ლანა ღოღობერიძის „დედა-შვილი“ ანუ კინოშედევრი 95 წლის ასაკში

ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმს „დედა-შვილი ანუ ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ ტრიუმფალური წარმატება ხვდა წილად წლევანდელ ბერლინალეზე. პირველი ჩვენება „არსენალში” შედგა, მეორედ იგი პუბლიკამ Conema Beton-ში ნახა, 25 თებერვალს კი მას Delphi-Filmpalast უმასპინძლებს, რომელზედაც ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
აღნიშნული ფილმი ლანა ღოღობერიძემ მიუძღვნა დედას – ნუცა ხუციშვილ-ღოღობერიძეს (1902-1966), პირველ ქართველ კინორეჟისორ ქალს, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირშიც ასევე პირველი ქალი იყო, ვინც სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. 1934 წელს შექმნილი ფილმი „უჟმური“, კინორეჟისორისთვის ბოლო აღმოჩნდა. მანამდე ნუცამ მიხეილ კალატოზოვთან ერთად 1927 წელს იმუშავა დოკუმენტურ ფილმზე – „მათი სამეფო“, ამას მოჰყვა 1930 წელს დამოუკიდებლად გადაღებული „ბუბა“.
ნუცა ღოღობერიძის ხელოვნებას პირველად 2022 წელს ლონდონის სინე ლუმიერში ნანახი „უჟმურით“ გავეცანი, ამ კინოტექსტმა ჩემზე გამაოგნებლად იმოქმედა. თუ მანამდე კალატოზოვის „ჯიმ შვანთე“ მიმაჩნდა ყველა დროის ქართული კინემატოგრაფის ყველაზე დიდ მიღწევად, მის გვერდით უმალ ვირწმუნე ნუცა ღოღობერიძის „უჟმური“. ეს ფილმი ნამდვილად საეტაპოა და ამიერიდან ასეც დამკვიდრდება ქართული კინოს ისტორიაში. ეს ფილმი 2018 წლამდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის. მას 80 წელიწადზე მეტხანს მტვერი ფარავდა მოსკოვის რომელიღაც კინოსაცავში. ლანა ღოღობერიძემ იცოდა დედის ფილმების ამბავი და წლების განმავლობაში ეძებდა მათ კვალს. მხოლოდ ამ ბოლო ათწლეულში აღმოჩნდა და ჩამოვიდა თბილისში ნუცა ღოღობერიძის „ბუბა“ და „უჟმური“.
ალბათ ქალბატონ ლანას ერთხანს იმედიც გადაეწურა, ამდენ ხანს ასე უშედეგოდ რომ ეძებდა დედის ფილმებს, მაგრამ ცაში იყო გადაწყვეტილი, რომ ეს ფილმები უნდა გამოჩენილიყო. რადგან იყო ჟამი გაფანტვად ქვათა, აუცილებლად უნდა დამდგარიყო მათი შეკრების ჟამიც. რამხელა განძი და რა ღირებული ხელოვანი დაეკარგებოდა საქართველოს ამ ფილმების გარეშე? ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების ბედი დაჰყვა ნუცა ღოღობერიძის ფილმებსაც. თუ ბარათაშვილს ნახევარი საუკუნე დასჭირდა დღის სინათლეზე გამოსასვლელად, ნუცა ღოღობერიძის სახელი 90 წელიწადს იყო გაუჩინარებული.
შვიდი წლის იყო ლანა ღოღობერიძე, დედა რომ გადაასახლეს. მხოლოდ ათი წლის შემდეგ შეხვდნენ დედა-შვილი ერთმანეთს. გულაგის ბანაკებმა ისე გაანადგურა ეს უნიჭიერესი და ულამაზესი ქალი, რომ თბილისში დაბრუნებულს კინო აღარც უხსენებია. გულაგის ბანაკში გადახდენილ ამბებზე შვილთან ლაპარაკობდა, მაგრამ თავის ფილმებზე არასოდეს ჩამოუგდია სიტყვა. ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა და ასე უჩინრად წაიყვანა თავისი ცხოვრება. ცხადია, იგი დაიღალა მახინჯ ყოფასთან ჭიდილში და წარსულის გახსენებაც აღარ ეწადა. თითქოს ფარად ჰქონდა მომარჯვებული გალაკტიონისეული  „ჩუმად წარსულო, ჩუმად“.
