"გული ისევ 20 წლის მედეასი მაქვს" - მედიკო ლორთქიფანიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა - კვირის პალიტრა

"გული ისევ 20 წლის მედეასი მაქვს" - მედიკო ლორთქიფანიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა

ბევრისათვის საყვარელი მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შეიყვარა, დღეს 85 წლის გახდა. დაბადების დღის აღნიშვნას არ აპირებს, თუმცა მოულოდნელ სტუმრებს და ძვირფას ადამიანებს გულის სიღრმეში ყოველთვის მოუთმენლად ელის. ბავშვობისას, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებდა დაბადების დღის გადახდას, თუმცა ერთი დაბადების დღე განსაკუთრებით ახსოვს. დღე, როდესაც ოთხი წლის გახდა და საჩუქრად მისთვის საყვარელი თოჯინა მიიღო. თუ როგორ აღნიშნავს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, ამას ქალბატონი მედეა თავად მოგვიყვება.

- მედიკო ბებო, როგორ აღნიშნავდით დაბადების დღეს ბავშვობისას?

- როგორც იცით, დავიბადე და ვცხოვრობდი ქალაქ ფოთში. იქ დაახლოებით 11 წელი გავატარე. პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და პარალელურად, მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი. მამა რეჟისორი გახლდათ, ხოლო დედა - მსახიობი. გარკვეული დროის შემდეგ, მამა ქუთაისში გადაიყვანეს და უკვე იქ დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. მამის გარდაცვალების მერე კი დავრჩით მხოლოდ მე, დედა, ჩემი ძმა და ბებია. სწორედ იმ წელს მოვეწყვე ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პედაგოგიკის ინსტიტუტში.

ბავშვობისას გარკვეული პრობლემების გამო, დაბადების დღის აღნიშვნას ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, ისეთი პერიოდი იყო ქვეყანაში, ბევრ ადამიანს დაბადების დღის გადახდის თავი და სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა. გამონაკლისი არც ჩემი ოჯახი ყოფილა.

თუმცა მახსოვს ერთი დაბადების დღე, როდესაც გავხდი ოთხი წლის. სწორედ, ამ დაბადების დღეზე მაჩუქა ოჯახის ძალიან ახლობელმა ადამიანმა თოჯინა, რომელიც ძალიან მიყვარდა. ფოტოც კი მაქვს... ეს დიდი სიხარული იყო ჩემთვის...

შემდეგ უკვე, დედაც რომ გარდამეცვალა, დავრჩით მხოლოდ მე, ჩემი ძმა და ბებია. ბებიის პენსიით ვცხოვრობდით, შესაბამისად, ფიქრი დაბადების დღეზე და მის გადახდაზე, ზედმეტი იყო. შემდეგ ბებიაც და ძმაც გარდამეცვალა. სულ მარტო დავრჩი... ბებოს დასთან ვცხოვრობდი, რომელიც ასევე პენსიით არსებობდა. მე კი ყველგან ვმუშაობდი... ჭურჭლის მრეცხავადაც, ბაღში ძიძად და ა.შ. სამწუხაროდ, ვერც მაშინ ვახერხებდი დაბადების დღის აღნიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს.

შემდეგ გავთხოვდი. აი, სწორედ გათხოვების მერე, ყოველ წელს ვიხდიდი დაბადების დღეს. ჩემი მეუღლე ყოველთვის ცდილობდა გავეხარებინე და საჩუქრებით მანებივრებდა. ხელის გულზე მატარებდა. ძალიან ვუყვარდი და მე ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებდა. არ მიყვარდა და არ მიყვარს, როცა ჩემს დაბადების დღეზე ვეპატიჟები სტუმრებს. მიყვარს, როცა მიხსენებენ და მოულოდნელად მოდიან.

მახსოვს, შარშან მოულოდნელად დამადგნენ თავს ბებია-ბაბუების ჯგუფის წევრები და ჩემი ოჯახის წევრები, ტორტით ხელში. ისე გამიხარდა, რომ ვიტირე კიდეც.

- ასაკი რას ნიშნავს თქვენთვის?

- ძალიან ცუდია, ასაკი რომ გემატება. როდესაც მესმის, რომ ჩემი ტოლები გარდაიცვალნენ, ძალიან მოქმედებს ჩემზე. ყოველ დღე მგონია, რომ მოვკვდები და ღამეები არ მძინავს უკვე ნერვიულობისგან...

ამ ბოლო დროს, ბებო მესიზმრება ხოლმე ხშირად და უფრო მეტად ვნერვიულობ. ყოველთვის მაქვს იმის ფიქრი, რომ სხვა არ შევაწუხო. თუმცა სიცოცხლეს არაფერი ჯობია, დამიჯერე. მიუხედავად შიშისა, გეტყვი, რომ გული არ ბერდება. გული ისევ ოცი წლის მედეასი მაქვს. ახლაც, რომ მიმიწვიონ სადმე ფილმში და როლზე დამამტკიცონ, სიხარულით გავფრინდები. მართალია, მუხლები მტკივა, მაგრამ სცენაზე ჩიტივით ვიფრენ. მიყვარს, ძალიან მიყვარს და მენატრება ის დრო. ამიტომ, ნუ შეგეშინდება, ჩემო გოგო, სიბერის. მთავარია, შინაგანად არ დაბერდე, თორემ ფიზიკურად სიბერე არაფერია!

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)

,,კვირის პალიტრა" დიდი სიყვარულით ულოცავს იუბილეს ქალბატონ მედიკოს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.