სვანური ლეგენდები

სვანეთი რომ ულამაზესი კუთხეა ყველამ ვიცით. მას ალამაზებს არამხოლოდ ბუნება, მთები, ტბები, მდინარეები და მდელოები, არამედ კულტურა, ტრადიციები, ხალხი, ისტორია, ლიტერატურა, არქიტექტურა, კოშკები და ლეგენდები. სვანეთი უნიკალური ლეგენდების მხარეა. როცა იქ ჩასული სტუმარი სვანურ ლეგენდებს ისმენს ერთბაშად მასში იძირება, ემოციები უასმაგდება და ცხოვრების ბოლომდე მიყვება ის შთაბეჭდილებები, რაც სვანეთში მიიღო. დამატყვევებელი მხარეა სვანეთი.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ სვანურ ლეგენდებს, რომლებიც თქვენს ფიქრებს დაატყვევებს და ერთიანად წარმოგიდგენთ ლეგენდის სიცხადეს. ასეა, ყველა ლეგენდასა თუ გადმოცემაში შეიძლება რაღაც ჭეშმარიტების დანახვაც.

ლეგენდა სიყვარულის კოშკზე

უხსოვარი დროიდან, სვანეთში, სოფელ კალაში კვირიკობას აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს და თავდავიწყებით შეჰყვარებიათ.გოგოს, რომელიც მზეთუნახავივით ლამაზი იყო მიაგული ერქვა, სოფ. იფარიდან ყოფილა. დედით ობოლი მამას სალოცავად ჰყავდა.ბიჭი სოფელ კალის მკვიდრი იყო. ოტია მარგველანს, იგივე ბეშქენს ვაჟკაცობას უქებდნენ, კარგი მონადირეც ყოფილა. ჰოდა, ეს ვაჟკაცი, ამ ულამაზესი ქალის სიყვარულმა მოდრიკა, არადა ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე.სიყვარულით შეპყრობილები ერთმანეთს აქ, ამ მდინარესთან ხვდებოდნენ ჩუმად.კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ნაჩ­ვევ მი­რან­გუ­ლას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შეჰ­ყვა­რე­ბია ბეშ­ქე­ნი, მო­წო­ლი­ლი გრძნო­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო ემო­ცი­ე­ბი ვერ და­მა­ლა გო­გო­ნამ, რაც მა­მა­მის­მა შე­ნიშ­ნა და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას შვილს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ზე­ზი ჰკი­თხა. მი­რან­გუ­ლას არ და­უ­მა­ლავს მა­მის­თვის ბეშ­ქე­ნის მი­მართ თა­ვი­სი გრძნო­ბა და თან და­უ­მა­ტე­ბია ან ბეშ­ქე­ნის ცოლი გავ­ხდე­ბი ან არა­ვი­სიო.მამა გა­და­რე­უ­ლა, ბეშ­ქე­ნი ცო­ლი­ა­ნი კა­ცი­აო, არ შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დე­სო. შვი­ლი ისე გა­ჯი­უტ­და, ისე იყო სიყ­ვა­რუ­ლით შე­პყრო­ბი­ლი ბეშ­ქე­ნის გარ­და არა­ფე­რი უნ­დო­და. მამა გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, გა­და­უ­წყვე­ტია, ჩემი შვი­ლის გო­ნე­ბის არე­ვის­თვის უნდა დავ­სა­ჯო ბეშ­ქე­ნიო და მის მო­საკ­ლა­ვად წა­სუ­ლა.მინ­დორ­ში და­ჩო­ქილ­სა და თავ­დახ­რილს დას­დგო­მია მი­რან­გუ­ლას მამა ბეშ­ქენს. ზურ­გი­დან ხან­ჯლის და­ცე­მა არ იყო ვაჟ­კა­ცუ­რი ქცე­ვა, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის რჩე­ულს წა­მოდ­გო­მა და შებ­რძო­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა გან­რის­ხე­ბულ­მა კაც­მა. ბეშ­ქენს თავი აუ­წე­ვია და უთ­ქვამს, შე­მომ­ხე­დე, მეც ზუს­ტად იმ დღე­ში ვარ, რაც შენს ქა­ლიშ­ვილს სჭირს, მეც მიყ­ვარს მი­რან­გუ­ლა და მე მას­ზე მე­ტად ვი­ტან­ჯე­ბიო.აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი კა­ცის ნახ­ვის შემ­დეგ, მი­რან­გუ­ლას მა­მას ბეშ­ქე­ნის დას­ჯის გან­ზრახ­ვა­ზე ხელი აუ­ღია. ბეშ­ქე­ნი კი თა­ვის ტკი­ვილ­თან ერ­თად მთა­ში წა­სუ­ლა სა­ნა­დი­როდ, რო­მე­ლიც მის­ნა­ი­რი ვაჟ­კა­ცის­თვი­საც კი სა­ში­ში იყო. შე­დე­გად, მიჯ­ნუ­რის მა­მის ნაც­ვლად ბუ­ნე­ბას და­უს­ჯია საბ­რა­ლო ბეშ­ქე­ნი – ყი­ნულ­ზე დას­ცუ­რე­ბია ფეხი, გა­და­ჩე­ხი­ლა ხრამ­ში და მომ­კვდა­რა. ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ, ბეშ­ქე­ნის თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ცოლი და­რი­ნა ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გი­ლას მი­სუ­ლა და თავი მო­უკ­ლავს.ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.იმ დღის შემდეგ ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია მიაგულს.სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს იჯდა და მწარედ მოსთქვამდა თურმე.მამას შებრალებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია.მიაგული, ამ კოშკში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა.