ლანა ღოღობერიძე ლიტერატურიდან მოვიდა კინემატოგრაფში და საკმაო ფილმები გადაიღო, მერე პოლიტიკაში იყო ჩართული, ბოლოს ისევ ლიტერატურას და კინოს დაუბრუნდა და დაუბრუნდა ძლევამოსილად, ეს მართლაც “ძლევაი საკვირველი”აღმოჩნდა.
გულგრილს არავის დატოვებს კინოშედევრი, რომელიც 95 წლის ლანა ღოღობერიძემ შექმნა. ქალბატონი ლანას უძლიერესი მხარეა დეკლამაცია და ამბის გადმოცემის ისეთი მომნუსხველი მანერა, რომელსაც ვერ მოწყდები. ამ ფილმში ის არის მთხრობელი, დედის და საკუთარ ამბებს ჰყვება. მას დოკუმენტურად საკმაოდ მწირი მასალა გააჩნდა, ამიტომ მოიგონა შესანიშნავი ხერხი, თავისი ძველი ფილმებიდან აიღო ფრაგმენტები, რომლებიც დედის ცხოვრებას უკავშირდებოდა. მისი რამდენიმე ფილმი ხომ ავტობიოგრაფიულ ამბებს ემყარება და ეს ფრაგმენტები მართლაც შთამბეჭდავად ჩაეწერა მთელი ფილმის მხატვრულ ქსოვილში. თითქოს ყველა ეს ფილმი მან იმისთვის გადაიღო, რომ ამ ბოლო შედევრის მასალად ქცეულიყო!
ლანა ღოღობერიძემ 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართული ფილმი შექმნა. ნანა ჯორჯაძის „ღვინის ნულოვანი მერიდიანის“ შემდეგ მე ამ სინჯის ფილმს ვერ ვიხსენებ. ორივე ეს ფილმი მართალია დოკუმენტურ ჟანს განეკუთვნება, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ოც წელიწადში გადაღებულ ყველა ფილმს აღემატება თავისი ღრმა და დამპყრობი კინოენით. პირველიდან ბოლო კადრამდე ამ ფილმებს სულმოუთქმელად უყურებ, ვერ გრძნობ როგორ ილევა 90 წუთი.
ლანა ღოღობერიძემ სადაც არ უნდა აჩვენოს თავისი ფილმი, ყველგან თავაწეული წარმოჩნდება ქართული კინო, ტრაგიკულ ამბებს, რომელსაც ლანა ღოღობერიძე ჰყვება, მნახველი გულგრილად ვერ შეხვდება. მთელ ფილმს კი მძიმედ მოსასმენი ამბების მიუხედავად მაინც იმგვარი პოეზია და სინატიფე მსჭვალავს, რომელიც მისი პროტაგონისტის – ნუცა ღოღობერიძის მიმართ საოცარ კრძალვას ბადებს. მან ხომ მთელი საუკუნით გაუსწრო თავის რეალურ დროს?! იგი ასი წლის წინათ იმდენად თანამედროვე იყო თავისი აზროვნებით, ესთეტიკური მრწამსით და თუნდაც ჩაცმულობით, რომ თავის ქვეყანას ახლაც სიძლიერეს და სიამაყეს მატებს. აჩვენეთ ლანა ღოღობერიძის ეს ფილმი რაც შეიძლება ვრცელ აუდიტორიას მთელ პლანეტაზე და ისინი მეტად დააფასებენ ქვეყანას, რომელიც ამგვარი ნიჭიერების საბადოა.
90 წლის განმავლობაში წყვდიადი ემოსა ნუცა ღოღობერიძის ბედის ვარსკვლავს და მას უკვალოდ გაქრობა ემუქრებოდა! სამართალმა ურმით იარა და ბოლოს მაინც იზეიმა! აქ შეუძლებელია არ დაეთანხმო პოეტს: „ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ (პოლ ელუარი).

                                                                 გიორგი ლალიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები