პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

ცხოვრება სიკვდილის შემდეგ–ვინსენტ ვან გოგი

გიჟი, უნიჭო, ავადმყოფი – ეს ის შეფასებებია, რასაც მისივე თანამედროვეები მისთვის ყველაზე ხშირად იმეტებდნენ. დღეს ის მთელს მსოფლიოშია აღიარებული, როგორც გენიალური მხატვარი, ხოლო მისი ნახატები შეუფასებელია. მასზე წერენ, ფილმებს იღებენ, ქმნიან წიგნებს, რომლებსაც შემდეგ  მთელს მსოფლიოში  კითხულობენ. საუბარია ადამიანზე, რომელმაც ცხოვრებაში ერთადეთი ნახატი გაყიდა და რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სიღატაკეში ცხოვრობდა.

ვინსენტ ვილემ ვან გოგმა მისი ნიჭის რეალიზების ადგილი იმპრესიონიზმში ჰპოვა. მას არ უყვარდა აკადემიური და წესების მიმდევარი მხატვრობის სტილი, თავად განსხვავებული ხედვის მქონე კი ამის გამო უამრავ კრიტიკას იტანდა. სწორედ იმპრესიონიზმის თავისუფალ ბუნებაში დაინახა ის სიცოცხლე  და თავისუფლება, რაც მის ნახატებს ახასიათებდა. ვან გოგის  მხატვრულმა მიმდინარეობამ იმდენად გააღრმავა ხელოვნების ეს დარგი, რომ შემდგომში მის შემოქმედებას პოსტიმპრესიონიზმი ეწოდა. ‎

დაიბადა მზიან ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნტერდში, 1853 წლის 30 მარტს. მამა-პროტესტანტი მღვდელი იყო, ხოლო დედა მხატვართა ოჯახის წარმომადგენელი. 16 წლისამ პირველად დაიწყო მუშაობა, ჰააგის სამხატვრო–სავაჭრო ფირმის კომისიონერად, საიდანაც მალე ფირმის ლონდონის ფილეალში გადაიყვანეს, ერთ–ერთი მკვლევარი აღნიშნავს; ,,იმ პერიოდში ვან გოგმა  სურათებით ვაჭრობა კი არა, სურათებზე ფიქრი ისწავლა.“ ლონდონში მასწავლებლად მუშაობის პერიოდში კი შეუყვარდა იმ სახლის მეპატრონის ქალიშვილი, სადაც თავად ცხოვრობდა. გოგონას ირონიულმა უარმა ახალგაზრდა ვინსენტი დეპრესიაში ჩააგდო და სამსახურს მოსწყვიტა. საათობით იკეტებოდა ოთახში, ეწეოდა ჩიბუხს და ხატავდა. უფროდაუფრო მეტს ფიქრობდა რელიგიურ საკითხებზე. ,მე არ ვარ მარტო. ჩემთან არს ღმერთი. მე მინდა გავხდე მღვდელი, ჩემი მამისა და ბაბუის მსგავსად“– წერს იგი ძმას თეოდორ ვან გოგს, ამჟამად უკვე მსოფლიოში გახმაურებულ ,,წერილებში“. საბოლოოდ. როდესაც ქრისტიანობის მსახური გახდა, ბელგიის პატარა ქალაქ ბონიჟაში ჩავიდა და მაღაროელთა მძიმე ხვედრის მქონეთა დამხმარედ იქცა. ნახევარი წლის შემდეგ, ეკლესიის მსახურებმა ის სამსახურიდან დაითხოვეს.მხატვრობის შესწავლით სერიოზულად ამ პერიოდში დაინტერესდა და 1881 წელს ჰააგაში გაემგზავრა, სადაც სწავლა დაიწყო ცნობილ მხატვარ ანტონ მაუვესთან.

მისი ცხოვრება და შემოქმედება იყოფა ორ ძირითად – ჰოლანდიურ და ფრანგულ ეპოქებად.  ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება ამ ორი პერიოდის ნახატები და ასევე წერილები, რომლებსაც რეგულარულად სწერდა ძმას–სურათებით მოვაჭრე, თეოდორ ვან გოგს.

კიდევ ერთი უიღბლო სიყვარულის შემდეგ, მხატვარმა ცოლად შეირთო ორსული მეძავი, იმ იმედით რომ ქალს გამოასწორებდა და მყუდრო ოჯახს შექმნიდა. ეს ნაბიჯი საზოგადოებამ მხატვრის ერთგვარ გამოწვევად მიიღო, რადგან ეს საქციელი საზოგადოებაში მიღებული ყველა წესის ფეხქვეშ გათელვად ითვლებოდა. შემდგომში ის ამ მეძავმა კრისტინამაც მიატოვა.

