მრავალბინიანი სახლების მშენებლობისას დაშვებული შეცდომები - სჭირდება თუ არა პატარა ქვეყანას მილიონიანი ქალაქი?! - კვირის პალიტრა

მრავალბინიანი სახლების მშენებლობისას დაშვებული შეცდომები - სჭირდება თუ არა პატარა ქვეყანას მილიონიანი ქალაქი?!

ინჟინერ-მშენებელი, დაპროექტებისა და მშენებლობის ექსპერტი, პროფესორი რევაზ მახვილაძის მონათხრობი ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ კონცეფციებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, აგრეთვე თბილისის მერის - კახა კალაძის ინიციატივებს თბილისის კეთილმოწყობის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცლებისა და ძველი თბილისის საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-გამაგრების თაობაზე.

საწარმოების მშენებლობა და ნგრევა...

- ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს კერძო ინიციატივებს და თავის მხრივ ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად. ცხადია, ინვესტორები დაინტერესებულნი არიან მოგებით, დანახარჯების ამოღებაც ეჩქარებათ. ჩვენთან ყველაზე სარფიან საქმედ მშენებლობა იქცა, მაგრამ ადგილსაც გააჩნია - თბილისსა და ბათუმშია ბუმი. ამ ქალაქებში მზარდი მოთხოვნილებაა, ბინებიც და სასტუმროთა ცალკეული ნომრებიც მშენებლობის პერიოდშივე იყიდება და ცხადია, მათში ჩადებული კაპიტალი დიდი მოგებით მოკლე პერიოდშივე უბრუნდებათ ინვესტორებს.

ამჟამად თბილისში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. თბილისი ისტორიულად ამიერკავკასიის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ითვლებოდა და მისი მოსახლეობაც სხვა ქალაქებთან შედარებით სწრაფად იზრდებოდა. სამრეწველო დარგების განვითარებამ საჭირო გახადა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა. პირველი დიდი ობიექტი გახლდათ ვაგონშემკეთებელი ქარხანა. აშენდა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. მასში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური და მუშა პერსონალის შემოყვანით ქალაქს ათასობით მცხოვრებელი შემოემატა და მიმდებარედ გაჩნდა საცხოვრებელი დასახლებაც - ნაძალადევი.

მას შემდეგ, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის პერიოდში საწარმოთა უმეტესობა თბილისში აშენდა. დედაქალაქის განტვირთვის მიზნით, 1945-48 წლებში მისგან 30 კილომეტრის მოშორებით, მეტალურგიულ კომბინატთან ერთად აშენდა ქალაქი რუსთავიც. როცა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დასრულდა, მშენებლობის საჭიროებით ადრე აგებული პატარ-პატარა საწარმოები დაშლის ნაცვლად, დამოუკიდებელ ქარხნებად განავითარეს.

photo-1683612870.jpg

მაშინ ამბობდნენ, 20 წელიწადში თბილისი და რუსთავი ერთ ქალაქად იქცევაო. მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა. თუმცა, ახლა თბილისურ აღმშენებლობას ისეთი პირი უჩანს, შეიძლება ასეც მოხდეს.

სამთავრობო პროგრამით თითქოს ყველაფერი სრულდებოდა თბილისის განტვირთვის მიზნით, უფროსობა ყოველ დილას პერსონალური ავტომობილით მიემგზავრებოდა რუსთავში და საღამოს ბრუნდებოდა, ხოლო ქარხნებში მუშა-მოსამსახურეები, ასევე სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები დილით ავტობუსებით მიჰყავდათ სამსახურებში და საღამოს აბრუნებდნენ. ამიტომ თბილისის მოსახლეობისგან განტვირთვა არ მოხდა, რუსთავის მოსახლეობა შეივსო სხვადასხვა რაიონიდან შემოყვანილი მუშა კონტინგენტით... მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს:

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, 1941 წელს უკრაინის ქალაქ ტანანროგში მოახდინეს საავიაციო ქარხნის დემონტაჟი, ტექნოლოგიური მოწყობილობები თბილისში ჩამოიტანეს, ნავთლუღში, მინდორში განალაგეს და მოკლე პერიოდში მათ გარშემო საამქროები ააშენეს. ასე აშენდა 31-ე საავიაციო ქარხანა. მას ჩამოჰყვა ქარხნის პერსონალიც სრული შემადგენლობით, რომლებიც ჯერ ბარაკებში დააბინავეს და შემდეგ თბილისში საცხოვრებელი სახლებიც აუშენეს.