ლეგენდა აკრძალულ სიყვარულზე (უშბა და თეთნულდი)

იყო ერთი მზის ასული, რომელიც სილამაზით მთელ ცის სამყაროში იყო განთქმული. მზის ასულმა დედა-მზეს სთხოვა, რაც კი სადმე ყველაზე ლამაზი ადგილი გეგულება იქ წამიყვანეო. დედა-მზემ მოხვია ასულს ხელი და რაც თავის სამფლობელოში ყველაზე ლამაზი ადგილი იყო იქ დასვა მწვანედ მობიბინე მინდორზე შიხრაში, მდინარე დოლრას ხეობაში. მზის ასულს ისე მოეწონა გარემო, რომ გადაწყვიტა სამუდამოდ აქ დარჩენილიყო. აუყვებოდა აღმა მდინარეს, მოჩუხჩუხე ნაკადულებს, ხარბად ისუნთქავდა მთის ჰაერს, ტკბებოდა მდინარეების, ტყეების, მთებისა და მდელოების სილამაზით. ერთხელ ისე გაერთო ბუნების სილამაზითა და მისი თვალიერებით, რომ კარგა მანძილით მოშორდა შიხრას ველებს და დაღლილს მიეძინა ლაღამში. როცა თვალი გაახილა მისდა გასაოცრად წინ პირმშვენიერი ჭაბუკი ედგა. მოკლული ჯიხვი იქვე, მურყვამის შესასვლელთან დაეგდო, თვითონ კი მშობლიურ კუთხეს გასცქეროდა. როცა ასულს შეხედა თავადაც განცვიფრდა: მისი კუთხე ლამაზი ქალებით განთქმული კი იყო, მაგრამ ასეთი მშვენიერი ასული არასოდეს ენახა. სვან ჭაბუკს და მზის ასულს პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ ჭაბუკი დანაღვლიანდა, მას ხომ უფლება არ ჰქონდა მხოლოდ თავის თავზე ეფიქრა, ობოლი და-ძმისთვის უნდა მიეხედა. გაანდო თავისი წუხილი მზის ასულს, მან კი ჭაბუკის და-ძმა საკუთარი და-ძმასავით მიიღო და აღუთქვა, რომ ერთად იზრუნებდნენ და-ძმებზე. ბედნიერმა ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა და ის იყო მურყვამში უნდა შეეყვანა, რომ სწორედ ამ დროს დედა-მზემ გადმოხედა ლაღამს.  როცა თავისი ასული დაინახა მაშინვე მიხვდა, თუ რას გამოხატავდა ქალწულისა და ჭაბუკის ბედნიერი სახეები. განრისხდა დედა-მზე. იდუმალი გრძნებით აღსავსე ლოცვა წარმოსთქვა და ავი სულები მოუვლინა ლაღამს. გონება დაუხშეს პირმშვენიერ ჭაბუკს და გზა აუბნიეს ავმა სულებმა. ჭაბუკს ელანდებოდა თითქოს ვიღაც მოსდევდა. სად გაქრა მისი ნაქები ვაჟკაცობა და გაბედულება? მუხლები უკანკალებდა და უგზო-უკვლოდ გარბოდა. ახლა აღარც მზის ულამაზესი ასული ახსოვდა და აღარც ობოლო და-ძმა აგონდებოდა. ჭაბუკი მდინარის აყოლებით მირბოდა თავზარდაცემული. ასე მიაღწია იმ ადგილამდე, სადაც მუდმივი თოვლის სამეუფოა. აქ თოვლითა და ყინულით დაფარულ ადგილებში ძალა გამოელია და ყინულში ჩაეფლო. გრძნობდა, როგორ უცივდებოდა სხეული, როგორ ახრჩობდა მოძალებული თოვლი. უკანასკნელ ჟამს შეძლო წამოწევა და სწორედ ამ მდგომარეობაში მოუსწრო სიკვდილმა. მაგრამ დედა-მზეს უნდოდა უფრო სასტიკად მოქცეოდა მას. კვლავ წარმოთქვა გრძნებით აღსავსე ლოცვა და გონება შეუნარჩუნა ჭაბუკს. შემდეგ უკვე ქვად და კლდედ ქცეული ჭაბუკი თანდათან გაიზარდა, ირგვლივ აღმართულ მთებზე ამაღლდა და ასე გაირინდა სამუდამოდ. ახლა იგი შორიდან უმზერდა მშობლიურ კუთხეს და გონებაშერჩენილი საშინელ წამებას განიცდიდა.

