„ცხენი, ჯირითი მიყვარდა, მაგრამ არ მეგონა, თუ უნაგირების ოსტატი გავხდებოდი“ - კვირის პალიტრა

„ცხენი, ჯირითი მიყვარდა, მაგრამ არ მეგონა, თუ უნაგირების ოსტატი გავხდებოდი“

უნაგირი ცხენის აღკაზმულობის მთავარი ნაწილია, ხოლო ადამიანს, რომელიც უნაგირს ქმნის, მეუნაგირეს, იმავე სარაჯს უწოდებენ... დავით ჩალათაშვილი უნაგირს 20 წელიწადია ამზადებს. პროფესიით მსახიობი, მხედარი, უნაგირის კეთებით უდიდეს სიამოვნებას იღებს, თანაც მუდმივად ახლის ძიებაშია. უნაგირის ოსტატი კი ჰქვია, მაგრამ უფრო ხელოვანია, მისი შექმნილი უნაგირი, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშია. უნდა დახაზო, პარამეტრები სწორად დასვა, გჭირდება ფანტაზია, ნიჭი, სტრუქტურა არ უნდა დაირღვეს... გასათვალისწინებელია როგორც ცხენის, ისე მხედრის წონაც. საქმე შრომატევადია, ხელით საკეთებელი და ამ საქმის ინტერესი დავითს ბავშვობიდან ჰქონდა. ზაფხულში სოფელში რომ ჩადიოდა, უბადლო ოსტატი პაპის შრომას აკვირდებოდა. პაპაც სთხოვდა, კარგად დაჰკვირვებოდა, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს დავითი მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მეუნაგირეობა მომავალში მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმე გახდებოდა.

დავით ჩალათაშვილი:

- 12 წლის ვიყავი, პაპა რომ გარდაიცვალა. დაახლოებით მაგ დროს იპოდრომზე დავიწყე ვარჯიში როგორც ცხენოსანმა და ამ სპორტს გავყევი. 16 წლისა კინოსტუდიაში ცხენოსნად გადავედი. ცხენმა კინოგადაღებას მაზიარა. მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ვიყავი თეატრში, კინოში, გახმოვანებაზე, თუმცა დღეს ამ საქმის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება... უნაგირი რომ გააკეთო, ცხენს კარგად უნდა იცნობდე, ანუ ჯერ მხედრობა უნდა ისწავლო. ძალიან მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, მეტად გამოვაცოცხლოთ, განვავითაროთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს, დიდხანს იცოცხლოს.

- ესე იგი, უნაგირის გაკეთება ბევრ ფიქრს მოითხოვს...

- კი, ასეა და შეცდომას არ გაპატიებს. ყველაფერი ხელით და გულდაგულ უნდა გამოიყვანო და შექმნა. ჩემი ნამუშევრები მიყვარს, რადგან მათთვის სული მაქვს ჩაბერილი. თითოეულს ჩემი ემოცია თან ახლავს. მუშაობის პროცესს სიმშვიდე სჭირდება. როდესაც პაპა ამ საქმით იყო დაკავებული, მაშინ საქართველოში უნაგირები დიდად არ ჭირდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოდიოდა, მაგრამ ქართული უნაგირი მაინც განსხვავებული იყო და არის. სახნავ-სათესად სხვა გჭირდება, გადასაადგილებლად სხვა, სამწყემსოდ - სხვა...

პაპა მათრახს რომ დაწნავდა, ითხოვდა, ამისთვისაც მეყურებინა. მათრახიც რთული გამოსაყვანია. თავიდან ტყავი გამოჰყავდა, რაც კიდევ სხვა სპეციფიკა იყო. ყურადღებას იმ ყველაფერს თითქოს არ ვაქცევდი, მაგრამ მხედველობითი მეხსიერება ინახავდა და საჭიროების შემთხვევაში ამოატივტივა.

cxeni3-1687261042.jpg

- მითხარით, კინოსტუდიაში მხედრად რომ გადავედი, მეუნაგირეობას იქაც დავუახლოვდიო. რას გულისხმობდით?