სამრეწველო დარგებისა და მუშა-მოსამსახურეთა ასეთმა კონცენტრაციამ თბილისსა და ქვემო ქართლში ყოფილი რესპუბლიკის საწარმოო სიმძლავრეების 32%-ს მოუყარა თავი, ხოლო ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებული იყო საქართველოს მთლიანი საწარმოო კონტინგენტის 35%. ასევე დიდი სიმძლავრისა და შემოსავლის მქონე ქარხნები თავიანთი მუშა-მოსამსახურეებისთვის თბილისშიც აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, ასევე ენგურჰესის მშენებელთათვის საცხოვრებელი სახლი აშენდა ვაკეში. ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ხელისუფლება შეეცადა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა უპირატესად გაგრძელდა დასავლეთ საქართველოში, მაგრამ 15-20 წელიწადში დასახული პროგრამის დასრულება ვეღარ მოესწრო. შემდეგ საწარმოო ობიექტების უმეტესობამ, გარდა კვების მრეწველობისა, ფუნქციონირება შეწყვიტა.

მოსახლეობა... და გადავსებული ქალაქი

- 2022 წლის პირველი იანვრის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა 3 მილიონ 685 ათასი ადამიანი, თბილისში 1 მილიონ 223 ათასი ანუ მთლიანი რაოდენობის 33,2%. ამჟამინდელ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიის ფართობი 69 700 კვადრატული კილომეტრია, ხოლო თბილისისა - 720 კვ.კმ. თბილისის მერიის საიტზე თბილისს უკავია 502 კვ.კმ. ფართობი.

თბილისი მოსახლეობის რაოდენობით კვლავ დომინირებს, ქუთაისში კი 147 635 ადამიანია, ბათუმში - 152 839, რუსთავში - 126 200, სხვა ქალაქებში ბევრად ნაკლები. ქვეყნის ყველა ქალაქებში ჯამურად მოსახლეობის 65% ცხოვრობს, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისით სასურველი არ არის.

ქალაქ თბილისის მერიამ და საკრებულომ 8 წლის წინ დაიწყეს და სამი წლის პერიოდში მრავალჯერადი განხილვის შედეგად თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დაამტკიცეს. მის შედგენაში მონაწილეობდნენ ქალაქგეგმარების საკითხებში უაღრესად გამოცდილი არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინერ-გეოლოგები, სამშენებლო დარგის მენეჯერები და სხვები. განხილვები საჯარო იყო. მათში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმაც და როგორც ხდება, თავიანთი წვლილი შეიტანეს გენერალური გეგმის კორექტირებაში.

ცნობილი მოვლენების გამო, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა შეჩერდა. მძიმე პერიოდი 8-10 წელი გაგრძელდა. კონტრაქტორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობებიც შეწყდა. ინვესტორებმა საბინაო მშენებლობების მიმართულებით გამოიჩინეს ინტერესი. თბილისში მოკლე პერიოდში მოხდა დაწყებული მშენებლობების დასრულება, ასევე ადრე გამოყოფილი ტერიტორიების ათვისებაც, შემდეგ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებით არსებული სახლების დემონტაჟ-ჩანაცვლებითაც შენდებოდა ქალაქი და იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობაც.

მოგვიანებით დაიწყო ქალაქის ჯერ ცენტრალურ, შემდეგ გარეუბნებშიც ფაბრიკა-ქარხნების შემოღობილ ტერიტორიებზე საწარმოო შენობების და საამქროების დემონტაჟი და მათ ადგილას გაჩნდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.