დედა-მზის გულისწყრომა თანდათანობით დაცხრა. იგი კმაყოფილი ბრუნდებოდა იქ, სადაც თავისი ასული დატოვა, მაგრამ განცვიფრდა, როდესაც იქ აღარ დახვდა. ამაოდ ეძებდა ერთადერთ ასულს. მთვარე გულისტკივილით მისჩერებოდა, როგორ უსწორდებოდა მზე პირმშვენიერ ჭაბუკს მგზნებარე სიყვარულის გამო. მან ხომ ნებით იკისრა ჭაბუკის მფარველობა და ყოველთვის თან სდევდა ხოლმე. მასაც შესწევდა უნარი გრძნეულ ლოცვათა წყალობით საოცრებანი აღესრულებინა, მაგრამ მზე მასზე ძლიერი იყო და არ შეეძლო წინ აღდგომოდა მის ნებას. მაშინ მთვარემ მწუხარებისგან გულდამძიმებული მზის ასული ცაში აიტაცა და უკვე მთად ქცეული ჭაბუკის პირდაპირ დაასახლა. მთვარეს ეგონა, მზის ასული აქ იცხოვრებდა სამუდამოდ და ჭაბუკის მზერით დატკბებოდა, მაგრამ მთვარემ ხომ არ იცოდა, რა სათუთი გულის იყო მზის ასული. მან ვერ გაუძლო ამდენ მწუხარებას და შეიცნო თუ არა მაღლა ატყორცნილ მთაში თავისი სიყვარული, უკანასკნელად ამოისუნთქა და სული განუტევა. მაშინ მთვარემ კვლავ წარმოთქვა გრძნეული ლოცვა და ულამაზესი ასული ულამაზეს მთად იქცა.

ამ დროიდან უცქერიან ერთმანეთს ულამაზესი, მშვიდი მზის ასული და ამაყი, გოროზი, მშფოთვარე და მოუსვენარი, მიუდგომელ მწვერვალად ქცეული პირმშვენიერი ჭაბუკი. მზე ხვდება, რომ სამუდამოდ მაინც ვერ დააშორა ისინი ერთმანეთს. იგი ვერ იტანს მთები რომ ერთმანეთის მზერით ტკბებიან. ხშირად ჩამოიბურება, ღრუბლებს, ქარსა და ხოშკაკალას მიაყრის ჭაბუკს. მაშინ შფოთავს მთა, ბორგავს, ცდილობს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს და მზის ასულიც იხსნას, მაგრამ გრძნეული ლოცვანი ძალას არ კარგავენ და მთაც იძულებულია ღრუბელთა გადაყრას დაელოდოს. მშვიდ, ლამაზ და ამპარტავან მთად ქცეულ მზის ასულს თეთნულდი შეარქვეს სვანებმა, სვანეთის პატარძალი. მისი სილამაზით დატყვევებულ გოროზსა და მიუდგომელ მთად ქცეულ პირმშვენიერ ჭაბუკს კი უშბას ეძახიან სვანები. შორიდან ემალებიან ერთმანეთს. ზოგჯერ თეთნულდი დაიმორცხვებს და ღრუბლებში გაეხვევა. ზოგჯერ უშბა მოიღუშება და ღრუბლებს შემოიკრებს. ამბობენ, როცა ორივე მთა უღრუბლოა იმ დღეს მათი ბედნიერი შეხვედრის დღეაო. ბევრისთვის ეს წარმატებული დღის მომასწავებელია.

ბეთქილის მჟავე წყალი მესტიაში

ლეგენდა ბეთქილზე

მამაცი მეთხვიარი, ანუ მონადირე, ნადირთა ქალღმერთ დალს უყვარდა. მან საუკუნო ერთგულების ნიშნად თავისი მძივი უსახსოვრა ვაჟკაცს, მაგრამ ბეთქილმა მიცემული სიტყვა გატეხა და დალის ნაჩუქარი მძივი თავის საცოლეს ჩამოჰკიდა ყელზე.

ერთ დღესაც, როდესაც ახალგაზრდობას თავი სოფლის მოედანზე მოეყარა, ბეთქილიც მათ შორის იყო, მღეროდნენ და ფერხულს უვლიდნენ, უეცრად მოცეკვავეთა წრეში თეთრი შუნი შევარდა, ხალხს ლაჯებში გაუძვრა და გაუჩინარდა. მსგავსი რამ არავის სმენოდა, მოხუცებმა უმალ თქვეს – ან დიდ სიხარულს მოიტანს, ან დიდ უბედურებასო. ხალხი შეჩოჩქოლდა. შუნს ვინმე უნდა გაჰკიდებოდა, მაგრამ ვინ იქნებოდა ასეთი გულადი, თუ არა ბეთქილ?!

