რა გზას აირჩევენ აფხაზები? - კვირის პალიტრა

რა გზას აირჩევენ აფხაზები?

"აფხაზეთში უმძიმესი სოციალური ვითარებაა და ამ დროს ხელმძღვანელობა გვეუბნება, მალე 30 ათასი "კერძო მესაკუთრე" შემოვა, რაც აშკა­რად ასიმილაციას მოასწავებს. ყიდიან ენერგო და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს. მოვაშოროთ ეს მოღალატური მმართველობა", - მიმართავს მოსახლეობას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საიდ ბეია და 30 მაისს ყველას საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა ერთად გადააყენონ "ხელმძღვანელობა".

რეგიონში "დიდი სახალხო მიტინგისთვის" მზადება უკვე დაწყებულია - ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. პარალელურად ბჟანია-ანქვაბის გუნდი "სამთავრობო შენობების"­ გარშემო­ დამცავ ზღუდეებს აწყობს, რათა 2020 წლის ამბები არ განმეორდეს, როდესაც მისი კლანი ქუჩაში გამოვიდა და "არჩევნებში" რაულ ხაჯიმბას შედეგები გააპრ­ოტესტა. მაშინ მოსახლეობა, მათ შორის შეიარაღებული პირები, "სამთავრობო უწყებებში" შეცვივდნენ და იქაურობა დალეწეს... სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ხელახალი "არჩევნები" დაინიშნა, რომელშიც ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.­ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბჟანიამ ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ოპოზიციონერი საიდ ბეია თანამოაზრე­ებთან ერთად შედგენილ რამდენიმეპუნქტიან მოთხოვნებში ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებისა და "აპარტამენტებისა და სასტუმროების შესახებ" კანონპროექტის შეჩერებასაც ითხოვს.

კიდევ ერთი საკითხია საქართველოსთან­ ვაჭრობის ლეგალიზაცია,­ - ე.წ. ენგურის საზღვარზე მაღაზიების გახსნა, რომელიც საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია. აფხაზეთის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერის, სოფლის მეურნეობის მინისტრ ბესლან­ ჯოპუას თქმით, "რუსეთს თავად­ აქვს დეფიციტი­ და ვერაფერს გვაწვდის, ამიტომ ზოგიერთ ჩვენს მოქალაქეს პროდუქცია თურქეთიდან საქა­რთველოს გავლით შემოაქვს, რასაც მოსახლეობის ინტრიგანი­ ნაწილი და ოპოზიცია სპეკულაციისთვის იყენებენ... არ ვაპირებთ­ იმის დამალვას,­ რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი სანქცირებულია, თხილის ფასი დაეცა და წელსაც ვაპირებთ თხილის გასაყიდად საქართველოში გატანას... ასე მოვიქეცით შარშანაც, მაგრამ ეს მაშინ არავის გაუპროტესტებია".

აფხაზთა ნაწილი 30 მაისის აქციებს­ სკეპტიკურად უყურებს. ახლა ტურისტული­ სეზონი იწყება და "აქციებზე სარბენად არავის სცალია, მით უფრო, ბევრს არც აწყობს ხალხმრავალი აქციები, რადგან სეზონზე არასტაბილური პოლიტიკური ვითარება მათ შემოსავალზე უარყოფითად იმოქმედებს". ამ აქციების შედეგი საეჭვოდ ეჩვენებათ იმის გამოც, რომ "რუსეთმა არც კი ჰკითხა აფხაზებს, ისე აღადგინა ქართულ მხარესთან ავიაფრენები და მოუხსნა სავიზო რეჟიმი. როდესაც მთავარ­ მოკავშირესთან ინტერესთა გადაკვეთა­ ხდება, მისთვის პრიორიტეტი თავისი ინტერესებია".

ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას თქმით, "თბილისთან ასეთ თანამშრომლობაზე რუსეთს სოხუმი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა და მსგავსი თემები შეეთანხმებინა. არავინ ამბობს, რომ რუსეთმა კოორდინირება უნდა გაუწიოს აფხაზეთის ურთიერთობას ჩინეთთან ან კოლექტიურ დასავლეთთან, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს, რომელთანაც აფხაზეთი ომშია, ჩვენი აზრი გასათვალისწინებელია".

პუბლიცისტი ლევან ხიშბა სოცქსელში წერს: "ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა ორივე მხარეს კიდევ ერთხელ დაუბრახუნა­ მუშტი მაგიდაზე და უთხრა, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მე მსურსო... რუსეთის განკარგულებებს ქართული მხარე­ არ მოუსმენს, რადგან თვალი ევროპისკენ­ უჭირავს, მაგრამ ჩვენ პირდაპირ გვითხრა, როცა მინდა დამოუკიდებელი იქნებით, როცა მინდა ჩემს მფარველობაში და თუ საქმეს დასჭირდება, საქართველოსკენაც გადადგამთ ნაბიჯს, რადგან ჩემს საქმეს ასე სჭირდებაო. მიაჩნია, რომ თუ მოისურვებს, ერთიან სივრცეში თანაცხოვრებაზეც დაგვითანხმებს, ოღონდ მისი კონტროლით... არც ქართველებს სჯერათ რუსული ზღაპრების, იციან, რომ რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან არ გაიყვანს. მეორე - ჩვენს რეგიონში რუსული ბიზნესი უკვე ისე მასშტაბით არის შემოსული, უკან დახევას არ აპირებენ. 30 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია კიდევ ერთი გაბრძოლებაა იმისთვის, რომ რუსეთს ბოლომდე არ მივეყიდოთ, რადგან თუ თავისი გაიტანეს, უძრავი ქონების შესყიდვის უფლება მიიღეს, ბიჭვინთის აგარაკები გადაიფორმეს, ენერგოსისტემაზე კონტროლი ჩაიბარეს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ქაღალდზე დარჩება.

