ახალი ამბები

გურჯაანში ესპანური ჯიშის მარწყვის სათბური აშენდება

ქიტესაშვილს 15000 ლარი უკვე ჩაერიცხა. ფერმერი ამბობს, რომ სანადრიას ჯიშის მაწყვზე საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მარწყვის ეს სახეობა როგორც ამინდის ცვალებადობის, ისე დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძელობით გამოირჩევა. 
„ეს პროდუქტი საკმაოდ მომგებიანია, რადგან მთელი წლის განმავლობაში შევძლებთ მის წარმოებას. მარწყვის ეს ჯიში მოსავალს იძლევა უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ მას ვაწარმოებდით ღია გრუნტში. სანადრიას ჯიშიოს მარწყი ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ამ პროდუქტისგან იმით განსხვავდება, რომ მისი შენახვა ორი-სამი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ის, ასევე, კარგად უძლებს ტრანსპორტირებას“, – განუცხადა knews.ge-ს იზოლდა ქიტესაშვილმა. 
ფერმერი სათბურში, პირველ ეტაპზე, რამდენიმე ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ახლო მომავალში კი საოჯახო ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. იზოლდა ქიტესაშვილის ვარაუდით, ესპანური ჯიშის ერთ კილოგრამ მარწყვს 7 ლარად გაყიდის. თავდაპირველად პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაასაღებს. ის იმედოვნებს, რომ მარწყვს, სამომავლოდ, ევროკავშირის ბაზარზე გასაყიდადაც გაიტანს. 
„საქართველოში ამ ჯიშის მარწყვი თითქმის არსად არ იყიდება. ის ეკოლოგიურად სუფთა, უნიკალური პროდუქტია. ვიზუალური თვალსაზრისითაც გამორჩეულია. წვეთოვანი სისტემისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას ვერ შევძლებთ, ამიტომ უპირველეს ყოვლისა ამ პირობებს დავიცავთ. ვიმედოვნებ, რომ ჯერ საქართველოში შევძლებთ მის რეალიზაციას, ხოლო შემდეგ ევროპაშიც გავყიდით. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ“, – აღნიშნა ქიტესაშვილმა. 
გურჯაანელი ფერმერი მარწყვის სხვა უცხოური ჯიშების, ელიზავეტისა და ალბიონის, კახეთში შემოტანას გეგმავს.