მონადირეს პაჭიჭები ჩაუსწორებია, თოფისთვის დაუვლია ხელი და უკან გაჰყოლია თეთრი შუნის კვალს. კვალს შავ კლდეებში შეუტყუებია ბეთქილი, შავ კდეებში – დალის სამფლობელოში. და უეცრად ქალღმერთი დალი გამოცხადებია დაბნეულ ბეთქილს. თავისი ნაჩუქარი მძივი მოუკითხავს, აბა საიდან მოიტანდა ბეთქილი დალისაგან მოძებნილ ქარვის ყელსაბამს?

იცრუა თურმე – სასთუმალქვეშ დამრჩაო. მაგრამ დალის ვერარას გამოაპარებდა ბეთქილი…

– შენ რომ სიმართლეს ამბობ, იმ სიმართლით იარეო – უთქვამს თვალზე ცრემლმომდგარ დალს ბეთქილისთვის და გაუჩინარებულა.

სიბნელე ჩამოწოლილა. ბეთქილს შავ კლდეზე ფეხის დასადგმელი ადგილი ჩაუშვავდა. მამაცი მონადირე ცალი ფეხით და ცალი ხელით გადმოეკიდა ქარაფებზე.

მეორე დღეს ხალხი შეიყარა ქარაფებთან. ცდილობდნენ მონადირის კლდიდან მოსხნას, მაგრამ იქ აბღატებას ვიღა გაბედავდა? ვიღა შეძლებდა ქარაფებს გადავლებოდა?

ბეთქილმა მხნეობა მოიკრიბა და ომახიანად გადასძახა შეკრებილთ:

– ჩემმა საცოლემ იცეკვოს, უკანასკნელად მინდა ვნახო მისი გოგმანიო.

წრე გაიშალა და მონადირის საცოლემ რონინით ჩამოუარა მოედანს.

ისევ დაიძახა ბეთქილმა:

– ახლა ჩემმა დაიამ მიტიროს, მინდა უკანასკნელად გავიგონო მისი ხმაო.

მოედნის შუაში, კლდის ნაშალ ლოდზე ციცქნა გოგო ჩამოჯდა და მოთქმა დაიწყო.

– ახლა კი მთელმა სოფელმა იცეკვოს, მთელი სოფლის ცეკვას მინდა ვუყუროო. – დაიძახა ბეთქილმა.

ხალხმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა. წრე შეკრა და შინავორგილი ჩამოუარა, თეთრი ნაბდისქუდიანები ერთურთს გადაჭდობილნი სვანური მურყვამებივით მოჩანდნენ, ტორტმანებდნენ, ირწეოდნენ, ბუბუნებდნენ…

– ჰე…ჰე… ჰეეიიი… დაიძახა ბოლოს ბეთქილმა ომახიანად. მთებმა მისი ხმა ჭიუხებსა და ქარაფებში დაკარგეს. თავად კი კლდეებს გადმოევლო. მონადირის სისხლით შეიღებაო თურმე უშბის ციცაბოები. იმ ადგილს, სადაც ბეთქილი დაენარცხა, “წითელ ქარაფს” ეძახიანო.

მას მერე დიდხანს, ვერავინ შეძლო უშბასთან ჭიდილი. და ძალიან დიდხანს, ქაჯ-ეშმაკების საბუდარსაც უწოდებდნენ უშბას.

ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიის (სვან. თარინგზელ – მთავარანგელოზი) ჩრდ. ფასადი XIV-XV სს. მოხატულობით. სცენა მოსე ხონელის “ამირანდარეჯანიანიდან”.
მარჯვნიდან მარცხნივ: დგანან მეომრები ამირანის ძმები უსუბი, სეფედავლა და ბადრი. შემდეგ მოდის თავად ამირანი, რომელიც ხმლით თავის არეში განგმირავს დევს.