ცხინვალს არც აქვს დამოუკიდებლობის­ პრეტენზია. მათ რამდენჯერმე მიმართეს რუსულ მხარეს, თქვენს შემადგენლობაში გვინდა შემოსვლაო, რაზეც რუსეთმა თავი შეიკავა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ვინმესი ერიდება, რესპუბლიკა სამართლებრივად მის იურისდიქციაში გადავა, რაც ნიშნავს, რომ კიდევ რამდენიმე ათას კაცზე მოუწევს ზრუნვა, რაც ამ ეტაპზე არ აწყობს".

აფხაზი ბლოგერი ალექსანდრა ბარგანჯია: "აფხაზი ხალხი ბოლო 30­ წელია, რუსეთის მფარველობაში მყოფი ადგილობრივი პოლიტიკოსების მაფიოზური თამაშების სცენარის მონაწილეა... ახლა კი თუნდაც დაპირისპირების ფასად, ეს უნდა შეიცვალოს. პირველი ნაბიჯი 30 მაისს უნდა გადაიდგას და მანამდე არ უნდა შევჩერდეთ, სანამ ხელისუფლება უკან არ დაიხევს­ - ან რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს. რუსეთმა აფხაზეთში თავისი პატარა ფილიალი შექმნა. რეგიონი ისე ცხოვრობს, როგორც რუსეთის პროვინციე­ბის უმეტესობა. არ გვაქვს დენი, გაზი და წყალი... როგორც კი რუსეთს დასჭირდა, ავიაკომპანია "აზიმუტს" აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან­ ამოაღებინა, რაც ჩვენმა ხალხმა გააპროტესტა, ოღონდ ძალიან სუსტად. ახლა რუსეთს კავკასიაში ურთიერთობების განახლება სჭირდება, ოღონდ საინტერესო ობიექტებში აფხაზეთი არ შედის. ჩვენ ისედაც მისი უკანა ეზო ვართ, ახლა უნდა საქართ­ველოს დაუახლოვდეს. ამისთვის კი რა სჭირდება? აჩვენოს, რომ თუ მოუნდება, იმ დამოუკიდებლობის აღიარებასაც თავზე გადაგვახევს.­ ისედაც არაერთხელ გვითხრა ირიბად, თქვენ ხომ არ გგონიათ, მართლა დამოუკიდებლები ხართო. აფხაზეთი რომ თავისი შავი საქმეებისთვის სჭირდება, ამას ყოველდღე ვხედავთ - აქ აქვთ მაინერების უკანონო ბიზნესი, აპარტოტელები, სადაც ჩვენი ჩინოვნიკების ზღაპრებს თუ მოვუსმენთ, თურქეთიდან ჩვენი მუჰაჯირები და აფხაზეთში ინვესტიციის ჩადების მსურველი თურქები უნდა დაბინავდნენ... სინამდვილეში, იმ რუსების ჩასახლება იგეგმება, რომელთაც აფხაზეთში ბიზნესის დაწყება სურთ. თუ უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიყიდვის უფლების პარალელურად, მათ ხმის მიცემის უფლებასაც მისცემენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე სომხურ დიასპორას ოცნება აუხდება და რეფერენდუმი ჩატარდება: ჩვენ, აფხაზური ეთნოსი, ერთი მილიონი მაინც რომ ვიყოთ, ერთი 50 წელი მაინც საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ 200 ათასზე ოდნავ მეტი ვართ და თუ აქ აპარტამენტები ააშენეს და რუსები შეასახლეს, ხუთ წელიწადში ვისი იქნება აფხაზეთი? - რუსეთის. რამდენიმე დღის წინ აგუძერის რაი­ონულ­ სამხედრო ჰოსპიტალში ვიყავი. იქაურობა მოსიარულე მკვდრების თავშესაყარს ჰგავს. გარშემო კი ჩვენი ჩინოვნიკების სასახლეებია, მაღალი გალავნებით. აქაურები მათ "ღმერთების კომპლექსს"­ უწოდებენ. თუ სურთ, საქართველოში გადავლენ საქეიფოდ თუ სამკურნალოდ, თუ მოისურვებენ, ევროპაში. რუსეთს აღარ ენდ­ობიან და ეს ერთადერთია, რაშიც ვეთანხმები. ახლა ჩვენი მთავარი მოკავშირე ცდილობს გვაიძულოს მასა და საქართველოს შორის არჩევანი გაგვაკეთებინოს - საქართველოსთან უვიზო მიმოსვლითა და ფრენების აღდგენით გვაჩვენებს, რომ მასთანაც სჭირდება ურთიერთობის დალაგება, ოღონდ ჩვენს ხარჯზე. მე და ჩემს თაობას რუსული სტაბილურობის არ გვჯერა. ქართულ მხარესთან დიალოგი შეიძლება თუ არა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად ივლის ის ევროპისკენ. ამ ეტაპზე ევროპა უალტერნატივოა".

ელა ინალ-იფა, ბლოგერი: "25 წლის განმავლობაში ვხედავ, რომ აფხაზი ერი მოსამსახურე ფენად იქცა და როგორც უფროსი თაობა ამბობს, თანდათან ღირსებასაც ვკარგავთ. ჩვენ არ გვინდა რევოლუცია, მაგრამ თუ მთავრობა სხვა გზას არ დაგვიტოვებს, იძულებული ვიქნებით, ხალხის ძალა ვაჩვენოთ".