უმეტეს ქარხნებში ავჭალის, დიდუბის, თბილისის, ნავთლუღის რკინიგზების სადგურებიდან ფაბრიკა-ქარხნებში, სატვირთო მატარებლების გასატარებელი რკინიგზის ჩიხები შედიოდა. მათი საშუალებით, სატვირთო ვაგონებით ქარხნებში ნედლეული შეჰქონდათ და ასევე ვაგონებით მზა პროდუქცია გამოჰქონდათ, რომელიც იგზავნებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად ქარხნების აშენება თბილისში ვეღარც მოხერხდება.

დამტკიცებული გენერალური გეგმითაც მხოლოდ ქალაქის ორ ადგილასაა მონიშნული სამრეწველო ზონები ინდექსებით სზ-1 და სზ-2. თქვენ თვითონ განსაჯეთ, კარგია თუ ცუდი? ათიათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, უმეტესობამ პროფესია შეიცვალა, ნაწილი უცხოეთში აგრძელებს საქმიანობას, ზოგი სოფლებს დაუბრუნდა. სამაგიეროდ, თბილისში მრავლად ჩამოსული ჯანიანი ახალგაზრდები მშენებლობებზე საქმიანობით არჩენენ ოჯახებს. ცხადია, მოსახლეთა სტატისტიკაში ისინი დედაქალაქში მცხოვრებლებად არ ითვლებიან, ბაზრობაზე დასაქმებულებთან ერთად ყოველდღიურად თბილისურ "სუფთა ჰაერზე" მწარე ფიქრებით, ოჯახების ნატვრით და მომავლის იმედით 2 მილიონზე მეტი ადამიანი იძინებს. ძალიან ბევრნი ვართ თბილისში, საქართველოს სხვა კუთხეები კი დაცარიელებულია. ნუ მოვანატრებთ თავს ჩვენს კუთხეს, მანდაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

იმდენად დიდია საბინაო მშენებლობისათვის მიწებზე მოთხოვნილება, რომ თბილისის სიახლოვეს საკურორტო დანიშნულების სოფლებიც ქალაქს მიუერთეს, მათზე მიკუთვნებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსიც მოუხსნეს და ყველგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობებია გაჩაღებული.

ცხადია, მშენებლობები ბიუჯეტში შემოსავლის წყაროცაა, მოსახლეობის ნაწილისათვის შრომითი ანაზღაურების საშუალებაც. ამიტომ სასურველია ვაშენოთ, მაგრამ არა სასოფლო-სამეურნეო მიწების ხარჯზე. ქვეყანაში მდგომარეობის დემოგრაფიული დარეგულირების თვალსაზრისითაც სასურველია ქვეყნის ყველა კუთხეს თანაბარ განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც მთავრობის პროგრამებშიც უნდა აისახოს.

შენობების ჩანაცვლების პროგრამა...

- ქალაქის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ მშენებლობის საჭიროებით ორი პროგრამა გააჟღერა:

1. წლის დასაწყისში გავიგეთ, რომ თბილისის წლევანდელ ბიუჯეტში ჩადებულია 100 მილიონი ლარი 1955-62 წლებში აგებული 4-5-სართულიანი, "ხრუშოვკებად" წოდებულ ავარიული სახლების დემონტაჟისა და მათი თანამედროვე მოთხოვნილებების დონეზე დაპროექტებული ახალი საცხოვრებელი სახლებით ჩანაცვლებაზე. წინადადება ძალიან კარგია და მომხიბლავიც.

2. ძველი თბილისის შენობების რეაბილიტაცია - ეს ძალიან სათუთი და ინჟინრულად ძნელად განსახორციელებელი პრობლემაა.

