ვინ და რატომ  შექმნა "ნუგზარ საჯაიას ფენომენი?" - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ  შექმნა "ნუგზარ საჯაიას ფენომენი?"

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და დღემდე საიდუმლოებით მოსილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გენერალ-ლეიტენანტ ნუგზარ საჯაიას გარდაცვალებაა. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ასევე აქტიურად განიხილებოდა და განიხილება უბედური შემთხვევისა და მკვლელობის ვერსიებიც. ეს ტრაგიკული შემთხვევა 2002 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით შუადღეს მოხდა. ის პერიოდი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური გზაგასაყარი იყო და არჩევანი მაშინაც, სამწუხაროდ, ძალზე მწირი გვქონდა: "დასავლეთი" ან რუსეთი! ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ნ. საჯაია უშუალოდ იყო ჩართული ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ პროცესებში. ერთად გავეცნოთ მის ბიოგრაფიას.

ნუგზარ საჯაია (25 დეკემბერი, 1941 - 25 თებერვალი, 2002) წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ქ. თბილისის 71-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, 1970-1979 წლებში - კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, მცხეთის რაიკომის მეორე მდივანი, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი, კომპარტიის ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1979-1989 წლებში - კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ნ. საჯაია 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან". იყო მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი. 1991 წლის 9 აპრილს ნ. საჯაიას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 1993 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე; 1993 წელს - საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 1996 წელს - პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. 1996 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-მაიორის, ხოლო 2001 წლის 21 დეკემბერს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

ბიოგრაფიული მონაცემებიდან კარგად ჩანს, რომ ნ. საჯაიას კარიერული წინსვლა საქართველოში ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ აღზევებას ემთხვევა: საკმაოდ ახალგაზრდა ნ. საჯაია 1972 წლიდან მოყოლებული მაღალ პარტიულ-სამეურნეო პოსტებზე ე. შევარდნაძის გადაწყვეტილებით ინიშნებოდა. წლების მანძილზე ის შევარდნაძის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ კადრად ითვლებოდა. ნ. საჯაია საკმაოდ დიდ სიმაღლეებს მიაღწია კომპარტიის "იერარქიულ საფეხურებზე” და ძლიერ ადმინისტრატორად ჩამოყალიბდა. ე. შევარდნაძე, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ზოგადად "პოლიტიკურ სამზარეულოში" კარგად ჩახედული პიროვნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ე.წ. "ადმინისტრაციული ორგანოების" (შსს, სუკი, პროკურატურა და სასამართლო სისტემა) ხელმძღვანელების პირად ერთგულებას. ნ. საჯაია იყო ის კადრი, რომელიც წლების მანძილზე (როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე შემდეგაც) უზრუნველყოფდა ამ მიმართულების კონტროლს და კადრების შერჩევას.

shev2-1688711057.jpg

ნუგზარ საჯაია საბჭოთა გენერლებთან (მარცხნიდან პირველი - რ. თავაძე) ერთად, თბილისი. გასული საუკუნის 80 იანი წლები.

თუმცა იყო ერთი სტრუქტურა და ერთი პიროვნება, რომელიც მხოლოდ მოსკოვს ემორჩილებოდა და ე. შევარდნაძის "თავის ტკივილი" იყო: სუკ-ი და ალექსი ინაური. მათზე ხელი არც შევარდნაძეს და არც საჯაიას არ მიუწვდებოდა. პირიქით: ინაური აგროვებდა მათზე კომპრომატებს! ე. შევარდნაძისა და ა. ინაურის "დიდ სიყვარულს" ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა და ჯერ კიდევ 30-50-იან წლებში იღებდა სათავეს.

