– ისპანახის თესლისთვის საჭიროა თესვა 1-3სმ სიღრმეზე.

– დაშორება რიგებს შორის: 20-30სმ, მცენარეებს შორის: 7-15სმ.

– თესვის შემდგომ აუცილებელია მორწყვა.

– შესაძლებელია შერეული მეურნეობის წარმოებაც. ისპანახთან კარგი თანაარსებობა ახასიათებს ყვავილოვან კომბოსტოს, ხახვს და ნიახურს.

– აუცილებელია გამოხშირვა, რათა გაუმჯობესდეს აერაცია და მცენარეს ჰქონდეს შესაბამისი კვების არე.

– რეგულარული, მაგრამ არა ჭარბი მორწყვა, უზრუნველყოფს ნიადაგის მუდმივ სინესტეს.

– აუცილებელია სარეველების შესაბამისი კონტროლი. სარეველები წარმოადგენს დიდ საფრთხეს ისპანახისთვის, ვინაიდან ის საკვებ ელემენტებს ითვისებს, აუარესებს აერაციას (რაც სასარგებლო გარემოს ქმნის სოკოვანი დაავადებების განვითარებისთვის) და წარმოადგენს მავნებლების ბუდეს.

 

კვება

ისპანახი მოსავალს მოგვცემს შედარებით ღარიბ ნიადაგებზე, თუმცა საუკეთესო შედეგს იძლევა საკვები ელემენტებით მდიდარ ნიადაგებში. ფერმერების დიდ ნაწილს თესვამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიადაგში კომპოსტის და ფოსფორიანი სასუქის ნარევი შეაქვს.

ისპანახის წარმოებისას რეკომენდირებულია ფერტიგაციის წარმოება. ფერტიგაცია გულისხმობს წყალში ხსნადი სასუქის გაშვებას სარწყავი სისტემის მეშვეობით. ამ გზით, შესაძლებელია მცენარის გამოკვება და მორწყვა ერთდროულად, რაც ხარჯებს მკვეთრად ამცირებს.

ისპანახის უმთავრეს პროდუქტს მისი ფოთოლი წარმოადგენს. შესაბამისად, ფოთლის ზომის მაქსიმალური ზომის მისაღებად, ფერმერებს ხშირად შეაქვთ აზოტოვანი და ფოსფოროვანი სასუქი მცენარის ზრდა-განვითარების სხვადასხვა პერიოდში. ისპანახის მოთხოვნა აზოტის მიმართ არის დაახლოებით 70-80კგ ჰექტარზე. მისაღებია ამონიუმის ნიტრატის შეტანა (NPK 20-0-0), 50კგ ჰა-ზე.

გაითვალისწინეთ, რომ სასუქის რეკომენდაციები არის მხოლოდ ზოგადი და აუცილებელია კონკრეტული ნიადაგის თვისებების გათვალისწინება. აუცილებლად ჩაატარეთ ნიდაგის ანალიზი და იმოქმედეთ შესაბამისად.

 

 

 

მოსავლის აღება

მოსავლის აღების ვადები დამოკიდებულია ისპანახის მიზნობრიობაზე. ცოცხალი პროდუქტის წარმოებისას, მოსავლის აღება ხდება 38-55 დღეში თესვიდან. ხოლო გადამუშავებისთვის საჭირო პროდუქტის წარმოებისას, მოსავალს იღებენ თესვიდან 60-80 დღეში.

ისპანახის მოსავლის აღება ხდება სპეციალური ჰარვესტერებით – მოსავლის ამღები აგრეგატებით, რომელიც ტრაქტორზე ყენდება. მსგავსი აგრეგატი მცენარეს მთლიანად იღებს მიწიდან, ან გარკვეულ სიმაღლეზე ჭრის, დარჩენილი მცენარე ახდენს რეგენერაციას, რის შედეგადაც შესაძლებელია მოსავლის ხელმეორედ აღება.

მოსავლის ხელით აღების შემთხვევაში, გამოიყენება ბაღის სპეციალური მაკრატელი. ფერმერს შეუძლია მიწიდან მთლიანი მცენარე ამოიღოს, ან მოჭრას ფოთლების გარკვეული ნაწილი, რათა მოახდინოს მცენარის რეგენერაციის სტიმულირება. მსგავსი მეთოდით ხელმძღვანელობისას, შესაძლებელია მოსავლის ხელმეორედ აღება რამდენიმე კვირაში. გამოცდილი ფერმერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ისპანახის მოსავლის აღების საუკეთესო პერიოდია ადრეული დილა.

ისპანახის საშუალო მოსავლიანობა 20-30 ტონაა ჰექტარზე. თუმცა, ასეთი უხვი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მცენარისთვის ოპტიმალური ზრდა-განვითარების პირობების შექმნით, შესაბამისი გამოკვებით, ირიგაციით და მავნებელ-დაავადებებისგან დაცვით. ისპანახის მცენარის მოსავლად მხოლოდ ნაწილის აღებით, ხოლო დარჩენილი ნაწილის რეგენერაციისთვის დატოვებით, შესაძლებელია 10-15 ტონა მოსავლის აღება თითო ჯერზე, მაქსიმუმ 3-ჯერ.