ორივე პრობლემა განვიხილოთ ცალ-ცალკე:

აღა-მაჰმად ხანმა 1795 წელს თბილისში სახლების მიწისზედა ნაწილები მთლიანად დაანგრია. ქალაქის მოსახლეობამ შენობები აღადგინა იმავე საძირკვლებზე. ამდენად, ქალაქის ძველი შენობები უძველეს ბალავრებზე დგას. თბილისში გასული საუკუნის 30-იან წლებში მოწყობილა წყალ-კანალიზაციის ქსელი, ორმოცდაათიანი წლების ბოლოს დაიწყეს საქვაბეებიდან ძველი და ახალი სახლების ცხელი წყლით უზრუნველყოფა საყოფაცხოვრებო და გათბობის საჭიროებებით. ბინებში შეიყვანეს ცხელი წყლის კომუნიკაციები და ქსელები. საინჟინრო სისტემებში ავარიებითა და წყლის გაჟონვებით წყალი საძირკვლების ქვეშ გროვდებოდა და იწვევდა გრუნტის დარბილებას, შენობების "ჯდენას", კედლებში კი ბზარების გაჩენას. 1951 წელს სამგორის ჩაღრმავებულ ტაფობში მდინარე იორიდან დაიწყო თბილისის ზღვის ტაფობში წყლით შევსება. მოგვიანებით, ფერდობების სიღრმეში, გრუნტის ნაპრალებში წყალმა მონახა გასაძრომები, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე შენობების სარდაფებში გაჟონა და აქაც, საძირკვლების ქვეშ გრუნტი დარბილდა.

ამიტომაც, თბილისი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ქალაქის მესვეურებს წარმოუდგენიათ. ძველი თბილისის უბნებში და სხვაგანაც, შენობათა ნაწილს დაარქვეს "ისტორიული" და მიაჩნიათ, რომ მათი შენარჩუნებითა და რეაბილიტაციით ყველაფერი გამოსწორდება. ინჟინრული თვალსაზრისით ასე არ არის. 5 წელზე მეტია გუდიაშვილის მოედანზე ძველ სახლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და უკვე მთავრდება კიდეც. მე, სამშენებლო დარგის სპეციალისტმა, მაჩაბლის ქუჩაზე დაბადებულმა და გაზრდილმა სოლოლაკელმა კაცმა განახლებულ მოედანს ძველი ხიბლი ვეღარ შევამჩნიე. მოედანი აღარც ძველია და აღარც ახალი. სხვა ქალაქებში ახალ სახლებზე წამიკითხავს ფირნიშები - ამ ადგილას იდგა ორსართულიანი სახლი, აქ დაიბადა და ცხოვრობდა (წლების მითითებით) ესა თუ ის ცნობილი პიროვნება. კედელზე მიკრულია დაფა, ზოგან ფოტოსურათით. ალექსანდრე დიუმას რომანებშიც ხშირად არის ასეთი პასაჟები. ეცნობი და კმაყოფილი აგრძელებ გზას, გიხარია, მიაბიჯებ ფართო ტროტუარზე და გრძნობ დიდი ქალაქის მაჯისცემას.

ერთი ან რამდენიმე შენობის რეაბილიტაციის შემდეგ რა ხდება ძველ თბილისში? შენობის ფუძე გაძლიერებულია, რემონტით განახლებული სახლებიც ლამაზია, მაგრამ ქუჩები, სადაც ადრე ვირებითა და ცხენებით შებმული ურმები გადაადგილდებოდნენ, ძველებურად ვიწროა, ერთი მანქანა თუ გაივლის, შემხვედრი კი გვერდს ვეღარ აუვლის. ხომ არ შეიძლება მთელი ქალაქი მუზეუმად ვაქციოთ? გვაქვს ეთნოგრაფიული მუზეუმი კუს ტბის მიდამოებში, ძველ თბილისში აბანოთუბანი მუზეუმივითაა, სხვა ადგილებზეც შენარჩუნებულია ძველი თბილისის ხიბლი და კოლორიტი. მოგზაურ-ტურისტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად ძველ უბნებშიც რესტავრირებული შენობების საკმაო რაოდენობაა.

ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ნებისმიერი შენობის რეაბილიტაცია უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახლის აშენება. ამიტომ აქაც მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შერჩეული სპეციალისტების მონაწილეობით უნდა დამუშავდეს თბილისის ძველი შენობების ახლით ჩანაცვლების კონცეფციები და მათი რეკომენდაციებით უნდა განახლდეს ახალი თბილისი.