- იმხანად საბჭოთა კავშირში სამი საცხენოსნო ბაზა არსებობდა: "ტაჯიკფილმის," "ქართული ფილმისა" და "მოსფილმის". საქართველოს კინოსტუდიას ძალიან დიდი ბაზა ჰქონდა, შესაბამისი ინვენტარით, მდიდარი და მრავალფეროვანი. იქ ნახავდით აღკაზმულობებს, უნაგირებს, სხვადასხვა ფაეტონს... ამიტომ იქ ბევრ რამეს სწავლობდი. სანამ მათთან მხედრად გადავიდოდი, კინოსტუდიის მხედრებს იპოდრომის მხედრები ვეხმარებოდით. კინოსტუდიაშიც მაგრები დამხვდნენ, საინტერესო ჯგუფი იყო. სხვადასხვა საქმის არაერთი ძველი ოსტატიც მუშაობდა, ფაეტონს აკეთებდნენ, უნაგირის შეკეთებაც ეხერხებოდათ. მერე რაღაცების გაკეთება ჩვენც დავიწყეთ. ერთმა მკითხა, შეგიძლია უნაგირი გამიკეთოო? გავუკეთე, მეორე, მესამე მოვიდა და ყველას მეგობრულად ვემსახურებოდი. უნაგირები სატყეო დეპარტამენტმაც შემიკვეთა... ნელ-ნელა რაოდენობა გაიზარდა და უკვე ჩემი საქმიანობა დავარეგისტრირე... აქტიურად ვმუშაობდი და თან პაპა სულ მახსენდებოდა, რომელიც ამ საქმის საოცარი ოსტატი იყო. დღესაც კადრებად მიცოცხლდება მისი საქმიანობა.

- ამ საქმისთვის საფუძველი გქონიათ...

- კი, ვუყურებდი, თან ვეხმარებოდი კიდეც და რაღაცებს ვიმახსოვრებდი. კინოსტუდიაშიც ხომ ვნახე უნაგირის სხვა მოდელები, ტექნოლოგია, როგორ მზადდებოდა. ამან კიდევ მეტი გამოცდილება შემძინა და ჩემი ხელით შრომა დავაფასე. ახალშეძენილ და პაპისგან გადმოცემულ ცოდნას ერთმანეთს ვუკავშირებდი, რაც პროდუქტის შექმნაში მეხმარებოდა.

- სულ რამდენი გექნებათ დამზადებული?..

- 20 წელია, ვმუშაობ და თუ ასე, უცებ გიპასუხებთ, რამდენიმე ათასი იქნება... ისე, შეკვეთის მოდელსაც გააჩნია - ვიღაცას უნდა ნაქარგ-ნაჭედი, ვიღაცას - ტყავის, შაბლონური... შეიძლება, როცა ბევრია შესაქმნელი, ორი მუშა დავიხმარო, ჩემი უმცროსი ბიჭიც, მაგრამ საავტოროს შექმნაში ვერავინ დაგეხმარება, შენ უნდა გააკეთო.

cxeni2-1687261042.jpg

- რამდენნაირი უნაგირი არსებობს?

- საოფიცრო, სამწყობრო, კაზაკური (ზოგადკავკასიური), ვესტერნის ტიპის, "პეპელა"... მინიმუმ 5 სახის უნაგირია... ასე მგონია, ამ საქმით ჩემს სამშობლოს ძალიან ვეფერები. მყავს ცხენებიც. თუ გინდა შედეგი გქონდეს, ცხენს უნდა ელაპარაკო. ყველაფერი ესმით. ოთხი ცხენი მყავს. თითოეულს სათანადო დროს ვუთმობ. ამ ყველაფრით სამშობლოსთან, ბუნებასთან მეტ სიახლოვეს ვგრძნობ. ცხენი გაძლევს საშუალებას გადაადგილდე თითქმის ნებისმიერ ადგილას - ტყეში, წყალში, მინდორზე, იქ, სადაც პიკაპი ვერ მივა... მასზე ამხედრებული არც დაფრინავ, არც მიწაზე ხარ, სადღაც შუაში იმყოფები, მაგრამ გადაადგილდები. ცხენი ადრენალინს გაწვდის, თან გემეგობრება. არ უნდა შეგიფრთხეს, თუ შეგიფრთხა, უნდა დაამშვიდო. თუ დასაძალებელია, უნდა დააძალო, დაბრკოლება გადაალახვინო...