ლეგენდა ამირანზე

ლეგენდის თანახმად ამირანი გახლდათ ნადირობის ქალღმერთის — ოქროსთმიანი დალის შვილი. დალის ქალღმერთობისთვის უღალატია და მოკვდავი დარჯალანი შეჰყვარებია. მამაც მონადირეს საოცრად ეჭვიანი და ბოროტი ცოლი ჰყავდა. მან ადვილად მიაგნო შეყვარებულების ადგილსამყოფელს, მძინარ ქალს ჩუმად მიეპარა და ოქროს ნაწნავები ძირში წააჭრა. ცოლზე გაბრაზებული დარჯალანი შინ დაბრუნდა და მას მერე ქალღმერთთან არც გამოჩენილა. დალი მონადირისგან ფეხმძიმედ დარჩა. თმის დაკარგვასთან ერთად ძალაც დაკარგოდა და მშობიარობის უნარი არ შესწევდა. ქალის კივილი კეთილ მონადირე სულკალმახს გაუგია და მის დასახმარებლად წასულა. დალიმ მონადირეს თავისი ამბავი მოუყვა და სთხოვა: მისთვის ალმასის დანით მუცელი გაეჭრა და ბავშვი ამოეყვანა. თუ ვაჟი იქნებოდა ამირანი დაერქვა. ბავშვს მუცლიდან ამოყვანის შემდეგ სამი თვე დეკეულის მუცელში უნდა გაეტარებინა, ხოლო სამი თვე კუროს ფაშვში. ამის შემდეგ მონადირეს ჩვილი ოქროს აკვანში უნდა ჩაეწვინა და აკვანი იამანის წყაროზე დაედგა. იქ მისი მომნათლავი გამოივლიდა და ბავშვს მონათლავდა. ქალღმერთმა სულკალმახს ისიც გაუნდო, რომ მისი შვილი გმირი გამოვიდოდა. შეწუხებული მონადირე თავიდან უარზე იდგა, თუმცა ქალღმერთმა მაინც მოახერხა მისი დათანხმება. ქალს მზის მსგავსი ვაჟი ეყოლა, რომელსაც დედის თხოვნით ამირანი ეწოდა. სულკალმახმა დანაბარები შეასრულა და ამირანი ოქროს აკვნით დატოვა იამანის წყაროზე. ყველა გამვლელი ეკითხებოდა ვაჟს მისი მშობლებისა და მომნათლავის შესახებ, ამირანი კი პასუხობდა, რომ დედ-მამის ვინაობა არ იცოდა, ხოლო მისი ნათლია თვითონ ღმერთი იყო. ამ დროს ღმერთს ჩაუვლია წყაროზე და მასაც იგივე უკითხავს ამირანისთვის. პასუხის მოსმენის მერე ღმერთმა მართლაც მონათლა ამირანი და დაქანებული ზვავის შეუდრეკელობა, თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე, მგლის მუხლი, ბავშვობაში სისაწყლე და სიბეჩავე, ვაჟკაცობაში ომი და ჭირსახადი დაანათლა. უბოძა მას ალმასის ხანჯალი და დაუბარა, რომ იგი მხოლოდ უკიდურეს გაჭირვების დროს გამოეყენებინა. შემდეგ დალოცა და უთხრა, რომ მისი მომრევი ქვეყნად არავინ იქნებოდა. ამირანი იამანმა იშვილა და თავის ორ ვაჟს ბადრისა და უსიპის უძმო. ვაჟები მალე დაობლდნენ ხოლო მათი სახლ-კარი დევებმა დაიპყრეს. უპატრონოდ დარჩენილი ძმები უაღრეს გაჭირვებაში გაიზარდნენ. ამირანმა მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა: გაათავისუფლა მზე დევ-ვეშაპის მუცლიდან, მოკლა ბაყბაყ დევი, დახოცა გველეშაპები, მიწასთან გაასწორა ცხრა ძმა დევების სამეფო. მან ზეციდან ჩამოიყვანა თავის საცოლე- ღრუბელთა მბრძანებლის ასული ყამარი, მოკლა ავი სული ქალ-ხარი. ბოლოს გმირმა ღმერთის დამარცხება გადაწყვიტა, რისთვისაც ღმერთმა ის სასტიკად დასაჯა და კავკასიის ქედზე სამუდამოდ მიაჯაჭვა.

დევის ნაშენი

უშგულელმა მონადირემ მოკლა დევი. დევის შვილმა გადაწყვიტა შურისძიება და ამ მხარის დატბორვა განიზრახა ისე, რომ უშგულში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია წყალში დაეხრჩო. კალას თემიდან უშგულისაკენ მიმავალ კლდოვან გზას მდინარე ენგური მიუყვება. დევის შვილმა გადაწყვიტა კალასა და ენგურს შორის თვალუწვდენელი კლდის აღმართვა, რათა დაგუბებულ ენგურს უშგული და ლამარია დაეტბორა. მისმა განზრახვამ სვანური ღვთაებები ლაგურკა და ფუსნაბუასადი განარისხა, მათ უშგულის გადარჩენა და დევის ჩანაფიქრისათვის ხელის შეეშლა გადაწყვიტეს. უშგულის გადასარჩენად ღვთაებებმა თავისი საყვარელი ჯადოსნური ქმნილებები იხმეს. კვირიკემ კალას მხრიდან კლდის გასანგრევად თავისი ერთადერთი ვაცი გამოგზავნა, ხოლო უშგულიდან კლდეს ფუსნაბუასადის უძლეველი ვერძი გაანგრევდა რქებით. ჩანაფიქრის აღსრულების დღეს დევმა შეიტყო ღვთაებათა განზრახვები და კოკისპირუილი წვიმა დაუშვა უშგულში, ადიდებული ენგური ნელ-ნელა ტბორავდა სოფელს, ვაცი და ვერძი კი ამაოდ ცდილობდნენ კლდის განგრევას. კლდესთან ჭიდილში ნაპერწკლებს ყრიდნენ ჯადოსნური არსებების რქები, კლდიდან ჩამოცვენილი ქვები სხეულს უსერავდა თავგანწირულ ვაცსა და ვერძს. საბოლოო გაბრძოლების დროს დაიგრგვინა უზარმზარმა კლდემ და ორად გაიპო, გამოხეთქილმა მდინარემ შეიწირა უშგულელების სიცოცხლისთვის მებრძოლი არსებები. უშგული და ლამარია კი გადარჩა!