უცხოეთის ყველა ქალაქი, სადაც კერძო საკუთრებას პატივს სცემენ, ვითარდება ძველი შენობების ხარჯზე. სპეციალისტების საყურადღებოდ არაერთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული, მოწოდებულია ინფორმაციებიც - რა იდგა, რა მიზეზით დაანგრიეს, მის მაგივრად რა და რატომ ააშენეს.

განვიხილოთ მეორე პროგრამა "ხრუშჩოვკების" დემონტაჟისა და მათი ახალი სახლებით ჩანაცვლების საკითხზე: მარტის შუა რიცხვებში კალაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ჭიანურდება. ეს გასაგებიცაა. აღნიშნული სახლების დიდი რაოდენობა აგებულია საბურთალოზე, დიღომში, ვარკეთილში, მცირე ნაწილი - დიდუბეში. ავარიული სიტუაცია მხოლოდ ვარკეთილის დასახლებებში შეიქმნა. მათგან ნაწილი სხვადასხვა წელს დაშალეს, ზოგიერთი გააძლიერეს. ამჟამად თბილისში შემორჩენილია 500-ზე ცოტა მეტი შენობა. "ხრუშოვკების" ავარიულების მიზეზები მათი ექსპლუატაციის დაწყებიდანვე დადგენილა. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებით ვარკეთილში რელიეფის დონიდან 10 მეტრის სიღრმეზე, ლითოლოგიურ ჭრილში ძირითადად, მშრალი მტვეროვანი თიხნარებია დაფიქსირებული. წყალ-კანალიზაციისა და გათბობის სისტემებში ავარიულობისა და წვიმის წყლების საძირკვლებში ჩადინების პირობებში თიხნარი ფუვდებოდა, მისი გამოშრობა დახურულ გარემოში ვეღარ ხდებოდა, ფუძე-გრუნტი თანდათანობით რბილდებოდა, რამაც შენობების "ჯდენა" გამოიწვია, კედლებსა და ტიხრებში გაჩნდა ბზარები, იატაკები გადაიხარა, კარ-ფანჯრები გაიჭედა, იყო სხვა თანმდევი მოვლენებიც.

ასევე, საინჟინრო კვლევების პერიოდში გამოკვეთილა ავარიულობის კიდევ ერთი გარემოება.

არქიტექტურული გეგმარებით "ხრუშოვკების" უმეტესობას სარდაფები არ გააჩნია. სველი წერტილებიდან წყალსადენ-კანალიზაციისა და თბოქსელების ვერტიკალური დგარებისათვის პირველი სართულების ქვეშ 1.5 მეტრი ჩაღრმავების სივრცეა დატოვებული, საიდანაც ხდება აღნიშნული ქსელების ეზოში გამოყვანა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების სათვალთვალო ჭებში ჩართვა. აღნიშნულის გამო დაზიანებების დაფიქსირებაც შენობის ძირში და საძირკვლების ქვეშ დროულად ვერ ხდებოდა. კომუნიკაციების დაზიანებები იწვევდა და ამჟამადაც იწვევს საძირკვლებში წყლის ჩადინებას, ფუძე-გრუნტების დარბილებას, რაც ცხადია, შენობათა დაპროექტების წინ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებში დაფიქსირებულიც არ ყოფილა და დამპროექტებელს არც გაუთვალისწინებია.

აღნიშნულის გამო ვარკეთილის მასივში ასეთი სახლების უმეტესობა კომპეტენტურმა კომისიებმა ავარიულად ჩათვალეს, რის გამოც საბჭოთა ხელისუფლებამ ექსპლუატაციიდან 8-10 წელიწადში 25 სახლის მოსახლეობა თემქის ახალაშენებულ, 8-სართულიან სახლებში განასახლა და შემდეგ მოახდინა ავარიული სახლების დემონტაჟი.

იმავე ადგილებზე მოკლე პერიოდში ააგეს 13-16-20-სართულიანი საცხოვრებელი სახლები. მათი დაფუძნება განხორციელდა რკინაბეტონის ფილებზე. აქაც შეცდომა დაუშვეს.

P.S. თუ გსურთ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ან ფიქრობთ, რომ სხვა საინტერესო თემაზე ან საკუთარ თავგადასავალზე მოსაყოლი ბევრი გაქვთ, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"