პირველად "ნკვდ”-ს უკანონო ქმედებებს ე. შევარდნაძე, როგორც თავად იხსენებდა, ბავშვობაში შეეჯახა, როცა მამამისი, სკოლის მასწავლებელი, დაპატიმრების შიშით გურიის მთებში იმალებოდა. მეორედ, უკვე ახალგაზრდა კომკავშირულმა მუშაკმა "ამხანაგმა ედუარდმა” საბჭოთა უშიშროების სისტემის მთელი სისასტიკე მაშინ შეიცნო, როცა გაიგო, რომ მისი მომავალი მეუღლე, ნანული ცაგარეიშვილი, რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა ფაქტმა უკვე იმ პერიოდში ჩამოუყალიბა შევარდნაძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება უშიშროების ორგანოებისადმი. თვითონ კი, როგორც ყველა ნომენკლატურულ მუშაკს, უკვე 1956 წლიდან კა-გე-ბეს "აჩრდილის” თანხლებით უხდებოდა მუშაობა. ეს ის პერიოდია, როცა 1953 წლის აგვისტოში, ნიკიტა ხრუშჩოვის პირადი მითითებით საქართველოს სსრ შსს-ს მინისტრად კავალერისტი, გენერალ-მაიორი ალექსი ინაური დაინიშნა, ხოლო ამ სამინისტროდან 1954 წელს კა-გე-ბეს გამოყოფის შემდეგ ის უკვე გენერალ-ლეიტენანტი და ამ უწყების ხელმძღვანელი ხდება. მიუხედავად ქართული წარმოშობისა, ინაური კრემლის ყურმოჭრილი მსახური იყო და თავისი ხანგრძლივი კარიერის ბოლომდე ასეთად დარჩა. ის 35 წელი იყო კა-გე-ბეს თავმჯდომარე და ამ პერიოდში ერთი მილიმეტრითაც არ გადაუხვევია მოსკოვის მითითებებიდან. ინაური თავიდანვე სამაგალითო, ერთგვარი "რობოტი” შემსრულებელი იყო და ასეთადაც დარჩა. ვეტერან ქართველ ჩეკისტებს (მაგ. გენერალ გ. ჯორბენაძეს) მის პროფესიონალიზმში ყოველთვის ეჭვი ეპარებოდათ და მიაჩნდათ, რომ ყოფილი კავალერისტი ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის სიღრმეებს ვერ ჩასწვდა. სამაგიეროდ მას ბუნებით მომადლებული ჰქონდა ეშმაკობა და ინტრიგების ხლართვის ნიჭი, რამაც შეაძლებინა ასეთი რეკორდული ვადით ეხელმძღვანელა საქართველოს უშიშროებისათვის და სკკპ ხუთი გენერალური მდივანი "გამოეცვალა”, გენერალ-პოლკოვნიკის და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები მიეღო (!!!).

ალექსი ინაური, რამდენადაც "მოსკოვის” წინაშე მორჩილი იყო, იმდენად "პატარა დიქტატორი” იყო ქვეშევრდომთა მიმართ და "კავალერისტული” (ხშირად ნაჩქარევი) გადაწყვეტილებების მიღება მისთვის მუშაობის ჩვეული სტილი იყო. ის 80 წლისა იყო, როცა 1988 წელს პოსტი დატოვა. ბოლო წლებში ცკ-ს ბიუროს სხომებზე და პარტიულ თათბირებზე ბერიკაცს ჩასთვლემდა ხოლმე, მაგრამ მისი მაინც ეშინოდათ. "როცა ინაურს სძინავს, მაშინაა ყველაზე საშიში” - მხოლოდ ამ დროს თუ გაიხუმრებდნენ ორაზროვნად საქართველოს კომპარტიის ცკ-ის თანამშრომლები.

უდიდესი აგენტურული აპარატის წყალობით ა. ინაური პირველი იგებდა საქართველოში მომხდარ ყველა საყურადღებო ფაქტს, რომელსაც ჯერ პირდაპირ მოსკოვში, კა-გე-ბეს ხელმძღვანელობას მახსენებდა, ხოლო შემდეგ კი რესპუბლიკის ცკ-ს პირ-ველ მდივანს აცნობებდა.

ა. ინაური გულმოდგინედ აგროვებდა კომპრომატებს საქართველოს პარტიულ და სამეურნეო ელიტაზე. მრავალ ასეთ ფაქტს შორის 80-იანი წლების დასაწყისში, რატომღაც განსაკუთრებით ფართოდ ერთი გახმაურდა, რაც ძალიან ჰგავდა კა-გე-ბეს მიერ ჩატარებულ "აქტიურ ღონისძიებას” ანუ მისთვის საჭირო მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის "შემთხვევით” (სინამდვილეში კი მიზანმიმართულ) გაჟონვას. მაშინ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა ხმები, რომ ინაურმა ცკ-ს პირველ მდივანს მაგიდაზე ორი მაღალჩინოსანი პარტიული მუშაკის, ოპერატიული ტექნიკის საშუალებით გადაღებული ფოტოსურატები დაუდო, სადაც ისინი სხვადასხვა პირებთან ჰომოსექსუალური კავშირების დროს იყვნენ დაფიქსირებულნი. ა. ინაურის მიზანი იყო ეს შესაძლო ფაქტი შევარდნაძისა და მისი ერთგული პარტიული მუშაკების დასაშანტაჟებლად გამოეყენებინა. თუმცა ვერ გათვალა ვის "ეჭიდავებოდა”. შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა ინაურს "ჩეკისტური” სიფხიზლისათვის და ფოტოსურათები დაიტოვა. კა-გე-ბეს შეფის "გაცოფება” გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამის შემდეგ შევარდნაძეს არანაირი საკადრო ცვლილება არ მოუხდენია და ამ სკანდალის მონაწილენი ბოლომდე მის გუნდში დარჩნენ.