უშგული ძველად და ახლა. ფოტოზე: ზედა მარცხენა კუთხეში თამარის კოშკები.

მეფე თამარი

გადმოცემით, სვანეთი თამარ დედოფლის საყვარელი სამყოფი ყოფილა. იმ დროს, რომელსაც სვანები “თამარობ”-ს (თამარობა) ეძახიან, სვანეთი ეკონომიკურად აყვავებული იყო. თურმე თამარს აუგია უშგულის ღვთისმშობლის, კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერი, წმინდა გიორგი იფარისა და მესტიისა, მთავარანგელოზი მუჟალისა და წინასწარმეტყველ იოანეს (იენაშ) ეკლესია ლატალში და ყველა ხატ-ჯვრებითა თუ სხვა სამკაულით შეუმკია. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარ დედოფალს ცხოვრების უმეტესი ნაწილი სვანეთში გაუტარებია, უშგულელები დღესაც დაბეჯითებით უჩვენებენ თამარ დედოფლის საზაფხულო და საზამთრო სადგომებს. საზამთრო საცხოვრებელი აშენებულია გორაზე. ქვის გალავანში ოთხი კოშკი ყოფილა ჩატანებული, იქვე მდგარა პატარა ეკლესიაც. საზაფხულო რეზიდენციას კი ნამდვილად სტრატეგიული და პოეტური ადგილი უჭირავს. იგი დგას ლენკვერის მთაზე. აქედან ჩანს უშგულში შემომავალი ყოველი ბილიკი. კოშკს ერტყმის ოთხივ კუთხით კოშკებით დამშვენებული ქვის გალავანი, ეზოში დგას მცირე ეკლესია. უშგულისავე ეკლესიაში ხალხი აჩვენებს თამარის ტანისამოსს. “ხუთი წლის წინათ ჩვენ ვნახეთ აქ ზანდუკში შენახული ერთი წყვილი ქალის ტანისამოსი, რომელთაგან იყვნენ ყანაოზის (ერთგვარი აბრეშუმის ქსოვილი), პერანგი და წითელი ხავერდის ქათიბი (ქალის ზედა ტანსაცმელი, ბეწვშემოვლებული). დანარჩენი სულ დაჩრჩილული იყო და დღეს ალბათ ყველა ჩრჩილის მსხვერპლი გახდებოდა” – ამბობენ ისინი. წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერში უჩვენებენ თამარის ნაწნავებსა და ქოშებს. თავისუფალ სვანეთში დარჩენილია ხალხური სიმღერა თამარ დედოფალზე. ფერხულში იმღერიან ამას და ისეთი ახლართულ-ჩახლართული ფეხის ხმარება უნდა, რომ მარტო უშგულელებმა იციან ეს ფერხული.

თქმულება ამბობს, თამარ მეფე როცა სვანეთში ამობრძანდებოდა და ისეთ სოფელში გაივლიდა, სადაც საყდარი არ იყო, იქ უცებ საყდარს აშენებდაო. იმდენი ლაშქარი ახლდა, რომ კირი და სილა ქალებს – ლეჩაქის, კაცებს ყაბალახის ყურში ჰქონდათ გამოკრული და ამით აშენებდა საყდრებსო. ამნაირად აშენებულად არის მიჩნეული ლაშხეთის სოფელ ჩუკულის ეკლესია, რასაც თვით თამარის წარწერა მოწმობს. საყდარს დიდებული ხატები და მხატვრობა ამშვენებს.

სვანების თქმულებით, თამარ მეფეს ორი მერცხალი ჰყავდა: ერთი თეთრი, მეორე შავი. ორივე – ოქროს ყუთში ჩამწყვდეული. როდესაც ქვეყნისათვის წვიმა იყო საჭირო, მაშინ შავ მერცხალს ცას დაანახვებდა და მოვიდოდა ქვეყნის გამაპოხიერებელი მშვიდობიანი წვიმა. როდესაც თეთრ მერცხალს დაანახვებდა ცას, მაშინ კი თოვლი მოვიდოდა. ამიტომაც თეთრ მერცხალს ძვირად თუ დაანახვებდა ცის სინათლეს, რის გამოც თამარის დროს დიდი თოვლი არ მოდიოდა. უშგულელთა თქმით, თამარ დედოფლის საფლავზე, უშგულში, ბევრი ნაძვია და ამიტომ ვერავინ გაიგო, სად მარხია.

