ახალი ამბები

კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები კისისხევში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კისისხევი გამორჩეულია ისტორიული ძეგლების სიმრავლით. ამ დროისთვის სოფელში 63 ისტორიული ძეგლია.

კისისხევი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. სოფლის სახელი საისტორიო წყაროებში მოიხსენიება, ხოლო კისისხევის ხეობა გეოგრაფიულ აღწერებში “კისკისას” სახელითაა შესული.  სოფლის სახელწოდებაც ამ ფაქტის დასტურად არის მიჩნეული.

კისისხევი VIII საუკუნემდე კახეთ-ჰერეთის სამთავროს წარმოქმნამდე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სამეურნეო-კულტურულ ცხოვრებაში. ეს პერიოდი წინაქრისტიანულ და ადრინდელ ქრისტიანულ ხანებს მოიცავს. ამის დამადასტურებელია სოფელში აღმოჩენილი ადრინდელი შუა საუკუნეების სამარხები. საფიქრებელია, რომ კისისხევი და მისი შემოგარენი კახეთში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი ცენტრსაც კი წარმოადგენდა.

კისისხევის გამოქვაბულები

სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ამ ხეობის, ასევე მთელი კახეთის სათავდაცვო სისტემაში, განსაკუთრებით, საქართველოს პოლიტიკური დაშლილობისა და მძიმე, საგარეო ვითარების პირობებში. სოფლიდან გამოსული ლაშქარი კახეთის IV სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, კისისხევი ტფილისის გუბერნიიის თელავის მაზრაში შედიოდა.

სოფელ კისისხევში 63 ისტორიული ძეგლია. მათგან უძველესია V-VI საუკუნეების ღვთისმშობლის ჭალის სამნავიანი ბაზილიკა, კონდამაინის სამონასტრო კომპლექსი, კალო მიწების სამაროვანი, სხვა ეკლესია-სამლოცველოები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ნაშთები, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქური ტიპის დასახლების ნიშნებზე მიუთითებს.

ისტორიის მკვლევარი, გიორგი ლაფაური განმარტავს, რომ ძეგლთა შორის გამოარჩევთ კლდეში ნაკვეთ ქალაქს, სადამდე მიახლოვებაც ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან იქამდე მიმავალი ერთადერთი გზა განადგურებულია.

,,კისისხევში, ტყეში არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომლის არქიტექტურა უნიკალურია. გამოქვაბულები რამდენიმე იარუსიანია და სხვა გამოქვაბულებს უკავშირდება. იქ მოწყობილი იყო ეკლესიები, წყლის სისტემა და ჭა”,– განაცხადა გიორგი ლაფაურმა.

კისისხევის გამოქვაბულები