ამგვარი გადაწყვეტილებებით ექს-პრეზიდენტი შევარდნაძე ცდილობდა თავად ჰქონოდა კომპრომატები ხელქვეითებზე და საჭირო მომენტში მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამგვარი "ბიზანტიური პოლიტიკის” წყალობით ინარჩუნებდა შე-ვარდნაძე პოსტს. ამას არც თვითონ მალავდა, როცა 2005 წლის აგვისტოში პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში სინდისის ქენჯნის გარეშე თავმომწონედ აცხადებდა: "მე ყველას ცოდვა ვიცოდიო”, იმას კი აღარ ამატებს, თუ რა მიზნებით იყენებდა ამ "ცოდვების ცოდნას”.

ერთი კია: კოპრომეტირებული, მაგრამ პირადად მისი ერთგული კადრების ხელისუფლების უმაღლეს პოსტებზე დანიშვნით შევარდნაძე უდიდეს დარტყმას აყენებდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. თავად განსაჯეთ, თუ ინაურის იმ ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვს არ შევიტანთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კა-გე-ბეს შეფი ამ "კომპრას” ჯერ მოსკოვში გადააგზავნიდა, მაშინ, იმის გათვალისწინებით, რომ ინაურის იმ ორ "მსხვერპლს” საკმაოდ მაღალი პოსტები ეკავათ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ცხადი ხდება თუ ზემოქმედების რა დიდი ბერკეტები ჰქონია ჩვენს ქვეყანაზე "კრემლს” თითქმის ოცი წლის მანძილზე.

აი ასეთ პირობებში და ასეთ "კოლეგასთან”, თანაც მისი მუდმივი და ფარული მეთვალყურეობის ქვეშ უხდებოდა 1956-1965 წლებში მოღვაწეობა შევარდნაძეს.

თუ კომკავშირულ-პარტიული თანამდებობები შედარებით არბილებდა უშიშროების მხრიდან კონტროლს, 1965 წლიდან, როცა ის საქართველოს სსრ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის (შემდგომში შინაგან საქმეთა) მინისტრად დაინიშნა, სუკ-ის "აჩრდილი” უფრო საშიში გახდა. თანაც ამ პერიოდში დაიწყო დიდი ფარული დაპირისპირება ბრეჟნევის ორ პროტეჟეს: ანდროპოვსა და შჩოლოკოვს შორის, რაც კა-გე-ბესა და შსს-ს შორის უწყებრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

shev3-1688711208.jpg

ნუგზარ ენდელაძე, ნუგზარ საჯაია და ნუგზარ ფოფხაძე

მოსკოვში "კულისებსმიღმა” მიმდინარე ბრძოლამ მოკავშირე რესპუბლიკებსაც მიაღწია. ინაური და შევარდნაძე მოწინააღმდეგე ბანაკებში აღმოჩნდნენ. საქართველოს მომავალ პრეზიდენტს იმ წლებში უფრო გაეზარდა შიში და სიძულვილი ანდროპოვის მიერ გაძლიერებული უშიშროების ერთიანი სისტემის მიმართ. ორი ქართველი "ძალოვანი” მინისტრის დაპირისპირება და ფარული სი-ძულვილი მრავალწახნაგოვანი იყო:

- ასაკობრივი: ინაური ოცი წლით უფროსი იყო შევარდნაძეზე და ისინი სხვადასხვა თაობას წარმოადგენდნენ;

- პოლიტიკური: ერთი სიცოცხლის ბოლომდე "სტალინისტად” დარჩა, მეორეს კი კარიერის გარდა არანაირი პრინციპი არ გააჩნდა;