ამბობენ, როცა თამარ მეფე სვანეთში მიბრძანდებოდა გზად მის ჯორს კვალი დაუტოვებიაო. დღესაც შეხვდებით სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ხაიშის თემის სოფელს, რომელსაც ჯორკვალი ჰქვია.

ანგელოზის ტბა

ადრე ამ ტბას “მთავარანგელოზის ტბა” ერქვა, ახლა კი “ანგელოზის ტბა” (ჩახის ტბა) შეარქვეს. უცნაურია არა მხოლოდ ის, რომ “ანგელოზის ტბა” ზუსტად საქართველოს რუკის ფორმისაა, არამედ ისიც, რომ ეს ტბაც საქართველოს ტერიტორიებივით პატარავდება – მთხრობელთა თქმით, ის ადრე ბევრად უფრო დიდი ყოფილა. ადგილობრივთა თქმით, ამ ტბასთან შეხება, მასში ბანაობა, ხელ-პირის დაბანა, მითუმეტეს რამის ჩაყრა, თუნდაც კენჭის ჩაგდება არ შეიძლება, რადგან წმინდა ტბად მიიჩნევენ. გადმოცემის მიხედვით იქ საუკუნეების წინ ხატებითა და სიწმინდეებით დატვირთულ ურემი ჩავარდნილა. აკრძალული იყო ტბის სიახლოვეს ბალახის მოთიბვაც, უცნაურია და ტბის ახლოს გამავალ ბილიკებზე მხარზე ჯოხგადებული გავლაც არ შეიძლებოდა. ვინც ამას გარისკავდა, უეჭველად რაიმე ხიფათს გადაეყრებოდა. ან უკეთეს შემთხვევაში, ამ საკრალურ ტბასთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევას საშინელი წვიმა, ჭექა-ქუხილი ან სეტყვა მოჰყვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სვანების ტრადიციული ჩვეულების მიხედვით, ხანგრძლივი გვალვის დროს სხვადასხვა ტბებს წვიმის გამოწვევის მიზნით “წაბილწავდნენ”, ანუ კატას ჩააგდებდნენ და სხვადასხვა სიბინძურეს ჩაყრიდნენ, რაც აუცილებლად კოკისპირულ წვიმას გამოიწვევდა.

დეცე ლახვრა ჭალაადის ყინულვარდნილის ბილიკიდან

დეცე ლახვრა ანუ ცის ფანჯარა

ლეგენდის მიხედვით ზაფხულის ერთ დღეს, თითქოს ცა იხსნება და  ანგელოზი გადადის. თუ ამას ნახავ, სურვილი უნდა ჩაიფიქრო, აუცილებლად აგისრულდება. გამოთქმაცაა სვანეთში, კარგი და დაუჯერებელი რამ რომ დაგემართება, გეტყვიან – „დეცე ლახვრა როქ აჯფეტა“, ანუ ცის ფანჯარა გაპობილა შენთვისო. ძველი სვანები ამბობდნენ, რომ ნახეს ცის გახსნა და ინატრეს – ჩემი ოჯახის არც ერთ შთამომავალს პური არასდროს მოაკლდესო.

ქრისტეეკვაბულ ანუ ქრისტეს ბორცვი

“ქრისტეეკვაბულ” სვანური სიტყვაა და ქართულად ქრისტეს ბორცვს ნიშნავს, სვანეთში ასეთ სახელწოდებას ატარებს სოფელ ჭველიერის მთის მიდამოებში მდებარე ბორცვი, რომელზედაც ქვის მცირე ნაგებობაა აშენებული. ეს ბორცვი დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჭველიერის მაცხოვრებლებისთვის, ქალების მისვლა ამ ტერიტორიაზე აკრძალულია. გადმოცემით ამ ადგილას არსებობდა სალოცავი, სადაც ინახებოდა ოქროს ჯვარი. ჯვარს გაზაფხულიდან შემოდგომამდე ცოლ-ქმარი იცავდა, ხოლო ზამთრის პერიოდში ჯვარი ჩამოჰქონდათ სოფელში, სადაც სპეციალურ სამალავში ინახავდნენ. ერთხელ ჯვრის მოსაპარად უცხოტომელები მოსულან, რომელთაც სვანები “სავიარ”-ად მოიხსენიებენ. თუმცა ცოლ-ქმარს მოხერხებულობით ეს ამბავი სოფელში შეუტყობინებიათ, მცირე დროში სოფლიდან შეიარაღებული სვანები ასულან და მძარცველები ადგილზე მოუკლავთ, “ქრისტეეკვაბულ”-ის მახლობლად არსებობს მცირე ბორცვი, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლები დღესაც “სავიარე ნაშტუხვ”-ს – დახოცილი მომხდურების ნამარხს უწოდებენ. ამ ადგილას მუდამ განსხვავებული ყვავილი ხარობს.