ვინსენტი პარიზში ჩასვლის შემდეგ გააეცნო ახალ მიმდინარეობა–იმპრესიონიზმს, რამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მასზე. მის ცხოვრებაში დაიწყო მარტობის, ხატვის და ფერების ხანა. ხატავდა განუწყვეტლივ და გაშმაგებით. მოხდა გარესამყაროსგან მისი თითქმის სრული იზოლირება, მაგრამ მუდმივ კონტაქტს არ წყვეტდა ძმასთან, რომელსაც წერილებში დაწვრილებით უყვებოდა ყველა დეტალს და რომელიც მისი არსებობის წყაროს უზრუნველყოფდა. ყველა ცდა წარმატებისა და არაადამიანური შრომის დაფასებისთის კრახით სრულდებოდა. თუმცა იმედი მაინც არ ეკარგებოდა, იმედი რომ გაიყიდებოდა მისი თუნდაც ერთი ნახატი. ეს ოცნება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აუსრულდა, 400 ფრანკად გაიყიდა მისი ნამუშევარი ,,წითელი ვენახი“.

ვინსენტი მიუხედავად მარტოსულობისა მის თანამოაზრე თუ თანამედროვე მხატვრებში გაერია, ერთად დიდ დროს ატარებდნენ, განიხილავდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, მსჯელობდნენ იმპრესიონიზმზე. ვინსენტი განსაკუთრებით პოლ გოგენთან დამეგობრდა, ,,იგი დიდი მხატვარი და ჩინებული მეგობარია“ –ამბობდა მასზე. შემდგომში საცხოვრებლადაც თავის ,,ყვითელ სახლში“ გადაიყვანა და იმედოვნებდა რომ ერთობლივი ძალით  წარმატებას მიაღწევდნენ.  თეო კვლავინდებურად მხარში ედგა ძმის ყოველ ენთუიზიაზმით აღსავსე წამოწყებას . მიზანი ამჯერადაც მიუღწეველი დარჩა, მხატვრებს შორის სერიოზული უთანხმოებები მოხდა, პარალელურად ვინსენტის სულიერი მდგომარეობა კრიზისული გახდა.წლების მანძილზე დაუღალავი შრომა და მუდმივი წარუმატებლობა საბოლოოდ მხატვრის  ჯანმრთელობაზე აისახა და ფსიქიური აშლილობა გამოიწვია.

ერთ–ერთი შეტევის დროს მარცხენა ყურის ბიბილო მოიჭრა და სულით ავადმყოფთა სახლში მოხვდა. ხატვას არც იქ  ყოფნის დროს წყვეტდა და შეტევების პარალელურად მუშაობდა. სიცოცხლის უკანასკნელი ორი თვის მანძილზე 70 სურათი და 32 ნახატი შექმნა. ,,მე შეუბრალებლად მიმიყვანდნენ თვითმკვლელობამდე“–სწერდა ძმას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ერთ–ერთ წერილში მხატვარი კითხულობდა–,,არის სიკვდილი დასასრული?იქნებ შემდგომად სიკვდილისა მაინც არის კიდევ რამე?“…1890 წლის 27 ივლისს პისტოლეტით სასიკვდილოდ დაიჭრა თავი, ორი დღე იცოცხლა და 29 ივლისს თეოს ხელში გარდაიცვალა.,,მან მუცელში ტყვია დაიხალა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა, ლოგინში იყო წამომჯდარი და ჩიბუხს ეწეოდა. გარდაიცვალა სრულიად საღი გონებით , განმსჭვალული თავისი ხელოვნების სიყვარულით და ისე რომ არავის სიძულვილი არ გაჰყოლია.“– წერდა პოლ გოგენი. დაკრძალვას ოვერის სასაფლაოზე რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

,,ფილმებს ხელოვნებაზე, უმეტეს შემთხვევაში, ისინი იღებენ, ვინც ვან გოგს ნახევარ ქისას მისცემდნენ და თან მწარედ ინანებდნენ, ეს რა ვქენით,კარგად რომ შევვაჭრებოდით, ერთ მწკივ თამბაქოსაც დაგვჯერდებოდაო“– ჰაინრიხ ბიოლი.

PDF

Written by tamarage

2010/05/12 at 15:22

Posted in უკატეგორიო