ჭიგოზე აყვანილი ვაზის ახალი სიცოცხლე უდაბნოში - კვირის პალიტრა

ჭიგოზე აყვანილი ვაზის ახალი სიცოცხლე უდაბნოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოსთან, ახალმა ღვინის საწარმომ ვენახი ძველქართულად, ჭიგოზე გააშენა და ბიოღვინის წარმოება დაიწყო. თითოეული ვაზი ხის სარზე აქვთ მიმაგრებული, ვენახში არ არის გაბმული მავთული და არც ვაზის რქაა მასზე გადაგრეხილი. როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა მირიან ნიკოლაძემ გვითხრა, ვენახების გარდა, მათ უდაბნოსთან ათასობით ჰექტარზე ნუშის პლანტაციები, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებიც აქვთ. - დიდი მიზანი დავისახეთ - უდაბნოში, სადაც აქამდე ერთი ხეც არ იდგა, უნდა ავაშენოთ ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, მოვიყვანოთ პროდუქტი ქიმიური საშუალებების გარეშე და მოსავლელად გამოვიყენოთ მხოლოდ ბიოორგანული საკვები.ქართველ მევენახეთა დიდი ნაწილი კვლავ კონვენციურ წარმოებას მისდევს. ქართულ ღვინოს დაპყრობილი აქვს რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, უკრაინის ბაზრები, ამ ქვეყნების მომხმარებელი კი არ გამოირჩევა ღვინის მაღალი ხარისხის მოთხოვნილებით. რასაც შესთავაზებ, ყიდულობენ. ქართულ წარმოებას გარანტირებული ბაზრები რომ აქვს, კარგია, მაგრამ ასეთ გარემოში მევენახეობის განვითარება ვერ ხერხდება. წლეულს ვაპირებთ 100 ჰექტარზე ჩავყაროთ ვაზის როგორც თეთრი, ასევე წითელყურძნიანი ჯიშები. ნიადაგის ექსპერტიზა უკვე ჩავატარეთ. ჩვენი ნაკვეთები დავითგარეჯისკენ მიმავალ გზაზე, საგარეჯოდან 15-20 კილომეტრშია. ამ ადგილისთვის დამახასიათებელია მკაცრი კლიმატი, დაბალი ტენიანობა, მცირე ნალექი და მაღალი ტემპერატურა. ასეთი გარემო ვაზისთვის ცუდი არ არის. რაც მთავარია, ნიადაგი ნასვენია, არ არის დაბინძურებული ქიმიური პრეპარატებით. ვაზს ნიავი თუ არ უვლის და აერაცია არა აქვს, მხოლოდ ბიოპრეპარატებით ფონს ვერ გახვალ, მაგრამ ჩვენი ვენახები ისეთ ადგილზეა, სხვაგან თუ ვაზი ბიოპრეპარატით 7-ჯერ მაინც საჭიროებს შეწამვლას, აქ 4-5-ჯერაც საკმარისია.

- ყველაზე საინტერესო მაინც ჭიგოზე აყვანილი ვაზია. მგონი, პირველი ხართ, ვინც ეს უძველესი ქართული ტრადიცია გაიხსენა.