ჯვრის სამყოფელი ამჟამად უცნობია. როდესაც ჯვარი სოფელში ჩამოუტანიათ, ერთი ადგილობრივი მცხოვრები შეამხანაგებულა სხვა სოფლის ყაჩაღთან და მოუპარავთ ჯვარი. დამნაშავე მალევე უპოვნიათ, თუმცა მისი სახლი დამწვარა და თვითონაც დაღუპულა. ჯვარი ერთერთ სოფელში მდებარე ეკლესიაში უნახავთ, თუმცა აქაც საშინელება დატრიალებულა და სოფელი მეწყერს დაუფარავს, ეკლესია კი გადარჩენილა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჯვარი ეკლესიაში არ დახვედრიათ.

ქამმერდე

გადმოცემის მიხედვით სვანეთში ბინადრობდა ცოცხალი არსება, რომელსაც ადგილობრივები ქამმერდეს ეძახდნენ. “ქამ” ნიშნავს – “გარეთ”, “მერდე” – “მყოფს”, ე.ი. გარეთმყოფი ადამიანი. ის ერთ ადგილზე არ იყო დამკვიდრებული, ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, ბუნებასთან შერწყმულია. ბუნების, გარემოს სუნთქვას ჩვენზე კარგად გრძნობს. მისი მოძრაობაც უფრო სწრაფია, ძალდაუტანებელი, სხარტი. ამავე დროს შეუძლია, უცებ გამოჩნდეს და სწრაფადვე გაუჩინარდეს, ანუ მისი შესაძლებლობები ადამიანურობის ფარგლებში ვერ თავსდება. როგორც ამბობდნენ, ქამმერდე თავს ესხმოდა ცოდვილ ადამიანებს. სვანებს სჯეროდათ, რომ ნადირის ან ზებუნებრივი არსების თავდასხმა ადამიანზე, სწორედ მისი ცოდვების გამო ხდებოდა. ერთხელ ერთი სვანი ღამით სახლში ბრუნდებოდა. მას გზაში ქამმერდე გამოეცხადა და თავს დაესხა. ტანსაცმელშემოხეულ და დასისხლიანებულ კაცს სახლში მისვლისთანავე გული წასვლია და ცუდად გამხდარა. მერე ეს კაცი ყვებოდა, ქამმერდემ ხელი რომ წამავლო, პირველი, რაც მითხრა, იყო, – კარგია, ღამე რომ დადიხარ გარეთ, რადგან შენ დღისით გამოსაჩენი პირი არ გაქვსო.

ლეგენდა ჩანგის შესახებ

ერთხელ ომიანობისას მოხუცი მამის წინააღმდეგობის მიუხედავად მისი ერთადერთი ვაჟი საომრად წასულა. წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ლოდინით შეწუხებული მამა თავად გაემართა ბრძოლის ველისკენ, იქნებ დაჭრილი თუ ვერა მკვდარი მაინც ვიპოვო ჩემი ერთადერთი შვილიო. დიდხანს უვლია სანამ ბრძოლის ველს მიადგებოდა. ნაომარი ადგილი გვამებით ყოფილა სავსე. დადიოდა ჩონჩხებსა და მიხრწნილ სხეულებს შორის მოხუცი და შვილის ცხედარს ეძებდა. წელზე შებმული მეწამული ქამრით უცვნია ვაჟის ძვლებდარჩენილი სხეული. მკლავები გვერდზე გადაკეცვოდა და ძარღვები ლარივით გადაჭიმულიყო ერთი ძვლიდან მეორეზე. აუღია მამას მოკლული შვილის მკლავი, ჩამოუსვამს მოკანკალე ხმელი თითები დაჭიმულ ძარღვებზე და ისე გულის მომკვლელი მოთქმით დაუწყია შვილის დატირება, მთები შეზანზარდნენო ირგვლივ. ჩანგის ტანი ახალგაზრდის მკლავია, სიმები – მისი ძარღვები, ხოლო ჩანგის ნაღვლიანი ხმა – მწუხარე მამის ცრემლები. სვანურად ჩანგს „შიმეკვშე“-საც ეძახიან, რაც ნიშნავს „მოტეხილ ხელს“. ეს სახელწოდება აღნიშნულ გადმოცემას უნდა უკავშირდებოდეს. სვანური ჩანგი უძველესი სიმებიანი საკრავია, რომლის არსებობაც დასტურდება ძვ. წ. აღ. IV ატასწლეულიდან. ჩანგი სვანეთში მეტად პოპულარული საკრავია. ჩანგს „მწუხარების“ საკრავად თვლიან.

ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა სვანური ლეგენდების სამყაროში. თუ გსურთ მოისმინოთ უფრო მეტი სულშიჩამოწვდომი ლეგენდა და იმოგზაუროთ ნამდვილი ლეგენდების სამყაროში, მაშინ ეწვიეთ და გაატარეთ ლამაზი დღეები სვანეთში.

მანამდე კი თუ ეს პოსტი მოგეწონა გაუზიარე შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში.

დატოვე კომენტარი