-პროფესიონალური: ინაური ომგამოვლილი გენერალი იყო, როცა უშიშ-როების ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო შევარდნაძე ხელმოცარული პარ-ტიული მუშაკი, რომლის შსს-ში გადაყვანა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა და ფაქტობრივად პარტიული კარიერის დასრულებას მოასწავებდა;

-უწყებრივი: მოსკოვში მათ სხვადასხვა ”პატრონები” ჰყავდათ, რომლებიც ქვყნის პირველი პირის - ლეონიდ ბრეჟნევის ფავორიტები იყვნენ და თანაბრად ერეოდნენ საკადრო პოლიტიკაში. ასე მაგალითად, ანდროპოვმა აზერბაიჯანში თავისი პროტეჟე, ადგილობრივი კა-გე-ბეს შეფი ჰეიდარ ალიევი 1969 წელს ცკ-ს პირველ მდივნად დაანიშნინა. შჩოლოკოვმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ აიღო რევანში, როცა შევარდნაძის მიერ მჟავანაძის ოჯახზე წლების მანძილზე საგულდაგულოდ ნაგროვები კომპრომატები ბრეჟნევს შეუტანა და საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ახალ პირველ მდივნად შსს-ს მინისტრს გაუწია რეკომენდაცია;

-კარიერული: საქართველოს შსს-ს ახლგაზრდა მინისტრმა ისე მიიღო 1967 წელს გენერლის წოდება, რომ ჯარში ერთი დღეც არ უმსახურია, ხოლო ინაურმა ამ წოდებამდე ყველა საფეხური პირნათლად გაიარა;

- ამბიციების გამო: საქართველოში შსს-ში შევარდნაძის დაინიშნისთანავე, ეს უწყება ყოველთვის ცდილობდა პოლიტიკურ საკითხებში, ფაქტიურად კი უშიშროების კომპეტენციაში შეჭრას. "დამნაშავეობასთან და მექრთამეობასთან” ბრძოლის საფარქვეშ გამალებით მიდიოდა ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა პარტიული კონკურენტების წინააღმდეგ. ამგვარი მეთოდებით ჩამოიცილა მან ყველაზე საშიში მოწინააღმდეგენი. შევარდნაძეს საკადრო პოლიტიკაც კარგად გათვლილი ჰქონდა: მას შსს-ში გადაჰყავდა და აწინაურებდა ახალგაზრდა რაიკომის ინსტრუქტორებს, რომლებიც კარიერას მხოლოდ მას უმადლოდნენ და ათწლეულების მანძილზე მისდამი განსაკუთრებული პირადი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. კომპრომატები გროვდებოდა უპირველესად საქართველოს ცკ-ს პირველ მდივან ვასილ მჟავანაძესა და მის ოჯახზე. ახალ მინისტრს არ გასჭირვებია ბრეჟნევის უახლოესი მეგობრის, საკავშირო შსს-ს მინისტრის, შჩოლოკოვის კეთილგანწყობის მოპოვება და მის "ფრთებქვეშ დაბუდება”. წლების მანძილზე ნაგროვმა ტყუილმა თუ მართალმა და მოსკოვიდან შჩოლოკოვის გადამწყვეტმა მხარდაჭერამ შედეგი 1972 წელს გამოიღო. პირველი მილიციელობიდან პოლიტიკურ ასპარეზზე ყველასგან მოულოდნელად დაბრუნებულმა ბატონმა ედუარდმა კონკურენტთა წინააღმდეგ ანგარიშსწორების ნაცადი იარაღი - შსს-ს ოპერატიულ-აგენ-ტურული ძალები აამოქმედა. მილიციას საზოგადოების ყველა ფენაში და ფაქტიურად ყველა ეზოში ჰყავდა აგენტურა (სანდო პირები, ფარული თანამშრომლები და ა.შ.) და ამ "მაჩვენებლით” კა-გე-ბეს ბევრად უსწრებდა.

ბრეჟნევის სიკვდილამდე შევარდნაძე საქართველოს სრულად აკონტროლებდა. დიდი მიწერებისა (ჩაის და ყურძნის "არნახული მოსავლი” მხოლოდ ქაღალდზე იყო) და ტკბილი ენის წყალობით მან თითქმის ყველა საბჭოთა პოლიტიკურ "მწვერვალს” მიაღწია. ჯერ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი გახდა, ხოლო 1981 წელს სოციალისტური შრომის გმირობასაც გამოჰკრა ხელი და იმავე წელს დაჩაჩანაკებული ბრეჟნევი თბილისშიც ჩამოიყვანა. თითქოს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა და მისთვის "ცხოვრება საამური" იყო, მაგრამ უეცრად, სულ რამდენიმე თვეში მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა.