- ვაზის აყვანა ჭიგოზე წლეულს დავიწყეთ. 2,5 ჰექტარზე უკვე შევუდგით საფერავისა და დანახარულის ჯიშის ვაზებს ჭიგო. ჩვენი მიზანია ვაზის ენდემური ჯიშები მივუახლოვოთ ძველ პირობებს. ჭიგოიანი ვენახები დიდი ხანია მივიწყებას მიეცა, გადავწყვიტეთ ჯერ დაგვეტესტა და პირდაპირ არ შევჭიდებოდით უცხო საქმეს. აკაციის ჭიგოს ძირები მოვუწვით, რათა დაავადებებისა და ზედმეტი ტენის მიმართ რეზისტენტული გამხდარიყო და შევუდგით ყველა ვაზს. ჭიგოები სპეციალური ტყეკაფებიდან მოგვაქვს. ჭიგო მიწაში 50 სანტიმეტრზე ჩაგვყავს, ზემოთ კი 1,80 სანტიმეტრზე ვტოვებთ, რაც სავსებით საკმარისია ვაზის განვითარებისთვის. ჩვენს წინაპრებს კახეთში ვენახები ძირითადად ფერდობებზე ჰქონდათ გაშენებული, რაც ხელს უწყობდა ვაზის განიავებას. კომუნისტებიც ეძებდნენ დიდ ტერიტორიებს ქარხნებისთვის კონვენციური ვენახების გასაშენებლად. იმავდროულად, საძირეზე დამყნობილი ვაზი, ნაყოფის მოცემისთვის რქით გახარებულს ჯობნის, თუმცა დიდი ხელშეწყობა უნდა. ნამყენი ვაზისთვის საჭირო გახდა ნიადაგის გაფხვიერება დაპლანტაჟებით. ღრმა ხვნისთვის საჭირო იყო ტექნიკაც. ასეთი სამუშაოების ჩატარება ფერდობებზე ვერ ხერხდებოდა, ამიტომ კახეთში ვენახები ვაკეებზე გააშენეს. ვენახების ბარად ჩამოტანა უარყოფითად აისახა მევენახეობაზე - მოსავალს უხვს იძლეოდა, ხარისხმა კი იკლო. ჩვენ ძველ მეთოდს გავყევით და ვაზს დაღმართ ნაკვეთებში ვაშენებთ. ვენახში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ვაზის გასხვლაა. ქართულ სხვლას რასაც ვეძახით, ფრანგი სპეციალისტის გუიოს სხვლის მეთოდია. გუიომ ამ ფორმით დაიწყო ვაზის სხვლა და ბოძებზე შებმულ მავთულებზე განფინა. მას მიაჩნდა, რომ ასე გასხლულ და განფენილ ვენახს უკეთესი აერაცია ექნებოდა, მზის სხივებსაც საჭირო ოდენობით მიიღებდა. ჭიგოზე ვაზს ტოტები გაშლილი აღარ აქვს, მზე მცენარის ყველა ტოტსა და ფოთოლს ვერ ხვდება და შიდა ნაწილი დაბურულშია. აერაციაც არა აქვს ძველებურად. შეწამვლის დროს მცენარეს ყველა ფოთოლზე ვერ ხვდება წამალი - ანუ დადებითი ბევრი აქვს ვაზის ჭიგოზე მიმაგრებას, მაგრამ ჭიგოზე მიმაგრებული ვაზიდან მოკრეფილ ყურძენს ვერ ექნება იგივე საგემოვნო თვისებები, როგორიც მავთულზე გასულ ვაზს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რისკზე წავედით. ჭიგოშედგმული ვაზისგან ისეთი მაღალი ხარისხის ყურძენი და ღვინო უნდა მივიღოთ, როგორიც უძველეს დროში იყო.

პროფესიით იურისტი ვარ, მევენახეობაში აკადემიური განათლება არა მაქვს. ამ საქმეში თვითგანვითარება წლების წინ დავიწყე, ვკითხულობდი ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურას და აღმოვაჩინე, რომ როგორც საქართველოში ვითარდებოდა მევენახეობა, ისევე ვითარდებოდა უცხოეთის ბევრ ქვეყანაშიც. ვაზის მოვლასთან დაკავშირებული ტრენინგებიც გავიარე. ლიტერატორ მალხაზ ხარბედიას დაფუძნებული ,,ღვინის კლუბიც" ძალიან დამეხმარა ცოდნის შეძენაში. კლუბი ღვინის თემატიკაზე არსებული ძველ ლიტერატურას ელექტრონულად იღებდა და ინტერნეტით ავრცელებდა. ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ ბევრი შეხედულება, წარმოდგენა და დამოკიდებულება ვაზის მიმართ შემეცვალა. მთავარი განსხვავება ამჟამად გავრცელებულ ვაზის სხვლის მეთოდისგან ისაა, რომ ჭიგოშედგმულ ვაზზე ყველაზე სქელ ნაწილს, შტამბსაც ვადაბლებთ. რქები წელს სამი-ოთხი ფორმით გავსხალით და ვაკვირდებით, რომელი უკეთ იმუშავებს. საკოლექციო ვენახშიც შევუდგით ვაზებს ჭიგო. გვინდა გავიგოთ, რომელი ჯიშები უკეთ მოერგება. საკოლექციო ნაკვეთში ვაზის ძველქართული 125 ჯიშია, მაგალითად, ოცხამური საფერე, იყალთოს წითელი, სიმონასეული, ახმეტის წითელი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, მცვივანი, ჩიტისთვალა, მხარგრძელი ყვითელი, გრძელმტევანა, წყობილა, კუმსი თეთრი... გაგიგონიათ ვაზის ჯიშები საფენა და კურკენა? ჩვენ უკვე დავაყენეთ ამ ყურძნის ჯიშის თეთრი ღვინოები.