- თქვენ ქმნით პროდუქტს, რომელიც დიდ სიამოვნებას განიჭებთ, ასეა?

- დიახ და ეს პროდუქტი მხედარსა და ცხენს შორის შუამავალია. პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ მხედრის ცხენი არ უნდა დაზიანდეს, შესაბამისად, არც თავად მხედარი. ეს უკვე სწორად გათვლილი ზომებით შექმნილი პროდუქტია. ადამიანმა სიამოვნება უნდა განიცადოს. რაც მთავარია, ეს ქართული უნაგირია.ჩვენ სხვაგან ვეძებთ წუთისოფელს, არადა, აქაც გვაქვს ბევრი საინტერესო რამ. ვგულისხმობ არა მარტო უნაგირს, მამაპაპეულ არაერთ ხელსაქმესაც. თუმცა უნაგირი დღევანდელ ცხოვრებაშიც მოთხოვნადი გახდა. ალბათ, ისევ იმიტომ, რომ ცხენს ვერც ერთი ტრანსპორტი ვერ ცვლის. ამიტომ მგონია, რომ ეს საქმე კიდევ მეტად უნდა განვითარდეს.შრომა არ უნდა დავიზაროთ, არ უნდა იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ ამას ვერ ვიკადრებ, ვერ გავაკეთებო. სკოლის პერიოდში სულ არ ვიფიქრებდი, რომ ასეთი მშრომელი გამოვიდოდი.

cxeni4-1687261042.jpg

- მსახიობი და მხედარი, ისე აღმოჩნდა, რომ უნაგირის ოსტატი ბრძანდებით.

- ისე გამოვიდა, რომ ბავშვობაში რაც მაინტერესებდა და მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში სხვადასხვა პროფესია შევიძინე, მაინც იქით წავედი.

ცხენი, ჯირითი, უნაგირები მიყვარდა, მაგრამ არ მეგონა, თუ უნაგირების ოსტატი გავხდებოდი, მაგრამ სულის სიღრმეში ეტყობა, მაინც მაწუხებდა და როცა მომეცა საშუალება, კიდეც ამოხეთქა.

- კარგი იქნება, თუ ცხენით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება...

- ძალიან მიყვარს და ვეფერები ახალგაზრდებს. თვითონაც სამი ბიჭის მამა ვარ. ყველას ვთხოვ და ვურჩევ, ვისაც შეუძლია ცხენოსნობაზე უარს ნუ იტყვის. ღირსეული, ვაჟკაცური სპორტია - მეტად შეგაყვარებს შენს თავს, მეგობრებს, ზოგადად ადამიანს. იქნებ ინტერნეტს ცოტა დრო მოაკლონ, მიაკითხონ საცხენოსნო ბაზებს, ვისაც საშუალება აქვს, სოფლებში, რაიონებში დაუახლოვდნენ ამ სპორტს. ცხენოსნობა აჯანსაღებს ადამიანს ფიზიკურად და სულიერად. პირველი, რა თვისებასაც ადამიანს უვითარებს, სხვაზე ზრუნვის უნარია. ძალიან მინდა ყველამ საკუთარ ქვეყანაში ვიშრომოთ, აქ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, აქაურობას ნუ გავურბივართ. ორ წელიწადზე მეტი ამერიკაში ცხოვრება ვერ შევძელი და დავბრუნდი. არადა, გარბიან.

ლალი ფაცია