1982 წლის ნოემბერში საბჭოთა იმპერიის სათავეში იური ანდროპოვი მოვიდა და მაშინვე დაიწყო რეპრესიები შჩოლოკოვისა და მისი პროტეჟეების მიმართ.

იმავე წლის 18 დეკემბერს შჩოლოკოვი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და გარიცხეს პარტიიდან. ამის შემდეგ კი ანდროპოვმა აისრულა მრავალი წლის ოცნება: კა-გე-ბე-დან ოფიცრები გადაიყვანეს მილიციის ორგანოების "გასაძლიერებლად”. შინაგან საქმეთა საკავშირო და რესპუბლიკურ სამინისტროებში მინისტრის მოადგილის რანგში მოქმედი რეზერვის ოფიცრებად (ე.წ. "ოდრ”-ად) უშიშროების კადრი დაინიშ-ნა, ხოლო კა-გე-ბეს მე-3 სამმართველოს, სამხედრო დანაყოფებთან ერთად მილიციის კონტრდაზვერვითი "მომსახურებაც” (ანუ პირდაპირი კონტროლი) დაევალათ.

ანდროპოვი აპირებდა მისთვის არასასურველი პარტიული მუშაკების შეცვლას,

როგორც ამბობენ შავი ღრუბლები ჩამოწვა ედუარდ შევარდნაძის თავზეც, მაგრამ ახალი გენმდივნის ფავორიტის, ჰეიდარ ალიევის და საქ. ცკ-ს ყოფილი პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით მან შეძლო სიტუაციის დროებით განმუხტვა. ამ დროს კი მძიმე ავადმყოფობის გამო ანდროპოვი გენსეკად არჩევიდან ექვსი თვის შემდეგ კრემლის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც არც გამოსულა და 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. მაშინ ბევრი პარტიული ლიდერი გადაურჩა და არა მხოლოდ მოხსნას. ამ მოვლენების შემდეგ, და 1985 წლის ივნისში სსრკ საგარეო საქმეთა მინის- ტრად დანიშვნამდე, შევარდნაძე ყველა საიდუმლო საქმეს მილიციას აკეთებინებდა.

მოსკოვში მოღვაწეობის წლებმა (1985-1990 წწ.) და იქ, უკვე საკავშირო კა-გე-ბე-ს მეთვალყურეობამ, აგრეთვე საკმაოდ დაძაბულმა ურთიერთობამ მის შეფ კრიუჩკოვთან (რომელიც, როგორც ახლა, მისი მემუარებიდან ირკვევა "პერესტროიკის პრარაბებს” - იაკოვლევს და შევარდნაძეს თავიდანვე სთვლიდა ამერიკის "გავლენის აგენტებად”), კიდევ უფრო განუმტკიცა შევარდნაძეს სიძულვილი უშიშროების ორგანოებისადმი.

ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან ზუსტად წელიწადნახევრის შემდეგ, 1993 წლის 2 ივლისს მიღებული კანონით შეიქმნა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო. ამ, ფაქტობრივად არაკონსტიტუციურ ორგანოში (თუმცა მაშინდელი ხელისუფლება მთლიანად არაკონსტიტუციური არ იყო?) ჩამოყალიბდა თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში ინსპექტორებისა და კონსულტანტების ჯგუფები, რომელთაც მთავარი მრჩევლები ხელმძღვანელობდნენ. იმ პერიოდში, როცა ქვეყანას რეალურად ტრი-უმვირატი (შევარდნაძე-კიტოვანი-იოსელიანი) მართავდა, ახლად შექმნილი ორგანო "თოთო ბავშვივით” სუსტი იყო. თანდათანობით შევარდნაძემ, ჩვეული ოსტატობით, გარს შემოიკრიბა "ძველი გვარდია” - მისი ერთგული პარტიული, კომკავშირული და სამეურნეო კადრები და საკვანძო პოსტებზე განალაგა. ნუგზარ საჯაია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. სწორედ აქედან იწყება "ნუგზარ საჯაიას ფენომენის" ჩამოყალიბება.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)