- უცნობი ჯიშის ვაზის ნერგებს სად შოულობთ?

- ჯიღაურას“ მეურნეობას აქვს ძველი ჯიშის ვაზის ნერგები. ამჟამად 525 ჯიშის ვაზი აქვთ გახარებული.

ყველაზე მთავარი ბიოორგანულ მევენახეობაში მაინც ნიადაგია. სწორად თუ შეარჩევ, ნაკვეთი თავად შეგიწყობს ხელს, ვაზს საშიში დაავადებები რომ არ გაუჩნდეს. სამხრეთის ან აღმოსავლეთის ფერდობებზე გაშენებულ ვაზს მზე დილიდანვე ტყორცნის სხივებს. წვიმის წვეთები და დილის ცვარი ფოთოლზე მალე შრება. ჩავარდნილ ადგილებში კი, წვიმის შემდეგ ვაზი ზომიერად ვერ შრება და ჭრაქით ავადდება. ასეთ ნაკვეთებში ვაზს 12-15-ჯერ შეწამლავენ ხოლმე, მაგრამ მაინც ვერ იღებენ სათანადო შედეგს. ფერდობებზე გაშენებულ ვენახებს 5-6-ჯერ სჭირდება შეწამვლა და მოსავალსაც ორჯერ მეტსა და ხარისხიანს იღებ. შეიძლება მეცნიერულად ღრმად შეისწავლო ვაზის ავკარგი, მაგრამ პრაქტიკაში ისეთი ნიუანსები გამოგეპაროს, რომელზეც ამ ღვთიური მცენარის სიცოცხლეა დამოკიდებული. მევენახისთვის გამოცდილება, ინტუიცია და ვაზთან შესისხლხორცება აუცილებელია. თუ არ გესმის ვაზის ენა, მევენახეობას ხელი არ უნდა მოჰკიდო. ღვინოს ისეთივე ენერგია აქვს, როგორსაც ვაზს მევენახე გადასცემს. ამიტომაც ამბობენ, ვაზს უნდა მოეფერო, შვილივით მოუარო, გაზარდო, დაკრეფისას მადლობა უთხრაო.

ზოგი ფიქრობს, რომ ყურძენი ხელით უნდა დაკრიფო. სინამდვილეში, ხელით კრეფის დროს ხდება ვაზის ღრმა დაზიანება, მას ჭრილობები უჩნდება. როცა გათვლა ძველებურ ღვინოზეა, ტანინიანზე, ის სასხლავი მაკრატლით უნდა დაიკრიფოს, უტანინო ღვინისთვის კი მხოლოდ მარცვლებია საჭირო. ჩვენს მეურნეობაში ღვინოს კლერტის გარეშე ვაყენებთ. კლერტით ღვინის დაყენება მაღალ რისკებს შეიცავს. შეიძლება ყურძენი დამწიფდეს, მაგრამ კლერტი შემოსული არ იყოს, რაც ღვინოში უსიამოვნო ტონებს შეიტანს. ყურძნის დაკრეფის პერიოდიც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ღვინის დაყენებას აპირებ - ევროპულის თუ ქვევრის. ქვევრის ღვინისთვის მაღალშაქრიანი ყურძენია საჭირო, ევროპულისთვის საშუალოშაქრიანობაც საკმარისია. ერთი და იმავე ჯიშის ყურძენი შეიძლება სექტემბერში ან ნოემბერში დაკრიფო. გასულ წელს რთველი 26 სექტემბერს დავიწყეთ, მაგრამ რაღაც ნაწილი 10 ოქტომბრიდან მოიკრიფა. ცხადია, ამ ღვინოებს სხვადასხვა არომატი და ხარისხი აქვს.

ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე თიხა მოიპოვება, გვინდა ჩვენივე თიხით დავამზადოთ ღვინის დასაწური ჭურჭელი. ყურძნის ნაყოფი დაბრუნდება იმ წიაღში, საიდანაც წამოვიდა და ვფიქრობთ, ეს ნიუანსიც წაადგება ჩვენი ღვინის არომატს. უდაბნო ისტორიულად წმინდა ადგილია, სადაც, ბოლო დროს ბალახიც აღარ ხარობდა. ამ ადგილს ჩვენი ვენახები ახალ სიცოცხლეს შემატებს.

ნელი ვარდიაშვილი